კარელ იანიჩეკი
პრაღა - ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირის ბოლოს ცენტრალურ ევროპაში თავისი მოგზაურობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ობამას ადმინისტრაციის მიერ ბუშის სარაკეტო ფარის გეგმის გაუქმებით გამოწვეული შფოთი ჩაამშვიდა
პარასკევს ბაიდენმა ჩეხეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია - ჩეხეთი შეურთდება ობამას მიერ რეკონფიგურირებულ თავდაცვით სისტემას. ორი დღით ადრე მონაწილეობაზე თანხმობა პოლონეთმაც განაცხადა. ნატო-ს ხელმძღვანელმა კი ამავე დროს მაღალი შეფასება მისცა ახალ გეგმას, როგორც ირანიდან მომავალი სამომავლო საფრთხისგან დასავლეთისთვის თავდაცვის კარგ საშუალებას.
”მინისტრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ახალი მიდგომა ევროპის სარაკეტო თავდაცვით სისტემას უფრო ნატო-ს კონტექსტში ათავსებს” - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში მას შემდეგ, რაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ალიანსის თავდაცვის მინისტრებს ახალი სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა - ”ეს კარგია სოლიდარობისთვის.”
რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ბუშის ეპოქის გეგმას, რომლის მიხედვითაც პოლონეთში სარაკეტო ელემენტები, რუსეთის ტერიტორიის მახლობლად და ჩეხეთის რესპუბლიკაში უნდა განთავსებულიყო - ”ცივი ომის” ეპოქის დროს ეს სივრცეები რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. როდესაც გასულ თვეს ობამამ მოულოდნელად განაცხადა, რომ უარს ამბობს გეგმაზე და ნატო-სთან დაკავშირებული თავდაცვითი სისტემების შემცირებას განიხილავს, რეგიონში ბევრი პოლონელი, ჩეხი და სხვებიც შეშფოთდნენ, რადგან ეს მოსკოვთან კაპიტულაციის ნიშნად მიიჩნიეს - არადა, რუსეთს აღმოსავლეთის ყოფილი ბლოკის უმეტეს ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი ეჭვით ეკიდებიან.
ვარშავა და პრაღაში ზოგიერთი ასევე ნაწყენები დარჩნენ, რადგან ახალი სისტემა მათ უფრო უმნიშვნელო როლს ანიჭებდა, ეს კი სევდისმომგვრელი პერსპექტივა იყო - ისინი ბუშის გეგმას ისე განიხილავდნენ, როგორც აშშ-სთან საკუთარი უსაფრთხოების დაახლოვებას. აშშ კი, რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე, ჯერაც სტაბილურობის ერთადერთ სანდო გარანტიად განიხილება.
მაგრამ ეს შეშფოთება მიმდინარე კვირას პოლონეთში, რუმინეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში ბაიდენის ვიზიტმა გაფანტა.
ჩარლზ კუპჩანი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წამყვანი თანამშრომელი ამბობს, რომ როგორც სჩანს, ბაიდენის ვიზტით მიღწეულ იქნა ვაშინგტონის მიზანი და ცენტრალურ ევროპაში დადასტურდა აშშ-ს ინტერესები.
”ბაიდენის ვიზიტი, ძირითადად იმ ძალისხმევას წარმოადგენდა, რომელსაც უნდა ჩაეწყნარებინა ნევროტულობა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები დაერწმუნებინა იმაში, რომ აშშ-ს არ დაუკარგავს ინტერესი და მათ ხარჯზე არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას”- განაცხადა კუპჩანმა.
ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდაპირველი კრიტიციზმი უსამართლო იყო და იმ მცდარ რწმენას ეფუძნებოდა, რომ აშშ-მ მთლიანად სთქვა უარი გეგმაზე.
ბაიდენმა აღიარა, რომ აშშ-ს უკეთ შეეძლო წარედგინა ახალი გეგმა. ”ცხადია, რომ შეიძლება ეს უკეთესად გაკეთებულიყო” - პრაღაში განუცხადა მან ჟურნალისტებს - ”ეს არის ამ მოგზაურობის მიზანი. ჩემი აზრით, მე პრეზიდენტის სახელით ცენტრალური ევროპის მოკავშირეებს გადავეცი, რომ ჩვენ ვალდებულებებს ვინარჩუნებთ.”
