აშშ-ს პრეზიდენტს, რომელმაც ნიუ-იორკში შეკრებილ დელეგატებს განუცხადა, რომ მას მრავალმხრივი და არა უნილატერალური მიდგომა სურს, თბილად შეხვდნენ
ბარაკ ობამამ დღეს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვის დროს იმის პირობა დადო, რომ იმუშავებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად და არ იმოქმედებს ცალმხრივად ისე, როგორც ეს ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის დროს ხდებოდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებების, მშვიდობისა და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე ამერიკასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ობამამ, რომელმაც 40 წუთიანი გამოსვლის შემდეგ 2 წუთიანი ოვაცია დაიმსახურა, განაცხადა - ”ეს არ შეიძლება მხოლოდ ამერიკის ძალისხმევის საგანი იყოს.”
მაგრამ საერთაშორისო დიპლომატიისა და ეტიკეტის პრობლემები მისი სიტყვის დასრულებიდან სულ რამდენიმე წუთში წამოტივტივდა, როდესაც ლიბიის ლიდერმა მაუამარ კადაფიმ კათედრა დაიკავა და დარბაზში მყოფებმა დარბაზიდან გასვლა დაიწყეს.
შემდეგ კადაფიმ 94 წუთიანი ბუნდოვანი სიტყვა წარმოსთქვა, რამაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღის წესრიგი ქაოსი გამოიწვია - დელეგატებს სთხოვდნენ 15 წუთზე დიდხანს არ ელაპარაკათ.
აშშ-ს პრეზიდენტს, სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ის სუდანში და ახლო-აღმოსავლეთში მშვიდობისთვის ბრძოლის, გაუნტანამო ბეის გაუქმებისა და კლიმატის ცვლილების გადალახვის დაპირებას იძლეოდა, აპლოდისმენტით არაერთხელ უპასუხეს.
მისი თქმით, მან იცის მთელი მსოფლიოს მოლოდინი მისი ადმინისტრაციისადმი იმ იმედითაა განპირობებული, რომ რეალური ცვლილებები შესაძლებელია და აშშ ამ ცვლილებების მიღწევაში ლიდერი იქნება.
ბუშის ადმინისტრაციის 9 წლის მმართველობის შემდეგ, ობამა უკვე დაეთანხმა თავისი წინამორბედის მიერ უარყოფილ ბევრ პოლიტიკურ აქტივობას, მათ შორის გაერო-ს მილენიუმის ამოცანებს სიღარიბესთან დაკავშირებით, რაც იმას გულისხმობს, რომ აშშ-მ უნდა გადაიხადოს ის მილიონები, რომელიც მას მსოფლიო ორგანიზაციებისადმი მართებს.
”ის, ვინც ამერიკას მსოფლიოში მარტო მოქმედების გამო აძაგებდა, ახლა გვერდზე ვეღარ გადგება და ვეღარ დაელოდება იმას, რომ ამერიკამ მსოფლიოს პრობლემები მარტომ გადაწყვიტოს” - განაცხადა მან.
გაერო-ში წარმოთქმულ მის პირველ სიტყვაში, ობამამ ახალი მიდგომის სანაცვლოდ რაღაც მოითხოვა.
”ჩვენ სიტყვით და საქმით ვეძიებდით მსოფლიოსთან თანამშრომლობის ახალ ერას” - განაცხადა მან, გაიხსენა რა თავისი დანაპირები პრეზიდენტის კანდიდატად ყოფნის დროს.
”ახლა ჩვენთვის ყველასთვის პასუხისმგებლობის გაზიარების დრო მოვიდა.”
მან ახსენა ბუშის წინააღმდეგ არსებული მტრული დამოკიდებულება და განაცხადა - ”მე ოფისში მივედი იმ დროს, როდესაც ბევრი მთელს მსოფლიოში ამერიკას სკეპტიციზმითა და უნდობლობით შესცქეროდა... ეს კვებავდა თითქმის რეფლექსურ ანტი-ამერიკანიზმს, რასაც ძალიან ხშირად იყენებდნენ უმოქმედობის გასამართლებლად.”
პრეზიდენტმა განაცხადა - მიუხედავად იმისა, რომ ის შეერთებული შტატების ნაციონალურ ინტერესებში მოქმედებს, მას სწამს, რომ მსოფლიოს დღეს ისე როგორც არასდროს, ისტორიაში საერთო ინტერესები აქვს.
”არჩევანი ჩვენზეა” - განაცხადა მან - ”ჩვენ შეიძლება დაგვიმახსოვრონ, როგორც თაობა, რომელმაც მე-20 საუკუნის უთანხმოებები 21-ე საუკუნაში წამოიყოლა და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თაობა, რომელიც სანაპირო ზოლს, მღვრიე ტალღების მიღმა ხედავს, ერთად ცდილობს ემსახუროს კაცობრიობის ინტერსებს და საბოლოოდ შესძინოს აზრი დაპირებას, რომელიც ამ ინსტიტუციის სახელდებაში დევს: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.”
მან განაცხადა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური ამბიცია ოთხ სვეტს ეფუძნება - გაუვრცელებლობა და განიარაღება, მშვიდობის გავრცელება და უსაფრთხოება, პლანეტისა და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა, რაც ყველაფრის წინაპირობაა.
