ბრიუსელი - არასამთავრობო ორგანიზაციამ ”რეპორტიორები საზღვრებს მიღმა ორშაბათს (20 ოქტომბერს) მისი ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, განსაკუთრებით სლოვაკეთში, იტალიასა და ბულგარეთში
სლოვაკეთმა წელს ევროკავშირის დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე სერიოზული ვარდნა აჩვენა. მან 2008 წელთან შედარებით 37 პოზიციით დაიწია, ეს კი ”მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაობაში სახელმწიფოს ჩარევის” და იმ კანონის მიღების შედეგია, რომელმაც პრესაში საპასუხო რეაქციის ავტომატური უფლება შემოიღო.
ინდექსის შემდგენელები 175 ქვეყანას ქულებით 0-დან 115,50-მდე აფასებენ. 0 საუკეთესო შეფასებაა და პირველ ადგილს რეიტინგში დანია, ფინეთი, შვედეთი, ირლანდია, ესტონეთი და ნორვეგია ინაწილებენ. 115,50 კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც ერითრეამ მიიღო.
რეიტინგი და ინდექსი 40 კრიტერიუმის მიხედვით შედგენილ კითხვარს ეფუძნება, სადაც ისეთი მაჩვენებლები შედის, როგორებიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა, თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური თავდასხმები, ცენზურა, ტირაჟების კონფისკაცია, ჩხრეკა და თვალთვალი. ინდექსში გათვალისწინებულია ასევე დაუსჯელობის ხარისხი, რომლითაც სარგებლობენ ისინი, ვინც პრესის თავისუფლების დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები.
ევროკავშირის წევრებში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს ბულგარეთმა, რომელიც 68-ე ადგილზე აღმოჩნდა, რუმინეთმა (50-ე ადგილი) და იტალიამ (49-ე ადგილი).
”რეიტინგების ვარდნა ბულგარეთში, ასევე იტალიაში, რომელმაც ევროკავშირის ექვსი დამფუძნებელი ქვეყნიდან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, ორგანიზებული დანაშაულის საქმიანობით და ჟურნალისტებზე ზეწოლით აიხსნება” - ნათქვამია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს დასკვნაში.
”მედიის დევნა სილვიო ბერლუსკონის მხრიდან, მაფიის ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც მათ ქმედებებს ამხელენ, ასევე კანონპროექტი, რომელიც არსებითად ზღუდავს პრესის შესაძლებლობებს სანქცირებული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერების გამოქვეყნებაზე - ეს ყველაფერი ხსნის იტალიაში რეიტინგის ასეთ ვარდნას უკვე ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში.”
ჟურნალისტებს იტალიასა და ესპანეთში კვლავ ემუქრებათ ფიზიკური ძალადობის საფრთხე, ასევე ევროკავშირს წევრობის კანდიდატ-ქვეყანაში ხორვატიაში, სადაც 2008 წლის 23 ოქტომბერს ასაფეთქებელი საშუალების ამოქმედების შედეგად ყოველკვირეული გამოცემის Nacional-ის მფლობელი და კომერციული დირექტორი მოკლეს.
რეიტინგში 8 პოზიციით დაიწია საფრანგეთმა, რაც გამოწვეულია სასამართლო ძიებებით, ჟურნალისტების დაპატიმრებებითა და მედია-საშუალებების რედაქციებში მოწყობილი ჩხრეკებით, ასევე მათ საქმიანობაში ცნობილი პოლიტიკოსების ჩარევით, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ჩათვლით.
”შეშფოთებას იწვევს ის, რომ ისეთი ევროპული დემოკრატიები, როგორებიც საფრანგეთი, იტალია და სლოვაკეთია მუდმივად, წლიდან-წლამდე რეიტინგებში პოზიციებს კარგავენ” - აცხადებს ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს გენერალური მდივანი ჟან-ფრანსუა ჟულიარი, ”ევროპა სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. როგორ შეიძლება გმობდე ადამიანის უფლებების დარღვევას სხვა ქვეყნებში, თუკი საკუთარ სახლში სამაგალითოდ არ იქცევი?”
ინდექსი იტალიელი პრემიერის მისამართით მორიგი კრიტიკის საშუალებად იქცა, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ოთხშაბათს ევრო-პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს გაზეთების მიმართ ბერლუსკონის მრავალრიცხოვან საჩივრებს, რომლებიც მის სექსუალურ სკანდალებზე სტატიებს და ფოტოებს აქვეყნებდნენ.
მემარჯვენე ცენტრისტული ევროპული სახალხო პარტია (ესპ), რომელსაც ევრო-პარლამენტში დღეს მსხვილი წარმომადგენლობა აქვს, შეეცადა დაებლოკა ან შეეცავალა ეს რეზოლუცია და არგუმენტად ზოგადად ევროპაში და არა მხოლოდ იტალიაში შექმნილი სიტუაცია მოიყვანა. ბერსლუსკონის პარტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანია ესპ-ეს ფრაქციის შემადგენლობაში, ამტკიცებს რომ კრიტიკას პოლიტიკური ხასიათი აქვს და ის მემარცხენე იტალიური ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული.
სამშაბათის მდგომარეობით, რეზოლუციის პროექტის ტექსტში რჩებოდა მოწოდება იტალიის პრემიერის მიმართ უარი თქვას სასამართლო პრეტენზიებზე და ”დაკავდეს იმ ანომალიური მოვლენების აღმოფხვრით, რომლებიც ინტერესთა განსაკუთრებულ კონფლიქტს წარმოადგენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ ხელისუფლებას და მედია ხელისუფლებას შორის.” ეს პირდაპირი მინიშნებაა დიდ მედია-ჰოლდინგებზე, რომლებიც ბერლუსკონის ეკუთვნის.
ევროპული სახალხო პარტიის ფრაქცია, როგორც სჩანს ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას ან შესწორებებს შეიტანს დოკუმენტში, მიუთითებს რა სხვა ქვეყნებზე, სადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მემარცხენე პოლიტიკოსების ხელშია კონცენტრირებული.
რუსეთი ბელორუსზე უარესია
მედიის თავისუფლების ინდექსში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი პირველად აღმოჩნდა ბელორუსის ქვევით. ეს ჟურნალისტების და აქტივისტი-უფლებადამცველების მკვლელობებით აიხსნება. დაბრუნდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ცენზურა, ასევე ”რეპორტიორებისთვის აკრძალული თემები,” დამნაშავეებს კი რუსული სასამართლოების არ ეშინიათ.
”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” იუწყება, რომ პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გაუარესდა, საქართველოს გამოკლებით (81-ე ადგილი) და ნაკლებად ბელორუსში (151-ე ადგილი). ამ ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირთან დიალოგის განახლების ფარგლებში ჯერ კიდევ ძალიან ფრთხილად და შეზღუდულად, მაგრამ პრესასთან ურთიერთობების გაუმჯობესება მაინც დაიწყო.
საქართველოს პოზიცია 39 პუნქტით ამაღლდა, ”რადგან ის შეფასების პერიოდში ომს არ აწარმოებდა,” უფრო სწორედ 2008 წლის პირველი სექტემბრიდან 2009 წლის 31 აგვისტომდე და მაინც ”პოლიტიკური დაძაბულობა” ამ კავკასიურ ქვეყანაში მოვლენების გაშუქებაზე ახდენს გავლენას.
ორიგინალი