Wednesday, September 16, 2009

აშშ-მ ჩინეთი და რუსეთი მისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა



ვაშინგტონი - სამშაბათს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ სახელმწიფოების სიაში, რომლებიც ამერიკის ინტერესებისთვის ძირითად საფრთხეს ქმნიან, ირანის და ჩრდილოეთ-კორეის გვერდით, ზესახელწმიფო ჩინეთი და "ცივი ომის" დროინდელი ყოფილი მოწინააღმდეგე რუსეთიც შეიყვანა


ანგარიშში, სადაც აშშ-ს დაზვერვასთან დაკავშირებული წრეებისთვის პრიორიტეტული ამოცანების ჩამონათვალია, ჩინეთი "ბუნებრივი რესურსებისთვის დიპლომატიური ბრძოლის გააქტიურებისა და არმიის მოდერნიზაციის გამო,” გამორჩეულად ცალკეა მოხსენიებული.

"რუსეთი აშშ-ს პარტნიორად ითვლება ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ბირთვული საწვავი და ბრძოლა ბირთვულ ტერორიზმთან, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ძალისა და გავლენის დაბრუნების მიზნით, მან შეიძლება ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომლებიც აშშ-ს ინტერესებზე ნეგატიურად აისახება" - ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ.

დოკუმენტის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამორიცხული არ არის ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობა, ხოლო ირანისა და ჩრდილოეთ-კორეის კრიტიკა, რომელთა ბირთვული პოტენციალის პერსპექტივაც დასავლეთს ძალიან აშფოთებს, კიდევ უფრო გამკაცრდა.

"ირანი მისი ატომური და სარაკეტო პროექტებით, ტერორიზმის მხარდაჭერითა და აშშ-ს და მისი მოკავშირეების მოწინააღმდეგეებისთვის დამღუპველი დახმარების ტენდენციით, მნიშვნელოვანი საფრთხეა, როგორც ახლო-აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ჩრდილოეთ-კორეა აღმოსავლეთ-აზიაში მსოფლიოს ძველებურად ემუქრება, რადგან მტკიცედ განაგრძობს თავისი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების არსენალის განმტკიცებას, ამ საშუალებებს მესამე ქვეყნებს გადასცემს, გამოირჩევა არაპროგნოზირებადი ქმედებებით და ჰყავს ძლიერი შეიარაღებული ძალები" - ნათქვამია დოკუმენტში.

"ალ-ქაიდა”-ზე ტექსტის ავტორები უახლოესი ოთხი წლის პერსპექტივით ასკვნიან, რომ ის "აშშ-სა და მისი მოქალაქეებისთვის მომავალშიც სერიოზულ საფრთხედ რჩება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც."

"ოპერატიული ამოცანების" ჩამონათვალში, ზედა პოზიციები უკავიათ ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლას და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ორიგინალი