Thursday, September 10, 2009

მეგობრების დაკარგვაში



ჯეიქობ ჰეილბრუნი

მალე პრეზიდენტი ობამა შეიძლება გერმანიის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, რაც ავღანეთის თავსატეხს სერიოზულად გაართულებს. 2002 წელს პრეზიდენტ ბუშს სწორედ ამ ტიპის პრობლემა შეექმნა, როდესაც გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ერაყის ომის საწინააღმდეგო კამპანიის წყალობით ხელახლა აირჩიეს.
დღეს, ახალი ფედერალური არჩევნების დროს ავღანეთი საკვანძო საკითხი გახდა - კანცლერი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ანგელა მერკელი კი კენჭს მეორე ვადით იყრის

მერკელის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა ფრანც იოზეფ იუნგმა ახლახანს განაცხადა, რომ ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ქუნდუზში ჩატარებული რეიდის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ამ განცხადების გამო ის კრიტიკის ობიექტი გახდა. საქმე ისაა, რომ ბრძანება დაბომბვაზე ავღანეთში გერმანულმა სარდლობამ გასცა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ რეიდს "სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელი და სწორი" უწოდა, რასაც იუნგსა და გენერალ სტენლი მაკკრისტალს შორის სიტყვიერი შეტაკება მოჰყვა. მაკკრისტალმა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლის გამო ბოდიში მოუხადა. იმავდროულად მერკელმა პარლამენტში გამოსვლის დროს, გერმანელი სამხედროების მხარე დაიკავა.

ამას გერმანიაში აღელვება მოჰყვა. ქვეყნის შიგნით ძლიერი პაციფისტური განწყობების გათვალისწინებით, სამთავრობო კოალიცია კონსერვატორების მეთაურობით ავღანეთში საკუთარი არმიის გაგზავნის გადაწყვეტილებისკენ ნელ-ნელა იკვლევდა გზას. უდიერად ჩატარებული რეიდი ახლა გერმანელ მემარცხენეებს, რომლებიც ყოველთვის ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ, შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს დაიცვან იდეა, რომ სერიოზული მიზეზები ქვეყანას საზღვარგარეთ არმიის გაგზავნისთვის, მით უფრო თუკი მისიას აუტანელი შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს არ არსებობს. უკვე გაისმა მემარცხენეთა მოწოდებები პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევაზე, რომელზეც ავღანეთში გერმანიის როლის გადახედვის საკითხი უნდა განიხილონ.

მერკელისთვის, რომელიც უხმო გამარჯვებას იმედოვნებდა, ამაზე უსიამოვნო ახლა არაფერია. მისი კამპანიის მთელი იდეა იმას ეფუძნებოდა, რომ წინასაარჩევნო ბატალიები არ უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად, მას მოუწევს გერმანელებს კონდრად ადენაუერის 1950 წლის დევიზის მსგავსი პირობა მისცეს, რომ "არანაირი ექსპერიმენტები" არ იქნება და განაგრძოს სვლა გამარჯვებისკენ - კოალიციური მთავრობის ფორმირებით სოციალ-დემოკრატებთან ან თავისუფალ დემოკრატებთან.
თუმცა ავღანეთმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. თუკი მერკელი ხელახალ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, გასაკვირი არ იქნება რომ გერმანიის ჯარმა ავღანეთი დატოვოს. ამას დაუმატეთ იაპონიის დემოკრატიული პარტიის ფიცი, რომ ის ამერიკისგან სერიოზული დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცდება და შეიძლება ობამა საერთაშორისო არენაზე აბსოლუტურად განსხვავებული სურათის წინაშე აღმოჩნდეს, სადაც ამერიკა ორი ტრადიციული მოკავშირის მხარდაჭერის გარეშე დარჩება.

მოვლენების ამგვარი განვითარება სინამდვილეში გააღრმავებს თავად ამერიკის შიგნით ავღანეთზე არსებულ ნეგატიურ განწყობებს. რთულია იმის მტკიცება, რომ ომი კარგად მიმდინარეობს, სწორედ ამიტომაც ტრადიციული კონსერვატორებიც კი, როგორიცაა ჯორჯ უილლი იმაზე საუბრობენ, რომ ამ ყველაფრის დასრულების დროა. მოსაზრება ამგვარია - ბრძოლა ტერორისტებთან ჰაერიდან და ზღვიდან უნდა მოხდეს, მაგრამ ხმელეთზე არა.

იმავდროულად, უკმაყოფილო დემოკრატიული პარტიის ბუზღუნი სულ უფრო ხმამაღლა ისმის: სენატორები ჯეკ რიდი, კარლ ლევინი და რას ფაინგოლდი დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის წინააღმდეგ გამოდიან. New York Times-ის კოლუმნისტი ნიკოლას კრისტოფი ამბობს, რომ - "გადაწყვეტილება არ მდგომარეობს იმაში, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა მოხდეს და არც იმაში, რომ მათი რიცხვი გაორმაგდეს, როგორც სჩანს ჩვენ იქ მსუბუქი ტაქტიკა უნდა შევინარჩუნოთ, დავკმაყოფილდეთ რა ავღანური ძალების მომზადებითა და მათი დახმარებით მსხვილი ქალაქების შენარჩუნებაში, ასევე ალ-ქაიდას გადაჯგუფებისგან შეკავებით. ჩვენ ასევე მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ განათლებასა და სოფლის მეურნეობაში, რადგან ეს თალიბანიდან პუშტუნების გამოტყუებაში დაგვეხმარება."

ობამას ბოლო მხარდამჭერები შეიძლება ”ნეოკონსერვატორები” იყვნენ - უილიამ კრისტოლმა და რობერტ კაგანმა წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ავღანეთის ბრძოლებში მონაწილეობის გაძლიერებას მოითხოვენ.

მაშინ ვინ არის მართალი? უილი კრიტოფის მიდგომა ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ მართალი იყოს. უკან დაიხიეთ, უშუალოდ ცუდ ბიჭებს დაუმიზნეთ და ყველაფერი დალაგდება, თუმცა შეიძლება არც დალაგდეს. თალიბანი და ალ-ქაიდა შეიძლება გადაჯგუფდნენ. ჯორჯთაუნის პროფესორმა ბრიუს ჰოფმანმა იცის, როდესაც ამბობს რომ ამერიკული მიდგომა სწორედ ასეთი იყო 11 სექტემბრამდე და ის მარცხით დასრულდა.

მაგრამ როგორც სჩანს ევროპა გამოსავლის სტრატეგიას ეძებს. ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ავღანეთის საკითხზე გაერო-ს კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოდიან, რათა ძალაუფლების დიდი წილი ქაბულს გადაეცეს. ქაბულის მთავრობას, რომელმაც უსამართლო არჩევნებში გაიმარჯვა? ასეთი წვრილმანი ლონდონს, ბერლინს ან პარიზს არ ანაღვლებს. ძირითადად ყურადღების კონცენტრირება იმაზე მოხდება, რომ დაიწყოს 17 ათასიანი არმიის გამოყვანის პროცესი, რომლებიც ნატო-ს უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალებს განეკუთვნებიან. მაშინ, საკითხი ასე კი არ დადგება გაგზავნის თუ არა ობამა ომში დამატებით ძალებს, არამედ შემდეგნაირად: რამდენად დიდი დრო გავა მანამ, ვიდრე ის ევროპაში ამერიკის მოკავშირეებს მიბაძავს, რომლებიც ავღანური ჭაობიდან ამოსვლას ცდილობენ.

ორიგინალი