ტონი ჰალპინი
თვრამეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა. რუსები კი დღემდე ეძიებენ ერთი რამის დასტურს - დიმიტრი მედვედევს ცოტა უფრო მეტი რამ ევალება, ვიდრე მხოლოდ პუტინისთვის ადგილის თბილად შენახვაა იმ დროისთვის, როდესაც 2012 წელს ის კრემლში დაბრუნდება
იმედგაცრუებულმა ლიბერალებმა მედვედევში მოდერნიზატორი დაინახეს, ისეთი, რომელიც რუსეთს პუტინის ძალაუფლების ავტოკრატული ვერტიკალიდან დაიხსნიდა. ახლა ისინი იმედით ელიან მედვედევის მეორე ყოველწლიურ გამოსვლას, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს. ეს ოპტიმიზმი იმ ფაქტმა წააქეზა, რომ მედვედევმა ერთი ვარაუდი გამოსთქვა - ამ გამოსვლაში ის თავის ვრცელ წერილში ”წინ, რუსეთო” გამოთქმულ იდეებს განავითარებს.
მედვედევი ნებისმიერი საზომით, როდესაც იმ პრობლემებზე ლაპარაკობდა, რომლის წინაშეც მისი ქვეყანა აღმოჩნდა, უჩვეულოდ პირდაპირი იყო. მან დაგმო ის, რომ რუსეთი ”დამამცირებლადაა დამოკიდებული” ნედლეულზე და მისი ქვეყნის ეკონომიკა ”უკიდურესად დაბალკონკურენტიანია”. ალკოჰოლიზმი და ცუდი ჯანდაცვის სისტემა მილიონობით მოქალაქეს კლავს, ”საუკუნეების მანძილზე ფეხმოკიდებულმა კორუფციამ” და დასუსტებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ადამიანები პასიური და პირქუში გახადა.
რუსებს უამრავი აღსაფრთოვანებელი თვისება აქვთ, მაგრამ ”ქრთამი, ქურდობა, ინტელექტუალური და სულიერი სიზარმაცე, ლოთობა...ის მანკიერებებია, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენს ტრადიციებს” - განაცხადა მედვედევმა და განახლებული ძალისხმევა მოითხოვა, რათა ეს მანკიერებები საჯარო სივრციდან აღმოიფხვრას.
რუსების უმრავლესობა ადვილად დაეთანხმებოდა საკუთარი ქვეყნის ასეთ შეფასებას. ლიბერალები კი იმან წაახალისა, რომ მედვედევმა რუსეთს სნეულებების სამკურნალოდ ”ექსტრემალურად ღია” და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური კულტურის განვითარება გამოუწერა, ისეთი რომელსაც ”ქვეყნის კორუფციისგან გაწმენდით” მოტივირებული სასამართლო გაუმაგრებს ზურგს, რამაც სამეწარმეო ტალანტების გაფურჩქვნის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს.
პრეზიდენტს მიმდინარე კვირას ამ პრინციპებისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირების საშუალება მიეცა, მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება, მან ეს გამოცდაც ჩააფლავა. რუსეთის პარლამენტის, დუმას ოპოზიციურმა პარტიებმა, თავხედურად გაყალბებული რეგიონალური არჩევნების გამო, რომელშიც პუტინის მმართველმა პარტიამ ”ერთიანი რუსეთი” ხმების 80% მოიპოვა, სხდომათა დარბაზი დატოვეს და შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს.
მედვედევს უკვე მიცემული ჰქონდა მაღალი შეფასება ”ერთიანი რუსეთი”-ს გამარჯვებისთვის, რამაც მისი თქმით პარტიას მართვის ”მორალური და კანონიერი” ძალაუფლება მიანიჭა. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დროს, რაც ტელევიზიითაც გადაიცა, მან განაცხადა, რომ ”ღიაა დიალოგისთვის”, მაგრამ როდესაც კამერები გამოირთო, მედვედევმა ცხადი გახადა - შედეგები არ შეიცვლება.
თავის მიმართვაში ”წინ, რუსეთო” მედვედევი წერდა - ”ჩვენ მართლაც უნიკალურ დროში ვცხოვრობთ. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ავაშენოთ ახალი, თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი რუსეთი. მე, როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სრულიად დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობას მთლიანად გამოვიყენებთ”.
ნეტა შეეძლოს. მის ბევრ პოტენციურ მხარდამჭერს სწორედ მედვედევის რიტორიკასა და ქმედებებს შორის გაწოლილი უზარმაზარი უფსკრული უცრუებს იმედს. დანაპირების შესრულების უუნარობა, ამბობენ ისინი, იმის დასტურია, რომ ძალაუფლება მთლიანად რჩება პრემიერ-მინისტრის, პუტინის ხელში, ხოლო მედვედევი, მათ ე.წ. სახელისუფლებო ”ტანდემში”, მუდმივად შეასრულებს უმცროსი პარტნიორის ფუნქციას.
მას შეუძლია თავის ყოველწლიურ გამოსვლაში რაიმე ისეთზე ილაპარაკოს, რაც მსმენელებს ერთ რამეში დაარწმუნებს - ის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სათამაშო პუტინის ხელში, როგორც პრეზიდენტს დანაპირების რეალიზება ძალუძს და არა მხოლოდ წინასწარ დაწერილი სცენარის გახმოვანება? თუ მას არ უნდა, რომ უძლურ პრეზიდენტებს შორის ყველაზე უძლური აღმოჩნდეს, მან თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელიწადს, 2010-წლამდე დამოუკიდებელი პოლიტიკური იდენტობის დემონსტრირება უნდა მოახერხოს.
მაგრამ მიუხედავად პრეზიდენტ ობამას ძალისხმევისა, მედვედევი შეერთებული შტატებისთვის უფრო სასურველ პარტნიორად წარმოედგინა, გარემოებები მტკიცედ უპირისპირდება ზემოთ თქმულს. რუსების უმეტესობა, პუტინის დაბრუნებას პასიურად ელოდებიან, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წელს მედვედევს ეტყვიან - წადი.
ორიგინალი