Wednesday, October 28, 2009

ველ კილმერი ფილმში, რომელიც საქართველოს ომს ეძღვნება, ჟურნალისტს ითამაშებს



თბილისი - ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი საქართველოში ჩამოვიდა - მან, კონფლიქტისადმი მიძღვნილ ჰოლივუდურ ფილმში ის ჟურნალისტი უნდა განასახიეროს, რომელიც გასული წლის რუსულ-ქართულ ომს აშუქებდა, სამშაბათს განაცხადა ფილმის თანაპროდიუსერმა

”ის მონაწილეობას მიიღებს გადაღებებში (ქართულ ქალაქ) გორში და იმ ჟურნალისტის როლს შეასრულებს, რომელიც გასული წლის ომს აშუქებს” - უთხრა AFP-ს თანაპროდიუსერმა პაპუნა დავითაიამ.

დავიათიამ უარი სთქვა როლთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებაზე და განაცხადა, რომ კილმერი საქართველოში გადაღებებზე ერთი კვირით დარჩება.
ქართული მედია სამშაბათს კილმერისა და გორში დაბომბვის დროს მოკლული, საინფორმაციო არხის RTL-ის ჰოლანდიელი ოპერატორის სტენ სტორიმანსის მსგავსებაზე ლაპარაკობდა და ვარაუდს გამოსთქვამდა იმის თაობაზე, რომ კილმერის პერსონაჟი სტორიმანსს დაეფუძნება.

გაზეთმა ”24 საათ”-მა პირველ გვერდზე ორივე მამაკაცის სურათი შედარებისთვის გამოაქვეყნა.

კილმერი, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმებში ”საუკეთესო მსროლელი” და "The Doors”, სადაც ის მომღერალ ჯიმ მორისონს თამაშობდა, ამ თვეში თბილისში გადაღებებისთვის ჩამოსული მეორე ჰოლივუდელი მსახიობია.

ამერიკელმა მსახიობმა ენდი გარსიამ, რომელიც თავისი როლისთვის ფილმში ”ნათლია, ნაწილი მესამე”, 1991 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული, გასულ კვირას რამდენიმე დღე თბილისში გაატარა, რათა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განესახიერებინა.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ფინელ-ამერიკელმა რეჟისორმა რენი ჰარლინმა აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმს იღებს.

საყოველთაოდ ცნობილი ისეთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით, როგორიცაა ”კერკეტი კაკალი 2” და ”მთამსვლელი”, ჰარლინმა სხვადასხვა ჟურნალს გასულ კვირას განუცხადა, რომ ის კონფლიქტის საფუძველზე სერიოზულ ფილმს იღებს.

ჰარლინის ფილმი ამერიკელ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მოგვითხრობს, რომლებიც ომში აღმოჩნდნენ. ჰარლინმა ასევე აღნიშნა, რომ ფილმი ”ძლიერი ანტი-საომარი განცხადება” იქნება.

საქართველოს მედიამ ფილმის მიუკერძოებლობის შესახებ კითხვები დასვა და იმაზე მიუთითა, რომ თანაპროდიუსერი დავითაია სააკაშვილის მხარდამჭერი პარლამენტარია.
საქართველო და რუსეთი ომის საკუთარი ვერსიების გავრცელებაში ეპაექრებიან ერთმანეთს. კონფლიქტის დროს რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა, რათა მოეგერიებინა სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე ქართველების კონტროლის აღდგენის სამხედრო მცდელობა.

რუსეთის ჯარმა მოახდინა ქართული ტერიტორიების ოკუპირება, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სამიზნეებს ბომბავდა მანამ, სანამ თავის ჯარის ძირითად ნაწილს სამხრეთ- ოსეთში და მეორე ქართულ მეამბოხე რეგიონში, აფხაზეთში გაიყვანდა. ეს ორი რეგიონი მოსკოვმა მოგვიანებით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
თბილისი ამტკიცებს, რომ სანამ სამხრეთ-ოსეთზე შეტევას მიიტანდა, ის რუსების ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირისპირ აღმოჩნდა, ხოლო მოსკოვი აცხადებს, რომ ის უკანონო ქართული შეტევისგან, რეგიონში რუსეთის მოქალაქეებს და მშვიდობისმყოფელებს იცავდა.

ორიგინალი