Sunday, October 18, 2009

აშშ-მ პოლონეთს განუცხადა, რომ მან შეიძლება სარაკეტო ფარის ახალ ელემენტებს უმასპინძლოს



აშშ-ს მაღალი რანგის ჩინოვნიკმა პარასკევს პოლონეთს განუცხადა, რომ ის შეიძლება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ევროპის სარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმის ფარგლებში, ინტერცეპტორების განთავსების ერთ-ერთ ადგილად იქცეს

პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ჯერ კიდევ მძიმედ განიცდიან ობამას იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბუშის ეპოქის გეგმაზე უარი ითქვა. ამ გეგმის ფარგლებში ირანის მხრიდან შორი დამიზნების რაკეტებით შესაძლო შეტევისგან თავდასაცავად მათ ტერიტორიებზე სარაკეტო ფარის ელემენტები უნდა განთავსებულიყო.

ახალი პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონი ჯერ საზღვაო ინტერცეპტორებს განათავსებს, ხოლო მეორე ეტაპზე მიწისზედა სისტემებს, რომელშიც შევა SM-3. ეს დანადგარი მოკლე და საშუალო დამიზნების რაკეტებისთვისაა გამიზნული.

”პოლონეთი შეიძლება ორი მიწისზედა SM-3-იდან ერთ-ერთის განთავსების ადგილად იქცეს, რა თქმა უნდა, პოლონეთის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში” - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ.

ვერშბოუმ პოლონეთის ოფიციალურ პირებს ახალი სტრატეგიის დეტალები გააცნო. ეს სტრატეგია უფრო მოქნილი იქნება, ვიდრე ბუშის გეგმა და ნაწილობრივ ითვალისწინებს რუსეთის შეშფოთებას მისი ტერიტორიის სიახლოვეში მუდმივმოქმედი შორი დამიზნების სისტემების ინსტალირების გამო.

”ამერიკელებმა წარმოადგინეს ძალიან დეტალური ინფორმაცია სისტემის არქიტექტურის ევროპული სეგმენტის შესახებ” - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტანისლავ კომაროვსკიმ.

”ახალი სისტემა უფრო ეფექტურია, თუ დღევანდელ და იმ საფრთხეებს გავითვალსიწინებთ, რომლებიც მომავალ წლებში გამოჩნდება.”

ნატო-ს წევრის, პოლონეთის შეშფოთების მთავარი ობიექტი სარაკეტო სისტემის რომელიმე სახეობა არ ყოფილა. საქმე უფრო ეხებოდა აშშ-ს იმპლიციტურ ვალდებულებას დაეცვა ქვეყანა, რაც მის მიწაზე ამერიკული აღჭურვილობის განთავსებით იგულისხმებოდა.

პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გამოხატა კიდეც შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში სულ უფრო აგრესიულმა რუსეთმა შესაძლოა ობამას მიერ ბუშისეული სარაკეტო ფარის უარყოფა სისუსიტის ნიშნად მიიჩნიოს.

პატრიოტები

ბევრი პოლონელი, რუსეთს დღემდე, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში მათი ბატონი იყო, პოტენციურ საფრთხედ განიხილავს, განსაკუთრებით საქართველოსთან გასული წლის ომის შემდეგ.

კომაროვსკიმ ამ განწყობით დაადასტურა აშშ-ს სარაკეტო ბატარეის ”პატრიოტი"-ს პოლონეთში განთავსების გეგმა, რაც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს.

”ისინი შეიარაღდებიან და აღიჭურვებიან ელემენტებით, რომლებიც პოლონური თავდაცვის სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნიან” - განაცხადა მან.

ამ შეთანხმების თანახმად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში შედგა, 100-მდე რაკეტით შეიარაღებული ბატარეა ყოველ წელიწადს მოკლე პერიოდებით განთავსდება პოლონეთში 2011-წლამდე, რათა შესაძლებელი გახდეს პოლონური ჯარისა და თავდაცვითი სისტემის მომზადება და გაწვრთნა.

"ბატარეა პოლონეთში პერმანენტულად 2012-წლიდან დადგება" - ამ წლის დასაწყისში განუცხადა "როიტერ"-ს კომაროვსკიმ.

პოლონეთის და აშშ-ს ოფიციალური პირები ახლა ცდილობენ განსაზღვრონ ჯარის სტატუსთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს პოლონეთში აშშ-ს ნებისმიერი სამხედრო პერსონალის განთავსების ლეგალურ ასპექტებს.

ყოველდღიურ გაზეთ Dziennik-ში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმებას მომავალ კვირას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის წინ მიაღწევენ, რომელიც ოთხშაბათს უნდა შედგეს.

მიუხდავად იმისა, რომ რუსეთი თავდაპირველად მიესალმა ობამას მიერ ბუშისეული გეგმის უარყოფას, რადგან ის ამ გეგმას თავისი დიდი ბირთვული არსენალის ნეიტრალიზების შესაძლო მცდელობად აღიქვამდა, ახლა მოსკოვი სულ უფრო შფოთავს ახალი გეგმის გამო.

ხუთშაბათს მოსკოვმა შეშფოთება გამოსთქვა იმის გამო, რომ აშშ პოლონეთის მეზობელ უკრაინასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, იქ სარადარო სადგურის გამოყენების შესახებ.