Tuesday, October 20, 2009

აღმოსავლეთ-ევროპა ორიენტაციას კარგავს, დასავლეთი ფოკუსს


ბრონუენ მედოქსი

რუმინეთის მთავრობის მარცხი იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ- ევროპის საკმაოდ დიდი ნაწილი დღევანდელ დღეს მყარი მმართველობის გარეშე დარჩა. შეგიძლიათ ეს ფინანსურ კრიზისს დააბრალოთ, მაგრამ მან მხოლოდ კატალიზატორის როლი ითამაშა. კონტინენტის ამ კუთხის სტაბილურობას ჩვენ ჩვეულ მოვლენად აღვიქვამდით და ეს ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა. პრეზიდენტი ობამა დღემდე ასე ფიქრობს, რის გამოც ეს რეგიონი იმ ადგილად რჩება, სადაც უპირატესობას ჯორჯ ბუშს ანიჭებენ


გუშინ რუმინელი პოლიტიკოსები ერთმანეთს ებრძოდნენ, რათა მთავრობის მარცხის შემდეგ, რაც ორშაბათს უნდობლობის ვოტუმზე კენჭისყრას მოჰყვა, ახალი კოალიცია ჩამოეყალიბებინათ. 1989 წელს კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ, რუმინეთში მტავრობისთვის ასეთი მარცხი პირველია, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მივიჩნევთ, რომ ეს ისტორია რუმინული კოლორიტითაა სავსე. გაზაფხულზე, ჩვენ ლატვიის, უნგრეთის და ჩეხეთის მთავრობების მარცხის მოწმენი გავხდით. მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო. ჩეხეთის ეკონომიკა კარგად იმართება, თუკი მას უნგრულს ან ლატვიურს შევადარებთ, სადაც ეკონომიკა დიდწილად უცხოური ბანკებიდან სესხით აღებულ კრედიტებს ეფუძნება. იმავდროულად, ასეთი ფართო და ხანგრძლივი არასტაბილურობა ევროპის კავშირის სხვადასხვა კუთხეში შეიმჩნევა. ჩეხეთის რესპუბლიკას (რაც მთელმა ევროპამ იცის) ლისაბონის შეთანხმების ბედი ხელთ უპყრია. მართალია, შეთანხმების ზოგიერთ პუნქტზე უარის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტ კლაუსის მოთხოვნებს ანგარიში გაუწია და განაცხადა რომ ამ საკითხს ბრიუსელში გაარჩევს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გაურკევევლია მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი შეთანხმებას.

რა თქმა უნდა, ყველა ამ გადაადგილების დიდი ნაწილი ეკონომიკური პრობლემების ბრალია, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად წყვეტდნენ, მაგრამ ეს იმის შედეგიცაა, რომ ამ ქვეყნებს, რომელთა გადასვლაც ყოფილი საბჭოთა ბლოკიდან ევროკავშირში გამორჩეულად რბილი იყო, არ ჰქონდათ ნათელი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა ელოდათ მომავალში.

ბევრი სახელმწიფოსთვის ევრო დღემდე მიზანს წარმოადგენს, თუმცა როგორც სჩანს ის დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი დარჩება. დასავლეთ-ევროპაში არსებული ცხოვრების დონე, ამ ქვეყნების უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. ევროკავშირში ნაღდი ფულის რაოდენობა შეზღუდულია; კერძო კაპიტალი შეშინდა და გაიქცა, თუმცა ბოლო დროს დაბრუნებას იწყებს. შიში და ეჭვი დიდწილად სწორედ რუსეთისგან წამოსულმა აგრესიულმა ტონმა გააჩინა და ამის მიუხედავად აშშ-ს სურვილმა მოსკოვთან ურთიერთობები ”გადატვირთოს.”

იმ შემთხვევაშიც კი თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სწრაფად მოხდა ბუშის ობამათი შეცვლა, მაინც საოცარია თუ როგორ წარუმატებლად გადაწყვიტა აშშ-მ ანტი-სარაკეტო ფარის საკითხი, რომლის ელემენტების განთავსებაც თავდაპირველად პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში იგეგმებოდა. თავდაპირველად, აშშ-მ ეს ქვეყნები ამ ბაზების განთავსებაზე დაითანხმა, ხოლო შემდეგ მოულოდნელად საკუთარ გეგმაზე სთქვა უარი და ეს მთავრობები პოლიტიკურად მოწყვლად მდგომარეობაში დატოვა. როგორც სჩანს ეს ცვლილება, ირანზე ზეწოლის გაძლიერებისთვის რუსეთთან გარიგების ნაწილი იყო, თუმცა ამ კვირაში ცხადი გახდა, რომ გარიგება ჩაიშალა და რუსეთმა კვლავ ირანის დაცვა დაიწყო.

არ არის გასაკვირი, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივ აზრზე აისახება. German Marshall Fund-ის მიერ ტრანს-ატლანტიკურ ტენდენციებზე წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აშშ-სთან დაკავშირებით დასავლეთ და აღმოსავლეთ-ევროპის შეხედულებებში სერიოზული სხვაობა აჩვენა. წელს ევროპის დასავლეთი შეერთებული შტატების მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე აღმოსავლეთი, მაშინ როდესაც ადრე საპირისპირო სურათი არსებობდა. ამასთანავე, ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპა ღრმად არის დარწმუნებული, რომ გაფართოვებისა და თავდაცვის საკითხებისთვის თავის არიდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამით რუსეთის პროვოცირება არ მოხდეს, არასწორია.

წელს ეკონომიკური სხვაობა აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის მკვეთრადაა ფოკუსირებული, თუმცა განსხვავებული შეხედულებები თავდაცვის, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის იგნორირების უფლებასაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები საკუთარ თავს ვერ მისცემენ.

ორიგინალი