Saturday, October 24, 2009

საქართველო: ჰოლივუდი რუსეთთან ომზე ფილმის გადასაღებად თბილისში გადმოვიდა


გიორგი ლომსაძე და სოფია მიზანტე

20 ოქტომბერს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმის სცენების გადასაღებად ჰოლივუდმა თბილისის ცენტრი დაიპყრო. მთავრობამ გადამღებ ჯგუფს რეკვიზიტებად ტანკები დაუთმო. ფილმში ერთხელ ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს


მოვლენების ჰოლივუდური ვერსია, გაცილებით მომხიბვლელი ჩანს, ვიდრე რეალური კონფლიქტი, რომელიც აქ შარშან იყო. პარლამენტის წინ ღამის აქციაზე უამრავი ქართველის მხრიდან დროშების ფრიალისა და პლაკატების ფონზე ”Stop Russia” გარსია სააკაშვილის მსგავსად მხარდამჭერების წინაშე მგზნებარე სიტყვას წარმოსთქვამს. ”დღეს ოკუპანტთა ძალები კარს მოგვადგნენ!” - გამოაცხადა გარსიამ ცუდი ქართული აქცენტითა და ხმით, რომელიც მისი ერთ-ერთი პერსონაჟის ვინსენტ მანჩინის ხმას ჰგავდა ფილმიდან ”ნათლიმამა” მესამე ნაწილი. სცენა 2008 წლის 12 აგვისტოს გამეორება გახლდათ, იმ მიტინგის, რომელსაც იმ დღეს საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში საგანგებოდ ჩამოსული უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ფილმის თანა-პროდიუსერის დავით იმედაშვილის ცნობით, არსებობს მოლოდინი, რომ ფილმის წარმოებას უოლ კილმერიც შეუერთდება, რომლის აქტივშიც ისეთი ფილმებია, როგორებციაა Top Gun და Batman Forever, თუმცა ის რა როლს ითამაშებს ჯერ განსაზღვრული არ არის, დასძინა იმედაშვილმა.

ფილმს ჯერ არა აქვს სახელწოდება, მაგრამ ცნობილია რომ ის ამერიკელი ჟურნალისტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი განასახიერებს. როგორც EurasiaNet-ს ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა უამბეს, საქართველოში ჟურნალისტი ერაყიდან ჩამოდის, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ კავკასიაში შეიძლება სამხედრო კონფლიქტი გაჩაღდეს. ფილმის რეჟისორი რენი ჰარლინია, ფილმის ”კერკეტი კაკალი 2”-ის რეჟისორი.

ამერიკელი მსახიობი ჯონატონ შეკი (Doom Generation) ქართველ ჯარისკაცს განასახიერებს, რომელსაც ჟურნალისტების დახმარება სურს და მათ ომზე ”სიმართლეს” უყვება.

მაგრამ ეს სიმართლე მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. საქართველოს მთავრობა, რომელიც დღემდე მოსკოვთან ”პიარ” ბრძოლაშია ჩართული, ფილმის წარმოებას სამხედრო აღჭურვილობითა და საბრძოლო სცენებისთვის პერსონალით ამარაგებს.

შარშან, რუსეთის პირველმა არხმა რეგიონისადმი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული, ომზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმით მიიპყრო, სადაც ამერიკელი ენტომოლოგი ყველა ძალას ხმარობს, რომ როგორმე ქართულ თავდასხმას გადაურჩეს. ჰარლინის კინო თბილისს მოსკოვთან ანგარიშის გათანაბრებაში ეხმარება.

”სამხედროებმა ვერტმფრენები, ტანკები და ყველა ტიპის აღჭურვილობა მოგვაწოდეს” - EurasiaNet-ს გადამღები ჯგუფის წევრმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რადგან ის პრესასთან საუბარზე არ იყო უფლებამოსილი.

სამთავრობო შეხვედრების სცენების გადასაღებად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯგუფს გასულ შაბათ-კვირას თავისი სასახლე დაუთმო. შეკის ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ლიდერმა ფილმის რამდენიმე მონაწილესთან ერთად ისადილა.