ობამას სიტყვაში ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომელთა გამკლავებაც მსოფლიომ ვერ შესძლო. ”ექსტრემისტები მსოფლიოში ტერორს თესენ. გაჭიანურებულ კონფლიქტებს ბოლო არ უჩანს” - განაცხადა მან - ”გენოციდი და მასობრივი სისასტიკეები. სულ უფრო მეტ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. ყინულოვანი საფარი დნება და მოსახლეობა ჩანაგდება. მუდმივი სიღატაკე და პანდემიური დაავადებები.”
პრეზიდენტმა დასძინა - ”მე ეს შიშის დასათესად არ მითქვამს, მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე - ჩვენი პრობლემების მასშტაბურობას შესაბამისი ქმედებებით უნდა დავუპირისპირდეთ.”
ბუშის ადმინისტრაცია, როგორც წესი, მტრულად იყო განწყობილი გაერო-სადმი და გაუცხოებული იყო ბევრ წევრთან, არსებობდა ორმხრივი ანტიპათია, რომელმაც ერაყში გაერო-ს მხარდაჭერის გარეშე აშშ-ს ეგიდით განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ იმატა.
ობამამ მსოფლიოს ბირთვული არსენალის შემცირებისკენ მოუწოდა, კორეასა და ირანს მოუწოდა არ განავითარონ ბირთვული შეიარაღება.
”დღემდე ჩრდილო-კორეისა და ირანის მთავრობები ამ სახიფათო მიმართულებით ჩვენი წაყვანით იმუქრებოდნენ” - განაცხადა მან - ”ჩვენ პატივს ვცემთ მათ უფლებებს, როგორც ერთა საზოგადოების წევრებისას. მე ერთგული ვარ დიპლომატიას, რომელიც გზას უხსნის უფრო მეტ კეთილდღეობას და უფრო უსაფრთხო მშვიდობას ორივე სახელმწიფოსთვის, თუ ისინი შეასრულებენ თავის ვალდებულებებს.”
ობამას გამოსვლა დღის მთავარ მოვლენად იქცა. ამავე დღეს მას უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრთან იუკიო ჰატოიამასთან და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან.
გუშინ ის ჩინეთის პრეზიდენტს ჰიუ ჯინტაოს შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებზე გავლენის მოხდენა სჭირდება, რათა მათ მხარი დაუჭირონ გაერო-ს უფრო მკაცრ ქმედებებს ირანის წინააღმდეგ და მას გააჩერებინონ ბირთვული იარაღის პროგრამა, მაგრამ არც ერთი ქვეყანა ამის მიმართ ინტერესს არ იჩენს.
როგორც რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება, ეს საკითხი, ალბათ, მთავარი იქნება ობამასა და მედვედევის შეხვედრაზე.
კრემლის ოფიციალურმა პირებმა გაზეთს განუცხადეს, რომ თეთრ სახლს არ მოსწონს რუსეთის განზრახვა ირანს მიაწოდოსს 300 ანტი-საჰაერო სისტემა.
”კომერსანტი”-ს თანახმად, აშშ-ს აზრით სისტემა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად აღუდგეს წინ ისრაელის შესაძლო საჰაერო თავდასხმას, მნიშვნელოვნად განამტკიცებს თეირანის სამხედრო პოტენციალს.
ობამა, ალბათ გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოსკოვმა სირიასთან სარაკეტო სისტემებისა და თვითმფრინავების MiG 29 -ის მიწოდებაზე მულტიმილიარდიანი ხელშეკრულება დადო, ხოლო ვენესუელასთან გასულ კვირას ტანკებსა და სხვა შეიარაღებასთან დაკავშირებით შეთანხმდა.
ამ დროს კი რუსული წყაროები მიანიშნებდნენ, რომ მედვედევი ობამას იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც გასულ კვირას ევროპაში აშშ-ს სარაკეტო სისტემის განთავსებაზე უარი ითქვა, ალბათ, დათმობებზე არ წავა.
მაგრამ დიპლომატები იმაზეც მიანიშნებენ, რომ რუსეთის კონტრაქტი ირანთან S-300-ს მიწოდებაზე, ”ფორმალური” შეთანხმება იყო.
იმის იმედმა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მიაღწევენ შეთანხმებას ბირთვული შეიარაღების შემცირების ახალ სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე, რომელსაც ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება, იკლო.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ობამას მმართველობისას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რუსული წყაროები ამბობენ, რომ მომავალი სამი თვის განმავლობაში მცირეა საკითხის მოგვარების პერსპექტივა.
აშშ-სა და რუსეთის მომლაპარაკებლები აქამდე ვერ შეთანხმებულან იმაზე, თუ რამდენი გამშვები სისტემა უნდა გაანადგუროს თითოეულმა მხარემ, ისევე, როგორც ვერ შეთანხმებულან ისეთ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა აღრიცხვა და ვერიფიკაცია.
მედვედევსა და ომაბას შორის შეხვედრა შეიძლება იმითაც გართულდეს, რომ ცნობების თანახმად, აშშ 2015 წლისთვის საქართველოში სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს.
რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთი იტყობინებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ”საიდუმლო” შეხვედრა უნდა ჰქონოდა.
რუსეთი, რომელიც შარშან ზაფხულს საქართველოში შეიჭრა, სასტიკად ეწინააღმდეგება თავის პოსტ-საბჭოთა სამეზობლოში აშშ-ს ნებისმიერ სამხედრო ყოფნას.
ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედინეჯადის გამოსვლაც დღესაა დაგეგმილი და ელიან, რომ მისი გამოსვლა თეირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით გამომწვევი იქნება.
ორიგინალი