Wednesday, September 16, 2009

კლინტონმა ირანის მიმართ მოთხოვნები დაასახელა



მარკ ლენდლერი

ვაშინგტონი - ”როდესაც მომავალი თვის დასაწყისში, როდესაც შეერთებული შტატები და ირანი მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან, ამერიკული დღის წესრიგის სათავეში ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ოფიციალური პირების მოთხოვნაა, არ მოხდეს ამ თემის წამოწევა” - განაცხადა სამშაბათს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდჰემ კლინტონმა

"ირანი ამბობს, რომ მას არ სურს ჩვენთან რამდენიმე საკითხის განხილვა" - ჟურნალისტებს განუცხადა ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა - "თუმცა, ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ მათთან ბირთვულ პროგრამასთან და მათ ამბიციებთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს."
მისი თქმით, შეხვედრა რომელიც პირველ ოქტომბერს გაიმართება, იმ დაპირების შესრულების საშუალებას აჩენს, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანთან კონტაქტების დაწყების შესახებ გასცა, თუმცა იგი დარწმუნებით აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანთან ხანგრძლივ და უნაყოფო დიპლომატიურ ცეკვაში არ ჩაერთვება, რის საფრთხეზეც ზოგიერთი ანალიტიკოსი საუბრობდა.

"ჩვენ ირანული მთავრობის მიმართ ილუზიები არა გვაქვს" - აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა - "იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ირანელებს პირისპირ შევხვდეთ, ავუხსნათ მათ ის არჩევანი, რომლის წინაშეც დგანან და ვნახოთ, არიან თუ არა მზად თანამშრომლობისთვის."

ირანმა განაცხადა, რომ მას სურს საკითხების ფართო სპექტრის განხილვა, მათ შორის ახლო-აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის და საერთაშორისო ბირთვული განიარაღების თემების. მას არაფერი უთქვამს საკუთარ ბირთვულ ამბიციებზე. იმავდროულად, პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ამტკიცებს, რომ მისი ქვეყანა, მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისთვის ურანის გამდიდრების უფლებაზე უარს არასდროს იტყვის.
შეერთებულ შტატებთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი. სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, შეხვედრების გამართვის სავარაუდო ადგილებად სახელდება ჟენევა, ვენა და სტამბული.

სამშაბათს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჰავიერ სოლანამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა - "ვფიქრობ, დიდი ალბათობაა, რომ არჩევანი თურქეთზე შეჩერდება."

ამ შეხვედრით, შესაძლოა ნაწილობრივ შემცირდეს ის ზეწოლა, რომელსაც ირანზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე განახორციელებენ. ამ სესიაზე მომავალ კვირას ნიუ-იორკში ჩაბრძანდებიან ბატონი ობამა, ბატონი აჰმადინეჯადი და მსოფლიოს სხვა ლიდერები. ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ირანელებს ამ კვირაშიც კი შეხვდებოდნენ.

შეერთებულმა შტატებმა უკვე შესთავაზა ირანს საკითხების "გაყინვა - გაყინვის სანაცვლოდ." ირანმა ბირთვული საწვავის წარმოების პროცესი უნდა გაყინოს, სანაცვლოდ გაერო მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გაყინავს.

მაღალჩინოსანი ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, ეს აბსოლუტურად რეალური ვარიანტია, თუმცა მომავალ თვეში დაგეგმილი შეხვედრის მთავარი მიზანი იმის განსაზღვრაა, მზადაა თუ არა ირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.

ორიგინალი