Saturday, October 31, 2009

გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი რუსეთს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ადანაშაულებს



დუგლას ბირჩი, ელეინ ენგელერი

მოსკოვი - რუსეთის ჩრდილო-კავკასიის რეგიონიდან დაწყებული მოსკოვის ქუჩებით დამთავრებული, ისინი ვისაც ხელისუფლებასთან უთანხმოება აქვს, შეიძლება სასიკვდილო ძალადობის ობიექტად იქცნენ, ამიტომ სულ უფრო ხშირად ხდება ისე, რომ ზოგიერთი უფრო უხმაუროდ არჩევს მუშაობას, ხოლო ზოგიერთი საერთოდ უარს ამბობს ყველა თავის ძალისხმევაზე


პარასკევს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის ახალი ანგარიში რუსეთს ფართო საკანონმდებლო რეფორმებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა ზოგიერთი, ყველაზე საბაზისო უფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა სამართლიანი სასამართლო, სიტყვისა და პრესის თავისუფლება.

ამავე დროს მკვლელობათა მთელმა ნაკადმა რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”მემორიალი” და გაზეთი ”ნოვაია გაზეტა” აიძულა, რუსული რეგიონი, ჩეჩნეთი დაეტოვებინა. ”ახალგაზრდები ახლა კარგად დაფიქრდებიან, სანამ უფლებადაცვით ჯგუფებში ნებაყოფლობით დაიწყებენ თანამშრომლობას” - ამბობს ლევ პონომარიოვი, ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი.

”მიმდინარეობს უფლებადაცვითი მოძრაობის მარგინალიზაცია” - აცხადებს პონომარიოვი.

”აქტივისტების გადინება იმ დროს დაემთხვა, როდესაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაბეჯითებით ლაპარაკობდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიულ თავისუფლებათა დაცვაზე, მაგრამ მისი ოპონენტების განცხადებით, მან ძალიან ცოტა რამ გააკეთა თავისი რიტორიკის მხარდასაჭერად”.

პარასკევის გაერო-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ვერ იცავს ჟურნალისტებს, აქტივისტებს, პატიმრებს და სხვა ჯგუფებს მათი უფლებების შელახვისგან, მკვლელობებისა და წამებისგან.

ანგარიშის ავტორები, 18 დამოუკიდებელი ექსპერტი კრემლსა და პარლამენტს ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას სთხოვს, მათ შორის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მოქმედი ფართო დეფინიციის დაკონკრეტებას, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული დეფამაციის საქმეების დეკრიმინალიზაციას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ კლინიკებში იძულებით მოთავსებული ადამიანებისთვის აპელაციის შეტანის უფლების მინიჭებას.

დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ ანგარიში არ უნახავს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ანგარიშის ყველაზე მკაცრი კრიტიკა მაინც ჩეჩნეთში და ჩრდილო-კავკასიის სხვა რეგიონებში მოქმედი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ჯგუფმა ამ რეგიონში წამების, იძულებითი გაუჩინარების, უკანონო დაპატიმრებების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღსრულებული მკვლელობების შესახებ ცნობები დაიმოწმა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ქმედებებს, სავარაუდოდ სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურები ახორციელებენ, ხოლო ”დამნაშავეები, როგორც სჩანს, მათ მიერ ჩადენილ ქმედებების მიუხედავად ფართოდ სარგებლობენ დაუსჯელობით”.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის მოყვანილი კონკრეტული შემთხვევები და სტატისტიკა, მასში ნახსენებია ბევრი ჟურნალისტის და უფლედამცველი აქტივისტის მკვლელობის ფაქტი, მათ შორისაა 2006 წელს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაც. ანა პოლიტკოვსკაია, კრემლის მოწინააღმდეგე, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებსა და კორუფციას ამხელდა.

წელს ივლისში, ნატალია ესტემიროვა, რომელიც ხანდახან პოლიტკოვსკაიას გამოცემაში ”ნოვაია გაზეტა”-ში იბეჭდებოდა, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავისი საცხოვრებელ სახლთან ოთხმა კაცმა გაიტაცა. მოგვიანებით, მისი ტყვიით დაცხრილული ცხედარი მინდორში იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუპატიმრებიათ.

ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ ”ნოვაია გაზეტა” ფიქრობს, რომ არა აქვს უფლება ჩეჩნეთში მივლინებით, ვინმე ასეთი რისკის ქვეშ დააყენოს, ამას წინათ ჟურნალისტებს განუცხადა გაზეთის რედაქტორის მოადგილემ სერგეი სოკოლოვმა.

ამავე დროს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და PEN American ცენტრმა, ხუთშაბათს მედვედევს წერილით მიმართა და მას ესტემიროვას მკვლელობაში დამნაშავე პირების გასამართლება მოსთხოვა.

