Thursday, October 22, 2009

იქნებ ახალი ევროპული წესრიგი ახლებურად შეფუთული ძველი წესრიგია


მერი დეჟევსკი

თურქეთი სულ უფრო ხშირად იხედება გარე სამყაროსკენ, მაგრამ ჩვენი მიმართულებით - არა


ოცი წლის წინ აღმოსავლეთ და ცენტრალურ-ევროპაში მომხდარ დემოკრატიულ რევოლუციებს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კონტინენტზე დიდი სახელმწიფოს პირველი უკანდახევა მოჰყვა. რუსული არმიის მასშტაბურმა კონტიგენტმა, რომელიც ასობით-ათასი ადამიანისგან შედგებოდა, გერმანიის გულუხვი დაფინანსების შემდეგ ბაზები დატოვა და სახლში გაემგზავრა, ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას სხვა ჯარებიც მიჰყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ იმპერიული ნოსტალგია დღემდე არსებობს, კრემლს ამ ფაქტის მიღება და ახალ რეალობასთან შეგუება მოუხდა. ის პირობითი და საკმარისად გაცვეთილი გავლენის სფერო, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ რჩება, იმის სუსტი აჩრდილია, რაც მას ადრე გააჩნდა.

ეს პირველი სერია იყო, მაგრამ მე კითხვა მებადება: ევროპიდან ომის შემდგომი უკანდახევის მეორე სერიის მომსწრენი ხომ არ გავხდით, სადაც ამჯერად გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატებია? რა თქმა უნდა, ამ უკანდახევას არა აქვს ისეთი სამხედრო და იმპერიული ხასიათი, როგორითაც რუსეთის უკუსვლა გამოირჩეოდა, რადგან ამ წლების განმავლობაში ამერიკული არმიის დიდი ნაწილი დისლოკაციის სხვადასხვა ადგილებში გადაისროლეს. ამ უკანდახევას იძულებითი ხასიათიც არ აქვს. როგორც სჩანს ის დიდწილად ინტერესის არ არსებობით არის გამოწვეული. ბარაკ ობამას პერიოდის ამერიკას სხვა თევზიც ჰყავს, რომლის დაჭერაც შეიძლება, მაგრამ ისე ხომ არ ხდება, რომ ვაშინგტონის ევროპული საუკუნე დასასრულს უახლოვდება? და თუკი ეს ასეა, რას შეიძლება ის ნიშნავდეს?

ეს კითხვები მე სტამბულში, შაბათ-კვირის შემდეგ ბოსფორის ყოველწლიურ კონფერენციაზე დავსვი, რომლის ორგანიზატორებიც ბრიტანეთის საბჭო, ევროკომისია და საგარეო პოლიტიკური კვლევების თურქული ფონდი TESEV იყვნენ. ევროკავშირისთვის ეს შეხვედრა თურქეთთან ჩვენი არც თუ მშვიდი ურთიერთობების გამოცდის საშუალება გახდა. თურქეთისთვის ის ფორუმად იქცა, რომელზეც იმ დაბრკოლებებზე შეიძლებოდა გულისწყრომის გამოხატვა, რომელსაც მას ბრიუსელი უქმნის.

მაგრამ 2007 წლის შემდეგ, როდესაც ბოლოს მე დავესწარი ამ კონფერენციას, ორი შესამჩნევი ცვლილება გაჩნდა. პირველი არის ის, რომ თურქეთი გარე სამყაროს მიმართ ძალიან აქტიურ ინტერესს ამჟღავნებს, თუმცა ამ დროს დიდწილად ჩვენი, ევროპული მიმართულებით არ იხედება და მეორე - კონფერენციაზე შეერთებული შტატები არავის უხსენებია.

განსაკუთრებით გაოცებს მეორე მომენტი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ბოსფორის წინა კონფერენციის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტიც და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც შეიცვალა. ობამას მიერ განხორციელებული ცვლილებების რაოდენობაზე დავა შეიძლება, მაგრამ შეუძლებელია მისი განზრახვების ეჭქვეშ დაყენება, ან იმ ოპტიმიზმის უარყოფა, რომლითაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს აშშ-ს უყურებს, თუმცა დისკუსიის დროს მსგავსი არაფერი განხილულა.

