Wednesday, September 16, 2009

შეკვეცილი სიტყვის თავისუფლება



ენ აპელბაუმი

მტკიცებულება ნომერი ერთი: ყურადღებით გაეცანით წიგნს "კომიქსები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა" ("The Cartoons That Shook the World"), რომელსაც მალე იელის უნივერსიტეტი გამოსცემს. ეს 2005 წელს ერთ-ერთ დანიურ გაზეთში გამოქვეყნებული 12 კომიქსის გარშემო ატეხილი სკანდალის მეცნიერული კვლევაა
. კომიქსების ერთ-ერთი პერსონაჟი წინასწარმეტყველი მუჰამედი იყო. ავტორი იუტე კლაუსენი, ბევრ სხვა ფაქტთან ერთად, ამტკიცებს, რომ სკანდალის პროვოცირება დანიელმა იმამებმა მოაქწყვეს რომლებიც მორწმუნეებს მუჰამედის ნამდვილ გამოსახულებებთან ერთად, საგანგებოდ აჩვენებდნენ მის გაყალბებულ გამოსახულებებს - შეურაცხმყოფელი და სექსუალური კონტექსტით, მაშინ როდესაც ნამდვილი გამოსახულებები თავისი ბუნებით უწყინარი გახლდათ. ამ საკითხზე კლაუსენმა კონსულტაციები სპეციალისტებისგან მიიღო, რომლებმაც მისი ვერსია დაადასტურეს და მაინც წიგნის საბოლოო ორიგინალური მაკეტის ვერსიაში, თქვენ ვერანაირ კომიქსს ვერ ნახავთ.

მტკიცებულება ნომერი ორი - აიღეთ ჟურნალის, GQ-ს სექტემბრის ნომერი. გამოცემის სადღაც შუაგულში ღრმადაა ჩამალული სკოტ ანდერსონის სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინი: ბნელი გზა ძალაუფლებისკენ" ("Vladimir Putin's Dark Rise to Power"). სტატიაში, რომელიც უამრავ რეპორტაჟს ეფუძნება, მტკიცდება რომ რუსეთის სპეცსამსახურები მოსკოვში 2000 წლის აფეთქებების სერიაში მონაწილეობდნენ - მაშინ როდესაც ეს ტერაქტები ჩეჩენ ტერორისტებს დაბრალდათ, თუმცა GQ-ს რუსულენოვან გამოცემაში თქვენ ამ სტატიას ვერ იპოვით. სტატიას, იმ მომენტისთვის როდესაც ის დაიწერა, ვერ იპოვით ვერც GQ-ს ვებ-გვერდზე: მედია-ჰოლდინგმა Conde Nast-მა GQ-ს მფლობელმა - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა რედაქციას და ფილიალს უბრძანა ამ სტატიის ხსენებისგან თავი შეეკავებინათ.

მტკიცებულება ნომერი სამი - თუკი თქვენ ჩინურ იეროგლიფებში კარგად ერკვევით, შებრძანდით ჩინურ გუგლზე (www.google.cn) და საძიებელში აკრიფეთ სიტყვა "ტიანანმენი." პირადად მე ჩინური არ მესმის, მაგრამ სანდო წყაროებმა მაცნობეს, რომ თქვენ ვერ მოიძიებთ ვერანაირ სასარგებლო ინფორმაციას, ვერ მოიძიებთ ვერანაირ ცნობებს ვერც ტაივანზე, ტიბეტსა და დემოკრატიაზე. ეს არ არის შემთხვევითობა, 2006 წელს კომპანია Google-ი ჩინეთის მთავრობის ცენზურულ მოთხოვნებს დაემორჩილა იმის ფასად, რომ მათ ქვეყანაში მუშაობაზე ნებას დართავდნენ.

