მარკ ჩემპიონი, ჯეი სოლომონი
"საერთაშორისო დასკვნა რუსეთ-საქართველოს შარშანდელ ომზე, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება, კონფლიქტზე პასუხისმგებლობას ორივე მხარეს დააკისრებს" - ამბობს დოკუმენტის შემდგენელ ექსპერტებთან დაახლოებული წყარო.
მართალია რუსეთს და დასავლეთს შორის წარმოქმნილი "ცივი ომის" მსგავსი დაძაბულობა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მოსკოვი მეზობელ სახელმწიფოში შეიჭრა ჩაცხრა, თუმცა დიპლომატები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თამასა ყველა მხარისთვის, ვინც ამ 900 გვერდიან დოკუმენტში აღწერილ დეტალებს ელოდება, კვლავ მაღალია.
ანგარიში ცხრა თვეზე მეტი ხნის მუშაობის შედეგია და როგორც მოსალოდნელია ის ამ ომის შესახებ ყველა ძირითად კითხვას უპასუხებს. მათ შორის: დაიწყო თუ არა ომი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც 7 აგვისტოს ღამით ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა, თუ ის როგორც ამას თავად ამტკიცებდა, რუსეთის ინტერვენციას პასუხობდა; ხომ არ დაარღვია რუსეთმა საერთაშორისო კანონები, როდესაც კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩაერთო ან როდესაც ომის შემდეგ მოახდინა სხვა ქვეყნის ოკუპაცია; კანონიერია თუ არა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი სეპარატისტული ტერიტორიის - აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის - დამოუკიდებლობის აღიარება და ბოლოს, ჩადენილი იქნა თუ არა გენოციდის აქტი და სხვა ბოროტმოქმედებები.
ევროკავშირის მისიასთან დაახლოებული პირის თქმით, რუსეთიც და საქართველოც მისიასთან სრულად თანამშრომლობდნენ და მის 20 ექსპერტთან, რომელთა შორის იყვნენ ყოფილი სამხედროები, სამართლის პროფესორები და ისტორიკოსები და რომელთა წინაშეც კონფლიქტის კონკრეტული ასპექტების (ჯარების დისლოკაციიდან დაწყებული, საერთაშორისო სამართლის საკითხებით დასრულებული) ანალიზის ამოცანა იდგა.
ევროკავშირმა მისია დეკემბერში შექმნა და შვეიცარელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მუშაობდა, რომელსაც კავკასიის საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს.
მაღალჩინოსანმა ქართველმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ პარასკევს თბილისმა ქალბატონ ტალიავინს ახალი დოკუმენტები გაუგზავნა. დოკუმენტები, რომლებიც The Wall Street Journal-მა მოიპოვა, რუსეთის სასამართლოს სხდომის ოქმებისგან შედგება, რომელზეც ქურდობაზე დაკავებული ჯარისკაცის საქმე განიხილება. ოქმების საფუძველზე იმის ვარაუდი შეიძლება, რომ ჯარისკაცი სამხრეთ-ოსეთში 4 აგვისტოს გაგზავნეს, საომარი მოქმედებების დაწყებამდე სამი დღით ადრე. საქართველოს მიაჩნია, რომ ეს ოქმები ადასტურებს მის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები თავიანთ ნაწილებს სამხრეთ-ოსეთში ომამდე აგროვებდნენ, ემზადებოდნენ რა თავდასხმისთვის.
ანგარიში თავდაპირველად ივლისში უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ თარიღმა გადაიწია და ორივე მხარე მედიაში საკუთარი პოზიციის გატანას ცდილობს. 17 სექტემბერს, როგორც იქნა რუსეთმა ქალბატონ ტალიავინთან სასაუბროდ ჟენევაში რუსი სამშვიდობოების სარდალი მარატ კულახმეტოვი გაგზავნა, რომელიც ომის დაწყების დროს სამხრეთ-ოსეთში იმყოფებოდა. ტალიავინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა გენერალ კულახმეტოვთან გასაუბრებას, რომელიც ომის შემდეგ თვალთახედვიდან გაქრა.
ქალბატონი ტალიავინი ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნების ერთადერთი შემფასებელია. მისი კომისიის ბიუჯეტი 1.6 მილიონი ევროსგან (2.3 მილიონი დოლარი) შედგებოდა. მისიასთან დაახლოებულმა წყარომ ანგარიშის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ოთხშაბათს დასკვნის გამოქვეყნებამდე, მისი შინაარსის გარჩევაზე მისიის წარმომადგენელმაც უარი სთქვა.
საეჭვოა, რომ დასკვნა რომელიც კონფლიქტის სხვადასხვა ასპექტზე ორივე მხარეს პასუხისმგებლად მიიჩნევს, დასავლეთის დედაქალაქებში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს შეცვლის, რომ ომისთვის ორივე მხარე ემზადებოდა, ბატონმა სააკაშვილმა მისი ინიცირება, ხოლო მოსკოვმა კი არაადეკვატური რეაგირება მოახდინა.
და მაინც, მისიასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ექსპერტები წუხან იმის თაობაზე, რომ დასკვნები, მოწმეთა მოგროვილი ჩვენებები და დოკუმენტები ტენდენციურად შეირჩევა რათა სიტუაცია დაიძაბოს და არ დამშვიდდეს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.
უარყოფითი დასკვნა ნეგატიურად აისახება სააკაშვილის მცდელობაზე გააერთიანოს დასავლეთის მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დასაბრუნებლად და დასავლური ორგანიზაციებში ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგეს.
რუსეთს თავის მხრივ უჭირს სხვა ქვეყნები დაარწმუნოს იმაში, რომ მათ მოსკოვის მაგალითს მიბაძონ და აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარონ.
მოსკოვი ასევე ცდილობს, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების "გადატვირთვა" მისი პირობებით წარმართოს.
ორიგინალი