Sunday, September 27, 2009

რუსულ-ქართულ ომზე ევროკავშირის ანგარიშის მოლოდინში



ანგარიში, რომელიც ევროპის კავშირის დავალებით მზადდება და რომელიც 2008 წლის რუსულ-ქართული ომის გამომწვევი მიზეზების დადგენას ისახავს მიზნად, ოთხშაბათს უნდა გამოქვეყნდეს. პოტენციურად ანგარიში შეიძლება ისეთ ფეთქებადსაშიშ ცნობებს შეიცავდეს, რომელიც ევროკავშირისთვის საჩოთირო იქნება.

გუნდმა, რომელმაც მოამზადა ანგარიში და რომელსაც შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი უდგას სათავეში, ანგარიში ხუთდღიან ომზე ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებს უნდა წარუდგინოს.

პრესაში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ანგარიშმა შესაძლოა ბრალი დიდწილად საქართველოს დააკისროს, რომლის გადაწყვეტილებამ 2008 წლის აგვისტოში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებები დაეწყო, რუსეთის რისხვა გამოიწვია.

ექსპერტები და ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ანგარიში, რომელიც გასულ წელს ევროპის კავშირმა დაუკვეთა, ბრალეულობას თანაბრად გადაანაწილებს. სწორედ ევროკავშირის შუამავლობით მოხერხდა შარშან საზავო ხელშეკრულების დადება.
ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა: ”საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ წარმოუდგენელია ანგარიში ან ერთი, ან მეორე მხარის სასარგებლოდ მომზადდეს”.

რუსეთის პასუხი, მის მიერ სამხრეთ ოსეთში ტანკების გაგზავნა, ფართოდ იქნა დაგმობილი. ასევე დაიგმო მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთისა და მეორე ქართული სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

მას შემდეგ ევროკავშირმა და ნატომ ბევრი იშრომეს რუსეთთან ურთიერთობების შესარბილებლად და დღეს შექმნილი სიტუაციის ამღვრევა არავის უნდა. მოსკოვის დახმარება საჭიროა ირანის ბირთვული ამბიციების ასალაგმად და ავღანეთში მეამბოხეებთან საბრძოლველად.

მაგრამ ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს საქართველოს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. საქართველოს ნატოში, მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ალიანსში, გაწევრიანების იმედი ახლა ნაფლეთებადაა ქცეული.

ფაქტების დამდგენი კომისია 2008 წლის დეკემბერში დაფუძნდა, რათა ”გამოეძია კონფლიქტის წარმომშობი მიზეზები და მიმართულება”, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის და შესაძლო სამხედრო დანაშაულებათა კონტექსტშიც.

ანგარიში ივლისში უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტის გამოქვეყნება გადაიდო რუსეთის, საქართველოს მთავრობებისა და ორი რეგიონის დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლებებისგან მიღებული ბოლო პასუხების გამო, რომლებიც მათ დაახლოებით 100 დასმულ შეკითხვაზე გასცეს. ანგარიშის მიერ შესაძლო გართულებების გათვალისწინებით, ბევრს აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა კონფლიქტის კვლევა.

ჟაკ საპირი, ფრანგი ექსპერტი რუსეთის საკითხებში ამბობს: ”მე ძალიან პატიოსანი ანგარიშის იმედი არ მაქვს. არაფერი გამოვა, რადგან სიტუაცია უბრალოდ ძალიან სენსიტიურია”.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თანახმად, ანგარიში რომელიმე მხარის დასადანაშაულებლად არ გამოდგება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოპოვებული მასალა ”ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტების პრევენციის ჩარჩოებში. სწორედ ამ კონტექსტში ვაპირებთ მის გამოყენებას”.

საქართველოს მთავრობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ ბოლომდე ითანამშრომლა გუნდთან, რომელიც ოფიციალურად ევროკავშირისგან დამოუკიდებელია, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის ქვეყანას საგანგებოდ არ გამოყოფენ.

სააკაშვილმა გასულ კვირას ამ
რიკული სატელეზიო ქსელის CNN-ის ეთერში განაცხადა: ”ყველა, ვინც იქ იყო და იქ სერიოზული ხალხი იმყოფებოდა, ყველამ იცოდა, რაც მოხდა. საქართველო რუსეთთან კონფლიქტს ვერ დაიწყებდა. ჩვენ გიჟები არ ვართ”.

ნიკუ პოპესკუ, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ანალიტიკოსი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მოპოვებული ცნობები, ევროკავშირი, რომლის სადამკვირვებლო მისიაც საქართველოში ოპერირებს და რომელმაც გადაწყვიტა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას მიაღწიოს, ფრთხილ ნაბიჯებს გადადგამს.

”ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ევროკავშირი შეეცდება ნეიტრალური დარჩეს ამ დებატებში და ორივე მხარეს გააკრიტიკებს” - ამბობს ის, საქართველოს იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი დაბომბა, ხოლო რუსეთი იმისთვის, რომ შემოიჭრა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამბობს პოპესკუ, ”ევროკავშირი დე ფაქტო დაეთახმა საქართველოს დანაწევრებას, ისევე, როგორც იმ ფაქტს, რომ მომავალი 20-30 წლის განმავლობაში არაფრის გაკეთება შესაძლებელი არ არის”.

ნატოს ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსები, რომლებიც 2008 წელს, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ასე ძლიერი იყო, მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს პერსპექტივა ათი წლით მაინც გადავადდა.

ორიგინალი