აშშ-ს, რომელიც სხვადასხვა პრეზიდენტების დროს ბრიუსელს მისი მუდმივი მოთხოვნით, რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ თურქეთი ევროკავშირში აღიზიანებდა, არც ერთი და არც მეორე მხარე დღეს მნიშვნელოვან პარტნიორად არ განიხილავს, ყოველ შემთხვევაში ამ დისკუსიის პროცესში ასე ჩანდა. ერთ-ერთმა თურქმა მონაწილემ ამას ასეთი ახსნა მოუძებნა: ამერიკელების პროტექცია მისი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში კონტრ-პროდუქტიული გახდა. თუკი თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მან საკუთარი პოზიციები თავად უნდა დაიცვას.

მაგრამ ევროპელებმა, ”ახალი” ევროპელების ჩათვლით, რომლებიც აშშ-ს ენთუზიაზმით სავსე მოკავშირეები გახლდნენ, ასევე უყურადღებოდ დატოვეს ამერიკა და მისი პრეზიდენტი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დღეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი (როგორც ეს უნდა იყოს) მხოლოდ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების თემად იქცა. ეს ობამას განვითარების ფაზაში მყოფ დოქტრინაში აბსოლუტურად ეწერება. ამ დოქტრინის თანახმად, ქვეყნებმა თავად უნდა განსაზღვრონ როგორი სისტემები უნდა შექმნან და თავად უნდა დაარეგულირონ მათ შორის არსებული უთანხმოებები.

და აი სწორედ აქ ჩნდება თამაშში თურქეთის ერთი შეხედვით ახალი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ორი წლის წინ ევროკავშირი იმაზე ღელავდა, ხომ არ გადაუხვევდა სეკულარიზმის ნორმებს საერო სახელმწიფოში მაშინ ახლადარჩეული სამართლიანობის და განვითარების პარტიის მთავრობა. ყველა ტიპის თურქი პოლიტიკოსი კონსტიტუციურ საკითხებში იყო ჩაფლული. დღეს ეს მთავრობა დამშვიდდა და ახალი მიმართულებით დაიძრა, მაგრამ არა იმ მიმართულებით, რომლისაც ბევრს ეშინოდა.

ის უყურებს გარე სამყაროს, უახლოეს გეოგრაფიულ გარემოცვას და კავშირებს ამყარებს მეზობლებთან. გასულ თვეში, თურქეთის და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ერთად დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და ქვეყნებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საერთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სულ მალე თურქეთი და სირია ხელს მოაწერენ შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გუქმებაზე. მალე კვიპროსთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც განახლდება. იმავდროულად, მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობები ისრაელთან, როდესაც თურქეთი ისრაელის ღაზაში შეჭრის ყველაზე შეურიგებელ კრიტიკოსთა რიგებს შეუერთდა.

ამ ყველაფერში, ევროკავშირში გაწევრიანებზე ბოლო და გადამწყვეტი განაცხადის შეტანის წინ, გემბანსა და ციხეებში ანკარას მხრიდან წესრიგის დამყარების მცდელობის დანახვაც შეიძლებოდა ან იმის დანახვა, რომ თურქეთი რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან ფლირტს და ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა: რა უფრო შედის მის ეროვნულ ინტერესებში: ევროკავშირში გაწევრიანება მთხოვნელის სტატუსით თუ რეგიონალურ ზესახელმწიფოდ გადაქცევა. რადგან, ახლო-აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ცვლილებების ქარმა დაუბერა, ასეთი თამაშის ველი კი უდაოდ ფართოვდება.

ამ რეგიონში რაღაც ძალიან ნაცნობია. ხომ არ ჰგავს ის თავისი მასშტაბებითა და კონტურებით ბოლო ამოსუნთქვის ფაზაში მყოფ ოსმანთა იმპერიას? ხოლო იმის გამო, რომ აშშ ევროპის ბედის ანაბარა მიტოვებას აპირებს, ისე ხომ არ მოხდება, რომ ახალი წესრიგის შექმნის ნაცვლად, კვლავ ვასალური დამოკიდებულებისა და ერთგული ქვეშევრდომების ძველი სისტემა შეიქმნება?თუკი ეს ასეა, მაშინ სახელმწიფოებმა პირველ რიგში უნდა აღიარონ მიმდინარე ცვლილებები და მათ ნამდვილ ბუნებაში გაერკვნენ. მეორე ჯერზე კი მათ საკუთარ თავზე უნდა აიღონ ცვალებადი და არასტაბილური საზღვრისპირა ტერიტორიების პრობლემების უფრო აქტიური და შემოქმედებითი გადაწყვეტა, ვიდრე წინა შემთხვევის დროს და ეს ყველაფერი მხოლოდ მშვიდობიანი ზომების გამოყენებით უნდა მოხდეს.

ორიგინალი