კლიფორდ ლევი
მოსკოვი - ირანის წინააღმდეგ მიმართული უფრო მკაცრი სანქიციების დაწესების წინადადებას კრემლმა უკვე კარგა ხანია შეჭმუხნული შუბლითა და გულზე დაკრეფილი ხელებით უპასუხა. გასულ კვირას განწყობამ შერბილება იწყო და ობამას ადმინისტრაცია მიუახლოვდა დიპლომატიურ წარმატებას ირანის ბირთვული პროგრამის შეკავებისკენ მიმართულ ძალისხმევაში
მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შედარებით შემრიგებლური განცხადებების მიუხედავად, ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ ყველაფერი შესაძლოა უმნიშვნელო შედეგით დასრულდეს. რუსეთი, ირანის მეზობელი, გეოპოლიტიკურად ბევრად უფრო გადახლართულია ირანთან, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანა და გაფუჭებული ურთიერთობების გამო ბევრად უფრო მეტი შეშფოთების საბაბი აქვს.
რუსეთს არც ის უნდა, რომ ვაშინგტონის განკარგულებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი ძლევამოსილება, ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართოს. ეს იმასაც ხსნის, თუ ისტორიულად რატომ ცდილობს რუსეთი გააზავოს სანქციები ისე, როგორც ეს წინა რაუნდებში ირანთან დაკავშირებით გააკეთა.
უფრო მეტიც, კრემლმა შესაძლოა იმიტომაც იფრთხილოს, რომ გრძნობს - სამყაროში რომელშიც მას უფრო ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე საბჭოთა კავშირის არსებობისას ჰქონდა, უშიშროების საბჭოში ვეტო-ს უფლება მას საკუთარი თავისადმი ყურადღებისა და პატივისცემის უზრუნველყოფისათვის გამოადგება. თუ რუსეთი დაუყოვნებლივ დაეთანხმება ხისტი მოქმედებების მოწოდებებს, მან შეიძლება გარისკოს და კიდევ ერთ ისეთ ქვეყნად იქცეს, რომლებიც შეერთებული შტატების უკან რიგად ჩამწკრივებულან. კრემლი თითქმის დანამდვილებით არ დაუშვებს ამას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, როგორც სჩანს უკვე დაიხია უკან მედვედევის კომენტარებში გამოხატული მხარდაჭერისგან.
როდესაც ლავროვს შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პარასკევის იმ განცხადებაზე ჰკითხეს, სადაც ეს სამი ქვეყანა ამტკიცებდა, რომ ირანმა არ გაამხილა ურანის გამდიდრების საიდუმლო საწარმოს არსებობა, მისი პასუხი ასეთი იყო - ეს იმის მტკიცებულება არ არის, რომ ირანმა რაიმე ცუდი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია ახალი სანქციების აუცილებლობაზე ლაპარაკი.
”როგორც მე გავიგე, კანონიერებასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეული არ არის” - ამბობს ლავროვი.
მან ასევე დატუქსა დასავლური სახელმწიფოები იმისთვის, რომ მათ სადაზვერვო სააგენტოების მიერ ურანის გამდიდრების ირანულ საწარმოზე ადრე არაფერი შეატყობინეს.
პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რუსეთის უზენაეს ლიდერს, რომელიც შეერთებული შტატებისადმი უფრო ქორისებურ პოზიციას იკავებს, ამ ბოლო დღეებში მედვედევის პოზიციისთვის სანქციებთან დაკავშირებით, არაფრით მიუბაძავს.
მაგრამ ამ ბოლო თვეებში მთლიანად მოსკოვის დამოკიდებულება შეერთებული შტატებისადმი ერთმნიშვნელოვნად დათბა, დიდწილად პრეზიდენტ ობამას მიერ ურთიერთობების ”გადატვირთვის” სურვილის გამო, რაც საბოლოოდ შეიძლება რადიკალურ შემობრუნებად იქცეს.
ობამას გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ-ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსების ბუშისეული გეგმის გაუქმების შესახებ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ეფექტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მტკიცებით მას მხოლოდ ირანის მსგავსი ქვეყნებისგან თავდაცვა უნდოდა, კრემლი სარაკეტო სისტემას რუსეთისთვის უშუალო საფრთხედ განიხილავდა.
გასულ კვირას მედვედევმა არაერთხელ გამოხატა ობამასადმი მადლიერება, რაც ბუშის მმართველობის ბოლო წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ ურთიერთობებთან შედარებით კონტრასტს ქმნიდა. ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები მედვედევის განცხადებებს ციტირებდნენ, როგორც იმის დასტურს, რომ მათი მოსკოვთან თანამშრომლობის მცდელობა, შედეგიანი აღმოჩნდა და შესაძლოა ირანისთვის სანქციების დაწესებით დამთავრდეს.
”ირანის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ სხვადასხვა ეჭვი გვქონდა” - გასულ კვირას განაცხადა მედვედევმა. ”თუ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის ყველა საშუალება ამოიწურება, ჩვენ შეიძლება საერთაშორისო სანქციების საკითხი განვიხილოთ.”
”ხანდახან სხვა არჩევანი აღარ რჩება” - დამატებით აღნიშნა მან.
