Tuesday, October 20, 2009
კრემლის წესები
სარედაქციო წერილი
ჰილარი კლინტონი რუსეთში დემოკრატიაზე ღიად საუბრობს
ეს უკვე იმდენად ჩვეული მოვლენა გახდა, რომ გასულ კვირას მსოფლიომ ფაქტობრივად ვერც კი შეამჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთი გაბერილი, საბჭოთა სტილის არჩევნები გამართეს. ძველი დროის მსგავსად, მმართველმა პარტიამ ადგილობრივ ოლქებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით (დღეს ”ერთიანი რუსეთი’-ს და არა საბჭოთა კავშირის ”კომუნისტური პარტი”-ის სახელით ცნობილი) გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა, იმ დროს როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დეკორაციისთვის მხოლოდ ეპიზოდური როლის შესრულების ნება დართეს. ბატონმა მედვედევმა, რომელიც ხშირად აოცებს დასავლელ პოლიტიკოსებს დემოკრატიის მხარდამჭერი განცხადებებით, არჩევნები შეაქო და მათ ”კარგად ორგანიზებული” უწოდა, რაზეც უნდა ვაღიაროთ რომ შეედავები. ბატონმა პუტინმა, რომელიც ასეთი სენტიმენტალური არ არის, პოლიტიკოსებს, რომლებმაც კენჭისყრის შედეგები გააპროტესეს, წუწუნა ადამიანები უწოდა - ”ის ვინც აგებს, ყოველთვის უკმაყოფილოა.”
ამიტომ, სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ჰილარი კლინტონმა, რომელიც მოსკოვში სწორედ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ჩავიდა, მკვეთრად დაიცვა დემოკრატია. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრისას, რომლებიც ბატონი პუტინის რუსეთში მუდმივ ხიფათში და თავდასხმების მოგერიებაში არიან, ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა - ”პრეზიდენტ ობამასაც და მეც გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები მხარდაჭერას უცხადებს მათ, ვინც თავისუფლებას ემსახურება, ვინც სამართლიანობას და დემოკრატიას ქადაგებს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვის.”
მან ეს გზავნილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაიმეორა და სტუდენტებს უთხრა, რომ ინოვაციები რომლებზეც ასე ხშირად საუბრობს ბატონი მედვედევი ”ძირითადი თავისუფლებების, გამოხატვისა და პრესის თავისუფლების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლების” გარეშე ვერ იქნება წარმატებული. მან ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვი”-ს, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი მედია საშუალებებიდან, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელია. რადიოსთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ”ეჭვი არ ეპარება” რომ ”დემოკრატია რუსეთის ინტერესებშია და ადამიანის უფლებების პატივისცემა, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და თავისუფალი პრესა ძლიერი, სტაბილური პოლიტიკური სისტემის ინტერესებში შედის.” სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრისას, მან კონკრეტულად დაასახელა ის 18 ჟურნალისტი, რომლებიც რუსეთში 2000 წლის შემდეგ მოკლეს და აღნიშნა რომ ამ დანაშაულებიდან მხოლოდ ერთია გახსნილი. ”როდესაც მსგავსი ძალადობა დაუსჯელი რჩება, ნებისმიერ საზოგადოებაში ეს კანონის დიქტატურას ასუსტებს, ასუსტებს საზოგადოებრივ დებატებს, რაც ღია საზოგადოების სასიცოცხლო რესურსია.”
ქალბატონმა კლინტონმა იმაზე მიანიშნა, რომ მსგავსი გულახდილობა დიპლომატიურ თანამშრომლობას არ უშლის ხელს. ყველა შემთხვევაში, რუსეთის ლიდერები მაინც საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ, მაგრამ მის სიტყვებს რუსეთში იმ ადამიანების გამხნევება შეუძლია, რომლებიც გამარჯვების მცირე შანსის არსებობის მიუხედავად მაინც განაგრძობენ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას და რუსეთის მოსახლეობას იმას ახსენებენ, რომ ნაკლებად ცინიკურ მთავრობას ქვეყნისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.
ორიგინალი