წერილში ნათქვამია, რომ ესტემიროვამ ”თავი მოუყარა ბევრ დასაგმობ შემთხვევას, რომლებიც ჩეჩენ ხელისუფალთა, კონკრეტულად კი ადგილობრივი პრეზიდენტის რამზან კადიროვის შეიარაღებული რაზმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უკავშირდება”. ანგარიშში ნათქვამია, რომ ესტემიროვა 2000 წლის შემდეგ რუსეთსი მე-18 ჟურნალისტია, რომელიც ”უშუალოდ მათ მიერ გაწეული საქმიანობის საპასუხოდ” მოკლეს. აქვეა ნათქვამი, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, ისინი ვინც მკვლელობის განკარგულება გასცა, გაექცა მართლმსაჯულებას.

ჩრდილო-კავკასიის გარეთ, დანარჩენ რუსეთში ჟურნალისტებისა და აქტივისტების მკვლელობათა ფაქტების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. ”ვეტერან უფლებადამცველ აქტივისტთა უმეტესობა ისევ მუშაობს” - ამბობს პონომარიოვი, მაგრამ ძალადობის შიშმა ბევრ ახალგაზრდა ვოლონტიორს აიძულა წასულიყო, არადა ოდესღაც ისინი ხელს უწყობდნენ მოძრაობის განვითარებას.

”ჩვენ ვერ ვზრდით მოხალისეთა რაოდენობას, რადგან მშობლებმა შეიძლება ამ ახალგაზრდა ადამიანებს უთხრან - ეს საშიშია, არ გააკეთო” - ამბობს პონომარიოვი.

მწერალი და ჟურნალისტი იულია ლატინინა ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მკვლელობები უფლებადაცვითი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის ”მართლაც კატასტროფული იყო”, მაგრამ მისი თქმით, ძალადობრივ შემთხვევებში არ იყო სწორი კრიმინალური ბანდებისა და ძლევამოსილი რეგიონალური პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლიდან გამოსულები არიან, რუსეთის ფედერალური მთავრობის თანამონაწილეობაზე ეჭვის მიტანა.

”მკვლელობათა ნაკადს თავისთავად არაფერი აკავშირებს სახელმწიფოსთან, მაგრამ საქმე იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც შეიძლება გაექცნენ მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას”.
ლატინინას მაგალითად ჟურნალისტისა და აქტივისტის მაქშარიფ აუშევის სულ ბოლოდროინდელი მკვლელობა მოჰყავს, რომელსაც ინგუშეთის, ძალადობით დაღდასმული რუსული რეგიონის დღევანდელ პრეზიდენტთან ახლო კავშირები ჰქონდა. კავკასიის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მანქანით მიმავალი აუშევი მეორე მანქანიდანჩაცხრილეს.

ლატინინას თქმით ის სატელევიზიო გამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკლეს. რუსეთის ტელევიზიით ამ გამოსვლისას ის ინგუშეთის წარსულ ადმინისრაციას კორუფციაში სდებდა ბრალს და ლატინინას ეჭვით, სწორედ ეს შენიშვნები შეიძლება გამხდარიყო მისი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი.

გაერო-ს ანგარიშს მხოლოდ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე არ შეუჩერებია ყურადღება. ჯგუფი რუსეთს, საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ-ოსეთში მშვიდობიან მოქალაქეებზე შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების თავდასხმების გამოც აკისრებს პასუხისმგებლობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს შეეძლო ამ თავდასხმების შეჩერება და მოსკოვს მოსთხოვა გამოძიება.

ანგარიში მთავრობას მოუწოდებს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულების და რასობრივად მოტივირებული თავდასხმების გამოც მიიღოს კონკრეტული ზომები.

ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ლესბოსელებზე, ჰომოსექსუალებსა და ბისექსუალებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, არსებობს ინფორმაცია, რომ მათ დევნაში პოლიციაც მონაწილეობს. ანგარიში შეშფოთებას გამოსთქვამს რუსეთში ”სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სხვადასხვა პირთა სისტემატური დისკრიმინაციის გამო”.

1990-იანი წლებიდან რუსეთში ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულია, მაგრამ ბევრი რუსი მთელი ძალით უპირისპირდება ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველ დემონსტრაციებს. მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის ცნობილი მტერია და ყოველთვის ბლოკავს დედაქალაქში გეი-მარშების ჩატარების მცდელობას.

გაერო-ს საექსპერტო ჯგუფმა ხუთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში შეაფასა ის, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყანაში არსებული ვითარება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებას. ჯგუფმა ინფორმაცია გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიიღო.

ორიგინალი