Tuesday, September 29, 2009

ევროკავშირი საქართველოს ომზე ანგარიშს ელოდება



ბრიუსელი - ევროპის კავშირის დიპლომატების ინფორმაციის თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების დამდგენი კომისიის მუშაობის შედეგები ბრიუსელში ოთხშაბათს იქნება წარდგენილი

გამოძიება ევროკავშირის დავალებით ნოემბერში დაიწყო და მას უნდა შეესწავლა მოვლენების მიმდინარეობა, რომელთაც შედეგად ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთსა და ქართულ სეპარატისტულ რეგიონებს, სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს შორის ომი მოჰყვა. კომისიას სათავეში გამოცდილი შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი უდგას.

ევროკავშირის დიპლომატების ცნობით, ტალიავინი, ექსპერტი კავკასიის კონფლიქტებში, თავის ანგარიშს ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთისა და საქართველოს ელჩებსა და წარმომადგენლებს ოთხშაბათს დილით გააცნობს.

მოსალოდნელია, რომ დოკუმენტი საჯაროდ ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნდება.

იმ სპეკულაციების ფონზე, რომ ანგარიში მოსკოვსაც და თბილისსაც დაადანაშაულებს, დოკუმენტის უსაფრთხოებას მკაცრად იცავენ, რადგან მის გამოქვეყნებას შეიძლება ლოკალური პოლიტიკისთვის და საერთაშორისო დიპლომატიისთვის ფეთქებადსაშიში შედეგები მოჰყვეს.

მსგავსი სპეკულაციები მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც ტალიავინიმ ანგარიშის გამოქვეყნება ივლისის ბოლოს დათქმული ვადიდან, რაც ზუსტად ომის წლისთავს ემთხვეოდა, ორი თვით გადაავადა, მაგრამ ბოლო დროს მედია იტყობინება, რომ დოკუმენტი ალბათ დაბალანსებული იქნება და მასში ორივე მხარეს გააკრიტიკებენ.

ორიგინალი