ნილ აშერსონი
დიპლომატიურ ხაფანგში გაბმული ქვეყნისთვის გადარჩენის საუკეთესო იმედი, ახალგაზრდა ოპოზიციური ლიდერია
”რუსებს მოსწონთ ის რაც დღეს საქართველოში ხდება.” ახალგაზრდა ქართველი, ირაკლი ალასანია, ვისაც დასავლეთში ბევრი სიამოვნებით იხილავდა პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად, ამ თვეში ლონდონში იმყოფებოდა და შეწუხებული საუბრობდა მისი ქვეყნის დიპლომატიურ უუნარობაზე.
34 წლის ალასანია უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია, გლობალური კონტაქტებით, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, სადაც ობამას ადმინისტრაცია სააკაშვილის სიჯიუტის მიმართ გაღიზიანებას არ მალავს. სამხრეთ-ოსეთის გამო რუსეთთან კატასტროფული ომიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ თავის ”ტერიტორიულ მთლიანობას” იჩემებს და ეს იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო დამოუკიდებლობა უკვე მეთექვსმეტე წელია რაც რეალობაა.
ომის დასრულებისთანავე რუსეთმა ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა, მაგრამ აწ უკვე ყოფილი ბუშის ადმინისტრაცია, ნატო და ევროკავშირი საქართველოს პოზიციებზე მტკიცედ დადგნენ. დასავლური მედია ამ ტერიტორიებს დღემდე ”აჯანყებულ ქართულ რეგიონებად” მოიხსენიებს. გასულ კვირას Guardian-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერდნენ ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და 1989 წლის რევოლუციების რამდენიმე ვეტერანი, მსოფლიოს იმაში არწმუნებდნენ რომ მათ საქართველოს ”ტერიტორიული მთლიანობა” უნდა დაიცვან. იმავე კვირას, ”სამხრეთ-კავკასიაში უსაფრთხოების” საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა - ქართული მხარე არ თანხმდება ”ძალის გამოუყენებლობის” შესახებ ხელშეკრულებას.
მაგრამ სხვაგან აფხაზეთთან დაკავშირებით პროცესი ადგილიდან დაიძრა. გასულ კვირას, ვენესუელამ, ნიკარაგუას და რუსეთს მიბაძა და აფხაზეთის შავი ზღვის პატარა ნაყოფიერი სანაპირო ზოლის დამოუკიდებლობა აღიარა. სამხრეთ-ოსეთისაგან განსხვავებით აფხაზეთს რუსეთის პროტექტორატობა არ სურს, თუმცა ის რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული.
გასულ თვეში ქართულ-აფხაზური ჩიხი საზღვაო სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქართულმა საზღვაო პატრულმა თურქული გემი დააკავა, რომელსაც აფხაზეთში საწვავი გადაჰქონდა, გემის კაპიტანს კი კონტრაბანდის ბრალდებით 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ძალიან სარიკსო ნაბიჯი გახლდათ. აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთის სანაპიროს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერები იცავდნენ. რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიული წყლების დაცვის მიზნით ზღვაში საპატრულო გემი გაგზავნა, რომელიც ამ ტერიტორიაზე გამოჩენილ ნებისმიერ ქართულ გემს დააკავებს. შავ ზღვაზე სიტუაცია იძაბება. თურქი დიპლომატები საქართველოში გადაფრინდნენ და თავიანთი კაპიტნის გათავისუფლებას მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ საქართველოს რჩევის საპირისპიროდ, ერთ-ერთმა მათგანმა მოლაპარაკებები სოხუმში, აფხაზეთის დედაქალაქშიც გამართა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რეგიონში თურქეთი ახალ პოლიტიკას იწყებს.
თურქეთს ფართო აფხაზური უმცირესობა ჰყავს, რომელსაც მისი სამშობლოს იზოლაციისგან დახსნა სურს. შეიძლება თუ არა საქართველო დაარწმუნონ იმაში, რომ მან აფხაზეთს და თურქეთს შორის რეგულარული კონტაქტების შესაძლებლობა დაუშვას, მაგალითად გემებით მიმოსვლა სოხუმის და ტრაპიზონის პორტებს შორის? მომავალში ამას შესაძლოა საქართველოს, თურქეთს და აფხაზეთს შორის ერთობლივი სტრატეგიის ჩამოყალიბება მოჰყვეს, რომლის მიზანი აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება გახდება. ეს კი თავის მხრივ, საქართველო-აფხაზეთის დაახლოებას გზას გაუხსნიდა და ”ტერიტორიული მთლიანობის” საკითხის სიმწვავეს გაანელებდა.
ირაკლი ალასანია ფაქტობრივად ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც აფხაზეთის ლიდერები პატივს სცემენ. მისი მამა დაიღუპა - ამბობენ რომ მოკლეს - 1993-94 წლების ომში, როდესაც აფხაზეთმა საქართველოზე გაიმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იგი იყო მათთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი, მან შესძლო და ყველაზე ცოტა აფხაზებს ჩარჩო ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის უარყო, ხოლო ალასანია გაერო-ში ელჩად ”განდევნა.” 2008 წლის ომამდე, ის ძალიან მცირე ხნით კვლავ ეწვია სოხუმს, იმ იმედით, რომ ახალი ურთიერთგაგებისთვის მიეღწია. ომის შემდეგ მან სააკაშვილთან კავშირი გაწყვიტა და ახლა ოპოზიციურ პარტიას ”ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს” ხელმძღვანელობს.
ლონდონში ალასანია ფრთხილი იყო. აგვისტოს ომს ის კვლავინდებურად აღწერს, როგორც ”რუსულ აგრესიას,” თუმცა ”ქართული მხარის შეცდომით,” მაგრამ ის ძველებურად დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია აფხაზებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება და მიაჩნია, რომ მათი მხრიდან სტაბილურობისა და ეთნიკური იდენტურობის დაცვის სურვილი გულწრფელია.
მაგრამ ამასობაში საქართველო ხაფანგშია. იმით, რომ არარეალურ მოთხოვნას ეკიდება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი პროვინციებია, რომლებიც უცხო ქვეყანას ოკუპირებული აქვს, საქართველომ მანევრირების თავისუფლება დაკარგა. რუსეთს პერმანენტული გამართლება ეძლევა ”ჩარევისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის” და აფხაზეთს თავს ახვევს მის ძალაუფლებას. კონფლიქტის განახლების საფრთხე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გაურკვეველი ვადით გადაიდო და პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა კვლავ დასავლეთზე, დიდწილად კი ამერიკის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
შესაძლოა ქართული უსუსურობა დიდი ზესახელმწიფოების ინტერესშია. რა თქმა უნდა, ეს აწყობს რუსეთს. ეს არის ის, რასაც ირაკლი ალასანია გულისხმობს, როდესაც ამბობს რომ რუსეთს მოსწონს ის რაც საქართველოში ხდება, მაგრამ თუკი იგი შესძლებს რადიკალურად ახალი პოლიტიკისკენ საკმარისი რაოდენობის ამომრჩევლების მოქცევას, ის შესაძლოა გახდეს კაცი, რომელიც საქართველოს ამ ხაფანგიდან გაათავისუფლებს.
ორიგინალი