Tuesday, September 15, 2009

მედვედევი 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს



დევიდ ნოვაკი

მოსკოვი - როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, სამშაბათს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადით ხელისუფლებაში მოსასვლელად, 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - ამ განცხადებამ დამატებითი ინტრიგა შესძინა საკითხს, თუ ვინ დაიკავებს 2012 წელს პრეზიდენტის პოსტს


მედვედევმა ეს კომენტარი დასავლელ ექსპერტებთან ზუსტად მეორე დღეს გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა მენტორმა და დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ ასევეა დაინტერესებული თანამდებობაზე დაბრუნებით. ამ მინიშნებამ იმავე წამს დაუდო სათავე სპეკულაციებს კრემლის შესაძლო კულუარული ხრიკების თაობაზე.
მედვედევი ცდილობს, დაამკვიდროს ლიდერობის საკუთარი სტილი და პუტინის შემაშინებელ ჩრდილს თავი დააღწიოს.

”რია ნოვოსტი” და ”ინტერფაქსი” იტყობინებიან, რომ მედვედევმა რომელიც ზოგიერთის თქმით პუტინისთვის მხოლოდ ერთი ჩუმი ჩინოვნიკია, განაცხადა, რომ - "ცოტა ხნის წინ მე პრეზიდენტობა არ მინდოდა, მაგრამ ბედმა ასე განსაზღვრა. ამიტომ მე არაფერს არ გამოვრიცხავ."

პუტინი დღესაც ფართო პოპულარობით სარგებლობს, თუმცა თავისი საკონსტიტუციო მაქსიმუმი ბოლომე ამოწურა და პრეზიდენტის პოსტზე ორი ვადის განმავლობაში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ მედვედევი, თავისი პროტეჟე, საკუთარ მემკვიდრედ აირჩია. გასულ კვირას პუტინმა განაცხადა, რომ ის და მედვედევი "შეთანხმდებიან" და "ერთმანეთში გადაწყვეტენ" თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას 2012 წლის არჩევნებში.
”ერთი რამ ცხადია” - განაცხადა პუტინმა - ” ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან.”
იმავე დღეს, როდესაც პუტინმა ამ თემაზე ილაპარაკა, რუსულმა გაზეთებმა მედვედევის სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ის ქვეყნის მოძველებულ ეკონომიკას, კონკურენტული პოლიტიკის დეფიციტს და ყოველდღიურ ცხოვრებაზე სახელმწიფოს გადაჭარბებულ გავლენას სასტიკად აკრიტიკებდა.

მედვედევმა ეს განწყობები სამშაბათსაც დაადასტურა და განაცხადა, რომ - "ყველა ლიდერს რუსეთის განვითარების თავისეული გეგმა უნდა ჰქონდეს.”

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სტატიამ აჩვენა, რომ მედვედევი ცდილობს რუსეთი პუტინის გზისგან განსხვავებული მიმართულებით წაიყვანოს. სხვები აცხადებენ, რომ ხილული უთანხმოება პუტინთან, წმინდა წყლის შოუა.

"არ შეიძლება ამ ორს შორის უთანხმოება არსებობდეს" - ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი იულია ლატინინა. მედვედევის ამოცანა ისაა, რომ გააგრძელოს პუტინის პოლიტიკის შესრულება, სანამ ის კონსტიტუციურად შესძლებს დაბრუნებას.

”გასულ წელს, პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, მედვედევს პუტინთან შედარებით, რომელმაც თავისი წინამორბედის ბორის ელცინის ბევრი დემოკრატიული მიღწევა გააუქმა, უფრო ლიბერალურ პოლიტიკოსად ახასიათებდნენ, მაგრამ თითქმის არ მოსჩანს ლიბერალიზაციის ნიშნები და ეს ყველაფერი უფრო სიტყვებითაა გამოხატული ვიდრე ქმედებებით” - ამბობენ ანალიტიკოსები.

მედვედევის საინაუგურაციო დაპირებებიდან, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცების შესახებ, ცოტა რამ თუ შესრულდა. კრიტიკოსები კრემლის ოპონენტებისა და ჟურნალისტების მკვლელობის მთელ სერიაზეც მიუთითებენ - მათ შორის ”ნოვაია გაზეტა”-ს რეპორტიორზე ანა პოლიტკოვსკაიაზე და ”ფორბსი”-ს რედაქტორზე პავლე ხლებნიკოვზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ მკვლელობის დამკვეთები არც ნაპოვნი და არც გასამართლებულები არიან.

ჩეჩენი უფლებადამცველის ნატალია ესტემიროვასა და ადვოკატის სტანისლავ მარკელოვის ბოლოდროინდელმა მკვლელობებმა, მათ ვინც მთავრობის კრიტიკოსებს მიზანში იღებს, კიდევ უფრო განუმტკიცა დაუსჯელობის განცდა.

მედვედევმა რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რაც პუტინის ავტორიტარულ ტენდენციებს ეხმიანებოდა, მაგალითად თავის ღვაწლად გაასაღა გასული წლის ომი საქართველოსთან. გასულ დეკემბერს, მან მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო ვადა ექვსი წელი იქნება - კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პოსტზე მედვედევის მემკვიდრე მოვა.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ლილია შევსტოვა ამბობს, რომ დისკუსია მომავალ პრეზიდენტებზე უცხოელ ექსპერტებთან, ვალდაის სადისკუსიო კლუბთან იმისთვის დაიწყო, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო, ნაკლები დრო დასთმობოდა ორივე ლიდერის პასუხისმგებლობის საკითხს, მაგალითად ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასტიკი ძალადობა ჩრდილო-კავკასიაში.

"რატომ მსჯელობს მთელი მედია ამ საკითხზე? ამან ქვეყნის ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანა. დისკუსიის მონაწილეებმა შეიძლება ჰკითხეს სადაა თქვენი ეკონომიკური რეფორმები? რატომ არ არის დღემდე მშვიდობა ჩრდილო-კავკასიაში?" - ამბობს შევსტოვა.

ორიგინალი