მან განაცხადა, რომ - ”ის აბსოლუტურად დარწმუნებულია” - მოგზაურობის შემდეგ და სამივე ქვეყნის მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს ახლა ”არა აქვთ არავითარი ეჭვი ჩვენს ვალდებულებებთან დაკავშირებით.”
”ობამას სარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმის ფარგლებში აშშ-ს ფლოტის გემები, აღჭურვილები ანტი-სარაკეტო მოწყობილობებით, ისეთებით როგორიცაა Standard Missile-3 - ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით წინა ხაზს შექმნიან. მათ დაემატება სახმელეთო ანტი-სარაკეტო სისტემები, რომლებიც ევროპაში უნდა განთავსდეს.
პოლონელები განსაკუთრებით თავზარდაცემულები იყვნენ, რადგან აშშ-მ სარაკეტო სისტემის ახალი კონფიგურაციის შესახებ განცხადება 17 სექტემბერს გააკეთა - იმ დღეს, როდესაც აღინიშნებოდა საბჭოთა ჯარის პოლონეთში შეჭრის 70 წლისთავი, რაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. მათ იფიქრეს, რომ დრო როდესაც განცხადება გაკეთდა სენსიტიურობის დეფიციტზე მიუთითებდა, პოლონურმა ტაბლოიდემა აშშ-ს პოლონეთის ღალატში დასდეს ბრალი, ხოლო პოლიტიკურმა ექსპერტებმა ობამას გეგმას შეურაცხმყოფელი უწოდეს.
ობამას პროექტი აქცენტს მოკლე და საშუალო დამიზნების ინტერცეპტორებზე აკეთებს, რათა უფრო კარგად დაუპირისპირდეს მოსალოდნელ საფრთხეებს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი. პენტაგონის განცხადებით, ანტი-ბალისტიკური რაკეტა SM-3 ტექნიკურად ყველაზე მოწინავეა და ყველაზე რენტაბელურია თეირანის არსენალთან დასაპირისპირებლად.
ობამას თქმით, ძველი გეგმა ძირითადად იმიტომ იქნა უარყოფილი, რომ აშშ-ს დასკვნით ირანი ნაკლებადაა ფოკუსირებული შორი დამიზნების რაკეტებზე, რომელთა გათვალისწინებითაც შეიქმნა ბუშის ეპოქის სისტემა.
ოთხშაბათს ბაიდენის ვიზიტისას, პოლონელი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ის უფრო ფრთხილად მოეკიდება შეთანხმებებს აშშ-სთან - ისევ დაუბრუნდა თავისი პრო-ამერიკული ქვეყნისთვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისიც კი განაცხადა, რომ პოლონეთის თვალთახედვა ”იდენტურია” ვაშინგტონის თვალთახედვისა.
პარასკევს ბაიდენის გვერდზე მდგომმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ”მზადაა მონაწილეობა მიიღოს ასეთი ახალი არქიტექტურის შექმნაში.”
შეერთებული შტატები ”ძალიან მადლიერი იყო პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების გამო” - უპასუხა ბაიდენმა და დასძინა, რომ მომავალ თვეს ვაშინგტონი პრაღაში სამხედროების მაღალი რანგის გუნდს გააგზავნის ”ამ მონაწილეობის პირობებზე მოსალაპარაკებლად.”
არც ბაიდენს და არც ფიშერს დეტალები არ დაუზუსტებიათ და გაურკვეველი დარჩა შეუძლია თუ არა რომელიმე დაპირების შესრულება ფიშერის სუსტ დროებით მთავრობას. ჩეხეთის ახალი მთავრობა მაისში უნდა ჩამოყალიბდეს.
ხუთშაბათს რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ანდრეი ნესტერენკო მიესალმა ობამას მიერ ბუშის ეპოქის გეგმის უარყოფას და განაცხადა, რომ მოსკოვი სიფრთხილით ადევნებს თვალს აშშ-ს შემდგომ ნაბიჯებს სარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით. მან სთქვა, რომ რუსეთი ჩაატარებს ახალი პროექტის ”ამომწურავ ანალიზს.”
გეითსმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთი შეურთდება ახალ სარაკეტო სისტემას და დასძინა - ”რუსეთის შესაძლებლობებთან დაკავშირება ბევრად უფრო ადვილი იქნება.”
ორიგინალი