თავისი ბუნებით ეს სამი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება. იელის უნივერსიტეტმა კომიქსების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა, რადგან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საპასუხო ძალადობრივ ქმედებებს უფრთხის. Conde Nast-მა რუსული რეკლამის დამკვეთების დაკარგვის შიშით, საკუთარი სტატიის გაპიარებაზე უარი სთქვა. Google-ი არ აძლევს ჩინელებს ტიანანმინზე და სხვა აკრძალულ თემებზე ინფორმაციის მიღების საშუალებას იმის გამო, რომ ინტერნეტის ქსელში უზარმაზარი ჩინურენოვანი სეგმენტის ბაზარზე საძიებლებთან კონკურენცია სურს. მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა დოზით სინდისის ქენჯნის დემონსტრირებას სამივე კომპანია ახდენს: Conde Nast (არანაირად), იელის გამომცემლობა (დიდად) და Google (გაურკვევლად: კომპანიის დამფუძნებელი სერგეი ბრინი ამბობდა, რომ ჩინელებს მთლიანად თუ არა, მეტი ინფორმაცია მაინც უნდა მიაწოდონ).

თუმცა სამივე ამ შემთხვევიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. რუსეთის მთავრობამ, ჩინეთის მთავრობამ და გაურკვეველმა ისლამისტმა ტერორისტებმა უკვე იციან, როგორ უნდა აკონტროლონ ამერიკული კომპანიები, თანაც სხვადასხვა მეთოდებით! ჯერ კიდევ ათი წლის წინ, მსგავს რაღაცას ვერავინ წარმოიდგენდა, დღეს ცხოვრება ისეთი მშვიდი და შემოსავლიანი აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო, ხოლო სიხარბემ და შიშმა სიტყვის თავისუფლების პრინციპებისადმი ერთგულება დასძლია.

დანებდნენ რა საგარეო ზეწოლას, ამ კომპანიებმა ცხოვრება უფრო მშვიდი ვერ გახადეს ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც ვერავისთვის. Google-ი ჩინეთთან დათმობებზე ჯერ კიდევ 2006 წელს წავიდა, მაგრამ მას დღემდე ავიწროვებენ იმ საბაბით, რომ ის თითქოს პორნოგრაფიას ავრცელებს. შესაძლოა, სწორედ Google-ის დათმობები გახდა იმის მიზეზი, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ჩინეთი შეეცადა ყველა კომპანიისთვის თავს მოეხვია ვალდებულება ჩამონტაჟებული ფილტრის მქონე კომპიუტერები გაეყიდათ. ანალოგიურად, Conde Nast-ის გადაწყვეტილება მხოლოდ გაათამამებს რუსულ კომპანიებს (რომელთა დიდ ნაწილს სახელმწიფო აკონტროლებს) თავის დასავლელ პარტნიორებზე მოახდინონ ზეწოლა, რის გამოც კიდევ უფრო გართულდება მომავალში რუსეთის თემატიკაზე სადაო მასალების გამოქვეყნება, ხოლო იმის გამო, რომ ქვეყანაში ერთ-ერთმა ყველაზე პროგრესულმა იელის გამომცემლობამ დანიური კომიქსების გამოქვეყნებაზე უარი სთქვა, სხვა გამომცემლობებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ მათი გამოქვეყნება (ვაღიარებ ჩემს პერსონალურ დაინტერესებას: ვახდენ ამ გამომცემლობის ანთოლოგიის რედაქტირებას და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ მათი მისწრაფებით გახსნან საბჭოთა არქივები).
ყოველ ჯერზე, როდესაც კი მორიგი ამერიკული კომპანია არალიბერალური ძალის ზეწოლას დაჰყვება, ცხოვრება ყველასთვის უარესდება. ყოველი შესწორება, რომელიც კი კეთდება არალიბერალური გაერთიანების ან მთავრობის სასარგებლოდ, ამ გაერთიანებას ან მთავრობას აძლიერებს. ის რაც თავიდან მანკიერებისთვის უმნიშვნელო დათმობად სჩანს, მომავალში შესაძლოა რაღაც გაცილებით სერიოზული და სახიფათო აღმოჩნდეს. ეს კომპანიები ყველა სხვა დანარჩენისთვის თავისუფლად გამოხატვისა და გამოქვეყნების გზებს ართულებენ.

არ არსებობს არანაირი კანონი ან ვერდიქტი, რომელიც ამ კომპანიებს ან საერთოდ ნებისმიერ ამერიკულ კომპანიას - უცხოეთში სიტყვის თავისუფლების პრინციპების განუხრელ დაცვას აიძულებდა, მაგრამ შეიძლება ისინი საკუთარ ქვეყანაში მაინც შევარცხვინოთ. ეს სვეტიც სწორედ ამას ეძღვნება.

ორიგინალი