Friday, September 25, 2009

მედვედევი მზადაა შეასრულოს ”ნებისმიერი სამუშაო” და ღიად ტოვებს 2012 წლის არჩევნების საკითხს



ლუბოვ პრონინა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მზადაა შეასრულოს ”ნებისმიერი სამუშაო” და ღიად დატოვა 2012 წელს მეორე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა

”თუ ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, მე მზად ვარ ”ნებისმიერი სამუშაოსთვის” - გუშინ განაცხადა მედვედევმა პიტსბურგის უნივერსიტეტში, როდესაც მას ჰკითხეს, მზადაა თუ არა ვადის დასრულების შემდეგ ადგილი გაუცვალოს პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს.

”თუ კარგად ვიმუშავებ, ყველაფერი რიგზე იქნება და რუსეთის ხალხი მენდობა, რატომაც არა?” - განაცხადა მედვედევმა, რომელიც პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტმა 2000-2008 წ.წ. საკუთარი მემკვიდრედ თავად შეარჩია.

11 სექტემბერს პუტინმა, რუსეთში უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრისას, კრემლში დასაბრუნებლად კარი ღიად დაიტოვა, თუმცა გამორიცხა მედვედევთან კონკურენცია.

პრეზიდენტმა იმავე ჯგუფს ოთხი დღის შემდეგ განუცხადა, რომ - ”ვერაფერს გამორიცხავს.”

პიტსბურგში მედვედევმა განაცხადა, რომ, როგორც ”პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები” ის და პუტინი ამ საკითხზე ”ერთად იმსჯელებენ.”

”ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს მაგიერ ვიღებთ გადაწყვეტილებას” - განაცხადა მან - ”ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური ავტორიტეტი, პოლიტიკური წონა, უნდა გაიარონ ასეთი კონსულტაციები” - ის პუტინის გეგმებს არ შეხებია.