Wednesday, October 28, 2009

Facebook-ი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრი


სარა მარკუსი

საქართველოში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი და ახალი ფორუმი ის ადგილი გახდა, რომელსაც დღეს აქ საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და საპატივცემულო ინსტიტუტზე მიუტევებელი თავდასხმის ადგილად აღიქვამენ


Facebook-ი რომელიც ახალგაზრდა ქართველებში ძალიან პოპულარულია და სადაც ხშირად ქვეყნის პოლიტიკაზე, ისტორიასა და საზოგადოებრივ თემებზე აქტუალური და მრავალფეროვანი დებატები იმართება, იმ ვიდეოების სერიის გამოქვეყნების ადგილი გახდა, რომლებშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფართოდ აღიარებულ და პატივცემულ ლიდერს, კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დასცინეს. ქართველების 80%-ზე მეტი ამ ეკლესიის მიმდევარია.

ერთ-ერთ ვიდეოში მოხუცი პატრიარქი მასთან მიმსგავსებული ხმით ამბობს - ”მოდით გავერთიანდეთ და დედა მო... სააკაშვილს”. ორ დანარჩენ ვიდეოს განსხვავებული ხმა ადევს, აქედან ერთი საბავშვო სიმღერას მღერის, მეორეგან კი თბილისის ღამის კლუბში პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტის სარეკლამო ფოტოა ნაჩვენები.

YouTube-ზე ვიდეოები რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ ამ ფაქტმა ძირითადად შეუმჩნევლად ჩაიარა. აურზაური სატელევიზიო პროგრამის შემდეგ ატყდა, რომელშიც ითქვა, რომ ვიდეოებს Facebook-ზე თანმიმდევრულად თეა თუთბერიძე (რომელსაც ვიდეოები თავად არ დაუმზადებია) აქვეყნებდა, საქართველოს ლიბერალური კვლევითი ორგანიზაციის ”თავისუფლების ინსტიტუტი”-ს ანალიტიკოსი.

ეს ორგანიზაცია საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ შექმნა და ის ”ვარდების რევოლუცი”-ის 2003 წლის ქუჩის საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. დღემდე ფიქრობენ, რომ ის მთავრობასთან დაახლოებული ინსტიტუტია.

არსებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა სწორედ ამ კავშირებმა ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აფიქრებინა, რომ ვიდეოები მთავრობამ პატრიარქის დისკრედიტაციისთვის გაავრცელა. იგივე მოსაზრებას იმეორებდა სატელევიზიო პროგრამა, რომელმაც Facebook-ზე ამ ვიდეოების გავრცელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა რომ ”თავისუფლების ინსტიტუტი” ”მთავრობის მთავარი იდეოლოგია” და პატრიარქის წინააღმდეგ ”ინტერნეტ-ომი” გამოცხადდა, მაგრამ ბევრმა ქართველმა ამ ვიდეოებთან მთავრობის კავშირის შესახებ არ დაიჯერა.

რამდენიმე კვირის წინ პატრიარქმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში სააკაშვილი ირიბად გააკრიტიკა იმისთვის, რომ ის 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში ჩაება. ამ კომენტარებმა ზოგიერთს აფიქრებინა, რომ მთავრობა რელიგიური ლიდერისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს. ვიდრე ამ სადაო ვიდეოებს Facebook-ზე გამოაქვეყნებდა, თუთბერიძემ განაცხადა, რომ მისთვის პატრიარქის ეს კომენტარი ”ანტი- სახელმწიფოებრივი” იყო და იგი რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სატელევიზიო არხი, რომელმაც თავის სიუჟეტში ვიდეოები ხელისუფლებას დაუკავშირა დიდწილად პრო-ოპოზიციურად აღიქმება. ლევან გაჩეჩილაძემ, დამოუკიდებელმა ოპოზიციურმა ლიდერმა (და ქვეყანაში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ყველაზე ევანგელისტურმა მიმდევარმა) ქართულ გაზეთს განუცხადა, რომ მისი აზრით ამ ვიდეოების ამბავს ორი მიზანი ჰქონდა: იმის ჩვენება, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილი ეკლესიას სასაცილოდ აღიქვამს და მთავრობას ”შესანიშნავი ურთიერთობა” აქვს ეკლესიასთან.

სინამდვილეში საქართველოს მთავრობა საკმაოდ დამოკიდებულია ეკლესიაზე, მიუხედავად იმისა რომ ეს ის მთავრობაა, რომელმაც საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად იმუშავა რელიგიური დევნის დასრულებისა და რელიგიური გამოხატვის თავისუფლებისთვის გარანტიების შექმნისთვის, თუმცა მას მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაში ძალიან ფრთხილი მოქმედება უწევს, რადგან 2008 წელს ჩატარებული გამოკითხვებით რესპოდენტთა 87%-ს ეკლესია ყველაზე სანდო ინსტიტუტად მიაჩნია და რომლის ლიდერიც, კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთი სტატიის თანახმად სხვა რელიგიურ ჯგუფებს აღწერს როგორც ”ურწმუნოებს, რომლებიც მისი ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ”.

მართლმადიდებელი ეკლესია გადასახადებისგან გათავისუფლებულია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარის დაფინანსებას იღებს.

როდესაც მიმდინარე დისკუსია გაჩაღდა, პრეზიდენტი იძულებული გახდა განცხადება გამოექვეყნებინა, სადაც ის გმობს ვიდეოების გამოქვეყნებას, როგორც ”უმსგავსო ქმედებას, რომლის მიზანიც საზოგადოებაში განხეთქილების შეტანაა” და ადიდებს პატრიარქის პოპულარობას და მის ავტორიტეტს საქართველოში.

პატრიარქს დამცველები არ სჭირდება. ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობამ ასევე ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ვიდეოები. ერთ-ერთმა მათგანმა ”კონსერვატიული პარტი”-იდან ზვიად ძიძიგურმა ისიც კი მოითხოვა, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტი” უკანონოდ გამოცხადდეს. სასწრაფოდ შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩვენი ღირსების დამცველი მოძრაობა” რომელმაც გამოაცხადა, რომ ის პატრიარქის რეპუტაციის დასაცავად შეიქმნა.

თუთბერიძემ, რომელმაც ეს პრობლემური ვიდეოები Facebook-ზე ატვირთა, განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას არაფერი არა აქვს საერთო არც ერთ ”უნივერსტეტთან, ინსტიტუტთან და განსაკუთრებით ხელისუფლებასთან”, რომ არ არის აუცილებელი საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა მასალას ეთანხმებოდეს, თუმცა მან უკან არ დაიხია, თავი არ დაიმცირა და სთქვა, რომ ვიდეოს გამოქვეყნების დროს არავის შეურაცხყოფა არ სურდა, მაგრამ კანონის ფარგლებში ის კვლავაც მხარს უჭერს ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას.

პატრიარქის დაცინვა ან კრიტიკა, მით უფრო ისეთ ვულგარულ სტილში, როგორც ეს ამ ვიდეოებით მოხდა, ბევრი ქართველისთვის ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა და თუთბერიძეს უამრავი შეურაცხყოფის და მუქარის ტექსტი გაუგზავნეს, თუმცა, Facebook-ზე გამართულ დებატებში ორივე მხარეს ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, როგორც ”პოსტ”-ების კრიტიკოსთა, ასევე სიტყვის თავისუფლების დამცველთა შორის.

ორიგინალი