რუსეთმა განაცხადა, რომ არ სურს ირანი ბირთვულ შეიარაღებას ფლობდეს, მაგრამ მათ ასევე ცხადად ჩამოაყალიბეს ირანის ბირთვულ წარმატებებზე დასავლური შეფასებით გამოწვეული შეშფოთება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის ირანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, ის მას სამხედრო აღჭურვილობას აწვდის და ბირთვულ ელექტროსადგურს უშენებს.
ერთი რამ ცხადია, რუსეთი სანქციებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებულ პრობლემად როდი განიხილავს, არამედ როგორც ერთ-ერთს იმ რამდენიმეთაგან, რომელიც ვაშინგტონთან მისი ურთიერთობების გარშემო ტრიალებს. ის სტრატეგიულ ბირთვულ შეირაღებათა კონტროლის შემცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებებში მონაწილეობს და ჯერ კიდევ შეშფოთებით შეჰყურებს ნატო-ს შესაძლო ექსპანსიას ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოში.
თუ ეს საკითხები კრემლისთვის მოსაწონად გადაწყდება, მაშინ მკაცრი სანქციების დაწესებას ის უფრო დაეთანხმება.
”ირანი რუსეთისთვის ძალიან კარგი სავაჭრო კარტია” - ამბობს ვლადიმერ სოტნიკოვი, მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანი მკვლევარი - ”ამიტომაა, რომ არა მგონია, მოცემულ მომენტში რუსეთი დიდი ახალი სანქციებისთვის მზად იყოს.”
დინამიკას ართულებს ჩინეთიც, სანქციების წინააღმდეგ განწყობილი უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რომელსაც ვეტო-ს უფლება აქვს. კრემლი საჯაროდ სანქციებთან დაკავშირებით უფრო მეტ თავისუფლებას ამჟღავნებს, რათა ობამას მიერ აღმოსავლეთ- ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის პროექტის გაუქმების გამო გამოხატოს მადლიერება, თუმცა იცის, რომ ჩინეთი მათ შემოღებას კვლავინდებურად წინ აღუდგება.
ჩინეთი ირანთან ძალიან ინტენსიურად ვაჭრობს და მისი სკეპტიკური შენიშვნები პარასკევის იმ განცხადებების შემდეგ, რომელიც ურანის გამამდიდრებელ ახალ საწარმოს ეხებოდა იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად არ უნდა მას სანქციების დაწესება.
ამავე დროს, თუ ჩინეთი იგრძნობს, რომ რუსეთმა უფრო დამყოლი პოზიცია დაიკავა, მან შეიძლება პოზიციის ცვლილებაზეც იფიქროს, რათა იზოლაციაში არ აღმოჩნდნენ.
გასულ კვირას, ხუთშაბათის ჟენევის კონფერენციის წინ, სადაც შეერთებული შტატები და კიდევ ხუთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც ირანს უნდა შეხვდნენ, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ ირანის წინააღმდეგ გაჟღერებული კრიტიკა, ჩინეთისთვის დამატებითი ზეწოლის ფაქტორია.
ამ გარემოებებშიც კი, გასულ კვირას მოსკოვში მიცემულ ინტერვიუებში, ექსპერტები რამდენადმე ეჭვობენ, რომ კრემლი მხარს დაუჭერს ირანის წინააღმდეგ მიმართულ ძალისმიერ ნაბიჯებს, თუმცა არც ამას გამორიცხავენ.
ვლადიმერ საჟინი, სახელმწიფო რადიოსადგურის ”რუსეთის ხმის” კომენტატორი და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ირანის საკითხებში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაგება - რუსეთი ირანს რეგიონალურ კონტექსტში სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორად განიხილავს. ივნისში ირანის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მედვედევმა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს გამარჯვება მიულოცა.
ორივე ქვეყანა წარმოდგენილია კასპიის ზღვაზე და ორივეს აქვს ტერიტორიები კავკასიის მთებში (საბჭოთა კავშირი ირანს ესაზღვრებოდა, მაგრამ რუსეთი ახლა საზღვარს დაახლოებით 100 მილითაა დაშორებული, მას ირანთან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, აზერბაიჯანი აშორებს). ორივეს, რუსეთსაც და ირანსაც უნდათ რომ აღკვეთონ ნატო-ს მიერ რეგიონში ბაზების დაფუძნება.
საჟინი ამბობს, რომ რუსეთი ნასიამოვნები იყო, როდესაც ირანმა მას ჩეჩნეთში გადადგმული ნაბიჯების გამო პასუხი არ მოსთხოვა. ეს კი კავკასიის მუსულმანური რეგიონი იყო და აქ ფედერალურ მთავრობას მუსულმანური ამბოხის წინააღმდეგ ორი სასტიკი ომი ჰქონდა.
”კრემლის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ უნდა ირანთან ურთიერთობების გამწვავება რუსეთის რეგიონალური ინტერესების გამო” - ამბობს საჟინი.
საჟინის თქმით, მას არ გაუკვირდებოდა თუ მედვედევი იმაზე მინიშნებას განაგრძობს, რომ ღიაა სანქციების დაწესებისადმი, ძირითადად იმიტომ, რომ ჩინეთი პოზიციას არ დათმობს, ხოლო ირანი დავის გაგრძელების გზებს გამოძებნის.”კრემლს შეუძლია კარგად ითამაშოს, რადგან იცის, რომ ალბათ ამით არ ემუქრება” - ამბობს ის.
ორიგინალი