Tuesday, October 27, 2009

ევროკავშირი სამხრეთ-კავკასიასთან თანამშრომლობას განიხილავს


ატო ლობიაკი

ბრიუსელი - სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებთან წლების განმავლობაში ორმხრივი კავშირების განვითარების შემდეგ, ევროკავშირი დღეს ამ ურთიერთობებში ახალი რეგიონალური დინამიკის შეტანას ცდილობს


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც ევროკავშირის დღევანდელი პრეზიდენტობის სახელით საუბრობს, განაცხადა რომ ბლოკს რეგიონთან დაკავშირებით ”საერთო მიდგომა” აქვს და ის ცალკეული ქვეყნების ”ინდივიდუალურ მზადყოფნას” ეფუძნება.

მას შემდეგ რაც დღეს ევროკავშირსა და სამ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრების სერია გაიმართა, რომლის კულმინაციაც ერთობლივი პრეს-კონფერენცია იყო, ბილდტის შენიშვნებში აქცენტი მკაფიოდ ზოგადად რეგიონზე გაკეთდა და არა ინდივიდუალურად ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაზე.

”ვფიქრობ, ზოგადად ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს ევროკავშირსა და რეგიონს შორის” - სთქვა ბილდტმა.

რაც პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ ამ სამ ქვეყანას ერთნაირი სასტარტო პოზიციები უკავია. ევროკავშირი მათთან ახალ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყებას ნოემბერში გეგმავს. უახლოეს მომავალში ვერც ერთი მათგანი ევროკავშირის წევრობაზე რეალურად ვერ იოცნებებს, მაგრამ სამივეს თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების სფეროში ბლოკთან თანამშრომლობა ხანგრძლივ პერსპექტივაში შეუძლია.

ყველა მათგანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და მისი აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის წევრია. ეს პროექტები ტექნიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური კონტაქტების განვითარებისკენაა მიმართული.

ლიდერობის გარეშე

კულისებში, ევროკავშირის ჩინოვნიკები მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერის სტატუსით აღარ სარგებლობს. სამივე მთავრობას საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, ჰყავთ სინდისის პატიმრები და კონტროლირებადი მედია.

თუმცა, სამივე ქვეყანას ძალიან განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამაში ევროკავშირის დარწმუნებას ისინი დღევანდელი შეხვედრების განმავლობაში ცდილობდნენ.

სომხეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ბილდტს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელ კომისარს ბენიტა ფერერო-ვალდნერს შეხვდა. მისი ამოცანების სია შეზღუდულია, როდესაც საქმე ბლოკთან პოლიტიკურ თანამშრომლობას ეხება. ქვეყანა რეგიონში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეა და ის ევროკავშირისგან დიდწილად ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსურის დახმარების მიღებისკენ მიისწრაფვის.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევნისთვის ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის არსებობა ძალიან მიმზიდველია.

”ჩვენი დისკუსიის დროს, მე ასევე პირველ პლანზე წამოვწიე იმ საკითხის მნიშვნელობა, რასაც ჩვენ ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტის გამარტივებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ თავისუფალ მიმოსვლას ვანიჭებთ” - განაცხადა მან.

ევროკავშირი მიესალმება იმ შეთანხმებას, რომელიც თურქეთს და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ამ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა, მაგრამ ევროკავშირს ურთიერთობების აღდგენაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია, ეს პროცესი დიდწილად შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინიცირებული იყო.

არსებობს ევროკავშირის ექსპერტების პატარა ”საკონსულტაციო ჯგუფი”, რომელიც რამდენიმე სომხურ სამინისტროსთან მუშაობს, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, მათი გავლენა უმნიშვნელო იქნება. მას შემდეგ, რაც 2004 წელს საქართველოს სასამართლო სისტემისთვის ევროკავშირის მნიშვნელოვანმა დახმარებამ ძალიან მცირე შედეგი გამოიღო, ბლოკში რეგიონის მთავრობების გარდაქმნის შესაძლებლობაზე პესიმისტურმა განწყობამ იმატა.

”ცენტრალური საკითხი”

აზერბაიჯანი სერიოზულადაა შეშფოთებული იმით, რომ სომხეთის ჯარები მთიანი- ყარაბახის და მის მიმდებარე აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე დგანან. ელმარ მამადიაროვმა, ქვეყნის საგარო საქმეთა მინისტრმა ეს საკითხი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზეც დააყენა.

”ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ თუკი რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს, სომხეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანა ცენტრალური თემაა. ეს არის ძირითადი თემა, თუკი ჩვენ გვსურს რეგიონში რეალურ მშვიდობას და განვითარებას მივაღწიოთ” -სთქვა მან.

აზერბაიჯანს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს. ბრიუსელი თავისი ენერგეტიკული დივერსიფიკაციის გეგმებში, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირს ემყარება, ბაქოს უმნიშვნელოვანეს სუბიექტად აღიქვამს.

მაგრამ ბაქო სომხურ-თურქული ურთიერთობებით შოკირებულია და დღეს მამადიაროვს, რომელიც ევროკავშირის ბაზრებზე გაზის მიწოდების ”სხვადასხვა ვარიანტებზე” საუბრობდა, ერთხელაც არ უხსენებია ევროკავშირის ”ნაბუქო”-ს მილსადენი, რომელმაც როგორც მოსალოდნელია 2015 წლისთვის აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ავსტრიის მილსადენთან უნდა დააკავშიროს.

ევროკავშირი ძალიან მონდომებულია, რომ აზერბაიჯანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს და ამაში ის ქვეყანასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობასაც ხედავს.

იმავდროულად, საქართველო შეშფოთებულია რუსეთის მხრიდან სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის ფაქტით, რაც ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მისი მთავრობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

”ჩვენ მადლიერები ვართ ევროკავშირის, მისი ძლიერი მხარდაჭერის გამო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისადმი” - განაცხადა ვაშაძემ - ”ჩვენ ჩვენი კოლეგების ყურადღება იმ ფაქტს მივაპყრეთ, რომ რუსეთი არ ასრულებს არც ერთ ვალდებულებას, რომელიც მან ნებაყოფლობით 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აიღო” (ე.წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმება).

ევროკავშირი საკვანძო შუამავალია ჟენევის მოლაპარაკებებში თბილისს, მოსკოვს და ორ დე-ფაქტო სეპარატისტულ მთავრობას შორის. როგორც სომხეთმა, ასევე საქართველომაც, ევროკავშირთან დაკავშირებულ სურვილებში თავისუფალ ვაჭრობას და თავისუფალ სავიზო რეჟიმს პრიორიტეტული პოზიციები მიუჩინა. პოლიტიკურმა რეფორმებმა მეორე პლანზე გადაიწია, რადგან ქვეყნის სულ უფრო შეზღუდულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 200-მდე პოლიტიკური პატიმარი დააგროვა და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მედია-საშუალებები კონტროლს დაუქვემდებარა.

დღეს ვაშაძემ ევროკავშირს მისი ”იდეებისა და წინადადებებისთვის” რომელთა მიზანიც ”საქართველოს დემოკრატიის ხარისხის გაზრდაა” დიდი მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ თბილისი ამ სფეროში ბლოკის ექსპერტულ რჩევებს მაქსიმალურად გამოიყენებს.

ორიგინალი