Wednesday, September 16, 2009

”საქართველო თურქულ-სომხური მოლაპარაკებებით შეშფოთებულია” - ამბობს ექსპერტი



ვერსიჰან ზიფლიოღლუ

ერევანი - ”საქართველოს აშფოთებს ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებები” - აცხადებს სომეხი ექსპერტი და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას სურს თურქულ-სომხური საზღვარი დახურული დარჩეს მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო მეზობელ სომხეთთან შეიძლება ტერიტორიული დავის წინაშე აღმოჩნდეს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ეთნიკურ სომხებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო და დასძინა, რომ საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დიდი სომხური უმცირესობა საბოლოოდ ავტონომიას მოითხოვს.


"ირანთან ერთად, საქართველო სომხეთისთვის მსოფლიოსთან დასაკავშირებელი მთავარი სატრანზიტო გზაა. სომხეთის სავაჭრო ტვირთის 70% საქართველოს სატრანზიტო მარშრუტებზე გადის. ამდენად, საქართველოს არ სურს, რომ საზღვარი გაიხსნას" - Hürriyet Daily News & Economic Review-ს განუცხადა ისტორიკოსმა და მკვლევარმა სომხეთის კვლევითი ცენტრიდან ჰაიკაცუნ ალვრსტიანმა. ”საქართველო შიშობს, რომ სომხეთის სავაჭრო ურთიერთობებში ის დაკარგავს საკვანძო როლს” - აცხადებს ალვრსტიანი - "საქართველოს მეორე შიში დაკავშირებულია იმასთან, რომ სომხეთი ენერგეტიკული ნავთობსადენების გეგმებისთვის შეიძლება ალტერნატიულ ქვეყნად იქცეს."

უახლოესი სახმელეთო მარშრუტები სომხეთისკენ და სომხეთიდან საქართველოზე გადის - ფოთის და ბათუმის შავი ზღვის პორტების და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყაზბეგი-ზემო-ლარსის გამშვები პუნქტის გავლით. ეს სასაზღვრო პუნქტი მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაყინვის შემდეგ 2006 წელს რუსეთმა დახურა.

კონფლიქტზე გაფრთხილება

საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შექმნილი სიტუაციის შედარებით, აზერბაიჯანის თვითგამოცხადებული მთიანი-ყარაბახის რესპუბლიკასთან, ალვრსტიანი კავკასიის რეგიონში შესაძლო სამხედრო კონფლიქტის დაწყებაზე გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს.

"საქართველოს მთავრობამ რეგიონში იგნორირება გაუკეთა სომხურ კულტურას, როდესაც ოფიციალურად არ სცნო სომხური ეკლესია და სკოლებში სომხური ენის სწავლება აკრძალა" - აღნიშნა ალვრსტიანმა - "თუკი უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიღებული არ იქნება, რეგიონში კონფლიქტები გარდაუვალი გახდება."

”2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის უმრავლესობას (54%) ეთნიკური სომხები შეადგენენ. სომხები, რომლებიც რეგიონში ბერძნებთან, ოსებთან და ქართველებთან ერთად ცხოვრობენ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში საკმარისად არ არიან წარმოდგენილები, განსაკუთრებით მთავრობაში” - ნათქვამია საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის 2006 წლის ანგარიშში.

”გაუცხოებას და დისკრიმინაციის განცდას ადგილობრივ სომხებსა და თბილისში ნაციონალურ მთავრობას შორის დიალოგის დეფიციტიც ემატება და ბევრი სომეხი ჩივის, რომ ისინი თავს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად თვლიან” - ნათქვამია ანგარიშში.
მთიანი-ყარაბახი აზერბაიჯანის ანკლავია, რომელიც სომხური ძალების მიერაა ოკუპირებული, მას შემდეგ რაც ექვსწლიანი კონფლიქტი დასრულდა, რომლის დროსაც 30 000 ადამიანი დაიღუპა და მილიონი - დევნილი გახდა, ვიდრე 1994 წელს მხარეებმა ზავს არ მიაღწიეს. მის ცალმხრივ დამოუკიდებლობას არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

ალვრსტიანმა განაცხადა, რომ საქართველო ჩაგრავდა არა მხოლოდ ეთნიკურ სომხებს, არამედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მცხოვრებ ყველა უმცირესობას და ამტკიცებს, რომ ოფიციალური თბილისი ადგილობრივი ეთნიკური მოსახლეობის ასიმილაციას ცდილობდა.
"ოსების და აფხაზების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასეთი ასიმილაციის მცდელობების წინააღმდეგ აჯანყების შესანიშნავი მაგალითია" - ამბობს ალვრსტიანი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე. აჯანყებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და მისმა სამხრეთ-ამერიკელმა მოკავშირეებმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს, მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება მოჰყვა.

"ჯავახეთის ეთნიკურ სომხებს, უახლოეს მომავალში შეიძლება ავტონომიური ადმინისტრაცია მოუნდეთ” - აღნიშნა ალვრსტიანმა.

ორიგინალი