ფილმის მეორე თანა-პროდიუსერი დეპუტატი პაპუნა დავითაია, რომელიც პარლამენტში სააკაშვილის მმართველი პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის” წარმომადგენელია და კინო-ინდუსტრიაში მანამდე გამოცდილება არ ჰქონია, ფილმის მეორე თანა-პროდუსერია.

ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით დიდი სპეკულაციები გაჩაღდა. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფილმისთვის ფულს საქართველოს მთავრობა იხდის. წარმოების სპიკერის თამუნა ლილუაშვილის თქმით, ქართული კომპანია ”გოლდინვესტი” ფილმის ოფიციალური სპონსორია.

მთავრობის მხრიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება ფილმის ბიუჯეტს სერიოზულად ზოგავს. ”ასეთი ფილმის გადაღება შეერთებულ შტატებში ალბათ 70-დან 100 მილიონ დოლარამდე დაჯდებოდა. ჩვენ შემთხვევაში კი ათჯერ იაფია” - აცხადებს ქართველი თანა-პროდუსერი დავით იმედაშვილი.

ერაყის სცენები საქართველოს სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადაიღეს. იმედაშვილი, რომელიც ფილმის სიუჟეტის ძირითადი ხაზის ავტორია, ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ჰოლივუდის საქართველოში ჩამოყვანა დიდი ხნის განმავლობაში სურდათ. ქვეყნის შეზღუდული კინოწარმოება ცდილობდა უცხოელი პროდიუსერების საქართველოთი დაინტერესებას, სადაც მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღება უფრო იაფი ჯდება.

”თავიდან გვსურდა სცენარი აფხაზეთზე (გამოყოფილ რეგიონზე) დაგვეწერა და ის ჰოლივუდისთვის მიგვეწოდებინა” - სთქვა იმედაშვილმა - ”მაგრამ შემდეგ ომი დაიწყო და ვიფიქრეთ რომ ეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის ძალიან კარგი თემა გახდებოდა.”

საქართველოს კინოცენტრიდან დაფინანსებული პროექტით იმედაშვილი ამერიკის ფილმის ბაზარზე (American Film Market) გაემგზავრა, სადაც ყოველწლიურად ფილმის მწარმოებლები და მსახიობები იკრიბებიან. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკლ ფლენიგანია ("Beyond a Reasonable Doubt"); სცენარის ავტორი კინოდოკუმენტალისტი მიკო ალენია, რომელიც იმავდროულად ოლივერ სთოუნის ვიეტნამის ომის ეპოპეაზე Pinkville მუშაობს.

იმედაშვილის თქმით, ჰარლინი საგანგებოდ შეირჩა როგორც რეჟისორი, რომლის მძაფრსიუჟეტიანი ფილმები, როგორც წესი კომერციულად წარმატებულია ხოლმე. ქართული პროექტი წარმოშობით ფინელი ჰარლინისთვის შესაძლებლია ერთგვარად ჰარმონიულიც კი იყოს, მისი ბოლო პროექტი Mannerheim, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია, 1939-1940 წლის საბჭოთა კავშირის ფინეთთან ომს ეხება.

ჰარლინთან ინტერვიუს ჩაწერა ფილმის გადაღების დროს არ იყო შესაძლებელი, ”მორიგი დაკავებული დღე თბილისში, საქართველოში” - გასულ თვეში დაწერა მან საკუთარ ბლოგზე - ”ჩვენ სულ რაღაც ორი კვირაა რაც ვიღებთ და გუნდი ძალიან აქტიურად მუშაობს. აწყობს მოწყობილობებს, იღებს ასობით სამხედრო უნიფორმას, ამზადებს ვერტმფრენებს, თვითმფრინავებს, ტანკებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს მასობრივი საბრძოლო სცენებისთვის.”

მაგრამ ბევრი ქართველისთვის რუსული გავლენისგან თავისუფალი არც ეს ”მასობრივი საბრძოლო სცენები” აღმოჩნდა. გადამღები ჯგუფის ერთმა წევრმა გვითხრა, რომ სპეციალურად პიროტექნიკური ეფექტებისთვის რამდენიმე რუსი ექსპერტი დაპატიჟეს. ”ასე რომ, თითქოს ისევ იქ ვართ, ნამდვილ ომში, სადაც ასაფეთქებელ სამუშაოებს რუსები ასრულებენ” - სთქვა მან ირონიულად.

ორიგინალი