Monday, October 19, 2009

საეჭვო წყაროები, ველური განცხადებები, მკაფიო მიზანი


მიხაელ ლუდვიგი

საქართველოში ომზე ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მთავრობის მიერ კონტროლირებად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კომისიის გამოძიების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო


მოსკოვი - ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს ის ბინძური კამპანია, რაც ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წინააღმდეგ აგორდა. ოპოზიციური კოალიცია ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი პარტიის ”ახალი მემარჯვენეები"-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ მედიაში მუდმივად ამახინჯებენ ფაქტებს და მოსახლეობას ყალბ ინფორმაციას აწვდიან. მათი აზრით, ეს ობიექტური ინფორმაციის მიღების ძირითადი უფლების დარღვევაა. ”ახალი მემარჯვენეები” მოითხოვენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეწყვიტოს ტელევიზიის საკუთარი მიზნებისთვის და პროპაგანდის წარმოებისთვის გამოყენება.

”ახალი მემარჯვენეები"-ს ამ განცხადების საფუძველი სამთავრობო მედია-საშუალებებში აგორებული ანტი-გერმანული კამპანია გახდა. ის ორი კვირის წინ, ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი ”საქართველოს კონფლიქტის მიზეზების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. კომისიამ, რომლის მუშაობასაც შვეიცარელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა დაასკვნა, რომ - "საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქზე ცხინვალზე შეტევის დაწყების ბრძანება გასცა, რითაც ის წითელი ხაზი გადაკვეთა, რასაც რუსეთთან ომი მოჰყვა." სააკაშვილის განცხადებები, რომ ქართული მხრიდან ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს თითქოს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უძღოდა წინ, კომისიის აზრით არ დადასტურდა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე ევროკავშირის კომისიის შექმნის ინიციატივით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოვიდა. კომისიის შემადგენლობაში რამდენიმე მეცნიერი გერმანიიდანაც იყო, თუმცა ისინი იქ მთავრობას არ დაუნიშნავს, არამედ კომისიის ხელმძღვანელმა ტალიავინიმ თავად, საკუთარი პასუხისმგებლობის ხარჯზე შერჩია. საერთაშორისო დონეზე თბილისის პირველი რეაქცია ასეთი იყო: ანგარიში დიდწილად თითქოს ამ მოვლენებზე საქართველოს შეხედულებებს ადასტურებს, თუმცა სამწუხაროდ ის ცუდად ფორმულირებული დოკუმენტია. ქართული მხარის აზრით, დოკუმენტში რუსული აგრესიაა აღწერილია, მაგრამ მას თავის სახელს არ არქმევენ.

რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, გერმანიისა და კომისიის წინააღმდეგ კამპანია, სწორედ მასზე გათვლით დაიწყო. ქართული ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იმოწმებდა რა საეჭვო რუსულ წყაროებს, ამტკიცებდა რომ სამართლის საპატიო პროფესორი ოტო ლიუჰტერჰანდტი თითქოს ”გაზპრომ"-მა მოისყიდა. თითქოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ”გაზპრომი” მაღალ თანამდებობას დაჰპირდა, მაგრამ ამისთვის მას გამოძიებისგან მოსკოვისთვის სასურველ შედეგზე უნდა ეზრუნა. გერმანიის საელჩომ თბილისში, გერმანიის მოქალაქეების მიმართ დაუსაბუთებელი და მათი ღირსების და პატივის შემლახავი ბრალდებების ოფიციალური უარყოფა მოითხოვა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. საქართველოს მთავრობას გერმანიის მთავრობის მოთხოვნაზე არანაირი წუხილი არ გამოუთქვამს, ხოლო მის მიერ კონტროლირებად მედია-საშუალებებში საერთოდ ერთი სიტყვაც კი არ სთქვეს. ამის ნაცვლად, სააკაშვილის მმართველი პარტიის დეპუტატებმა, ეყრდნობოდნენ რა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობებს, განაცხადეს რომ თითქოს საგამოძიებო კომისიას ჩრდილი მიადგა და ამიტომ მან თავად უნდა გასცეს პასუხი მისი მისამართით არსებულ ბრალდებებს.

ქართული გაზეთი Georgian Times იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ანტი-გერმანული გამოხტომები ქართულ მედია-საშუალებებში, რომელთა კულმინაციაც ”რუსთავი 2”-ის გადაცემა გახდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შიდა პოლიტიკურ მიზნებზეა გათვლილი. გაზეთის აზრით, ამ ეტაპზე ქვეყანაში იმის მცდელობაა, რომ რუსეთთან ომის გაჩაღებაზე მმართველმა რეჟიმმა როგორმე მთლიანად მოიხსნას პასუხისმგებლობა. ”რუსთავი 2" რომელიც ”ვარდების რევოლუცი"-ის და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი არხი უნდა გამხდარიყო, ბოლო დროს მთავრობის ოფიციალური გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებს. ტელეკომპანია ”იმედი” 2007 წლის ნოემბრამდე, სააკაშვილის მიერ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე, რაც ოპოზიციის გამოსვლებს მოჰყვა, დამოუკიდებელი იყო და მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა, თუმცა დღეს ”იმედი” მთავრობის ერთგული და ხმაურიანი გუნდის წევრია. ანტი-გერმანულ კამპანიაში ამ ტელეარხმაც თავისი წვლილი შეიტანა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ოპოზიციურ პარტიას ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ხელმძღვანელობს, ეს კამპანია შეაფასა, როგორც მთავრობის ბრძოლა გადარჩენისთვის. მისი თქმით, კომისიის დამანგრეველი ვერდიქტის მიუხედავად, სააკაშვილი ყველაფრის ფასად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ის ყველა მიმართულებით ახორციელებს დარტყმებს და მისთვის სულერთია, რომ ამით საქართველო საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის ქვეშ დგება. ბურჯანაძე შიშობს, რომ ფაქტობრივად სამთავრობო საინფორმაციო საშუალებების მიერ წარმოებული ანტი-გერმანული კამპანია გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს ხანგრძლივი დროით გააფუჭებს. გაერო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და დღეს ოპოზიციური გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ, სააკაშვილს პოლიტიკურად გაკოტრებული უწოდა.

პარასკევს თბილისიდან გაჩნდა ცნობა, რომ პარლამენტში, სადაც უმრავლესობას მმართველი პარტია წარმოადგენს, დეპუტატებმა სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ იდეის მხარდამჭერთა აზრით, ომის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეს გადაუდებელ ამოცანად იქცა.

ორიგინალი