Friday, September 25, 2009

სააკაშვილი: ერთ დღეს აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება


ლუი შაბრონე

გაერო - ”საქართველოს სეპარატისტული ზონა აფხაზეთი, რომელიც საქართველოს შარშან გამოეყო, ერთ დღეს კვლავ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი გახდება” - გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა


”ამას დრო დასჭირდება, მაგრამ აფხაზეთი ერთხელ გახდება ის რაც იყო - საქართველოს უმშვენიერესი ნაწილი” - განაცხადა სააკაშვილმა გენერალური ასამბლეისადმი თავის წერილობით მიმართვაში, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა.

რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დამანგრეველი ძალით უპასუხა საქართველოს შეტევას მეორე სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ-ოსეთზე, თავისი ტანკები ღრმად შიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და დასავლეთის რწმენა შეარყია სამხრეთ-კავკასიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მარშრუტების მიმართ.

ომის შემდეგ, აფხაზეთმაც და სამხრეთ-ოსეთმაც საქართველოსგან გამოყოფის შესახებ განაცხადეს. მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ სცნო.

სააკაშვილის თქმით, მას არანაირი პრეტენზია არა აქვს ამ რეგიონების ძალით დაბრუნებაზე, მაგრამ მან ასამბლეის წინაშე აფხაზეთის მკაცრი პორტრეტი დახატა. ეს რეგიონი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

”აფხაზეთი დღეს დაცლილია. იქ მისი მოსახლეობის სამი-მეოთხედი არ ცხოვრობს” - სთქვა მან - ”ბაღები და სასტუმროები, თეატრები და რესტორნები სამხედრო ბაზებად და საფლავებადაა ქცეული.”

დასავლეთმა რუსეთის შარშანდელი პასუხი დაგმო და მას ”არაპროპორციული” უწოდა, მაგრამ ასევე გააკრიტიკა სამხრეთ-ოსეთზე სააკაშვილის თავდასხმა, რომელიც აფხაზეთის მსგავსად საქართველოს იურისდიქციას 1990-იანი წლების დასაწყისის ომების დროს დაშორდა.

რუსეთი ამბობს, რომ ის იძულებული იყო ემოქმედა, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები და თავისი მშვიდობისმყოფელები დაეცვა. ის აცხადებს, რომ სააკაშვილი საშიშია, მაგრამ ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ მოსკოვი მისი დამხობისთვის ომის დასაწყებად ყოველთვის მზად იყო.

ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის მიუხედავად, რომლის თანახმადაც მხარეები ჯარების ომამდელ პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, რუსეთს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით სამხედრო ჰყავს.

ორივე მხრიდან ათობით-ათასი ადამიანი დევნილი გახდა. უფლებადამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ქართველების მხრიდან სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა განურჩეველი იყო, ხოლო რუსეთის არმიამ არაფერი გააკეთა მილიციელების გასაჩერებლად, რომლებიც ქართულ სოფლებს ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ.

ახალი ბერლინის კედელი?

სააკაშვილმა თავის სიტყვაში ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სიტყვების ციტირება მოახდინა და მის რეგიონში რუსული არმიის ყოფნა ცივი ომის ეპოქის გერმანიას შეადარა, როდესაც ბერლინის კედელი ერთმანეთისგან ჰყოფდა დემოკრატიულ დასავლეთ-ბერლინს და კომუნისტურ აღმოსავლეთს, რომელიც საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა.

”როგორც ვაცლავ ჰაველმა და ევროპის სინდისის სხვა წამყვანმა ხმებმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადეს, ევროპა დღეს ახალი კედლითაა გაყოფილი, რომელიც გარე ძალამ აღმართა - კედელი რომელიც საქართველოს შუაგულში გადის” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს კედელი ”ჩვენი ტერიტორიის ერთ მეხუთედთან გვაშორებს.”

სააკაშვილს ცალსახად არ უთქვამს, რომ საქართველოს კონტროლს სამხრეთ-ოსეთიც დაუბრუნდება, თუმცა მან განაცხადა, რომ - ”ჩვენ გაერთიანებული და სუვერენული საქართველოს ჩვენეული ხედვის ცალსახად ერთგულები ვრჩებით.”

სამხრეთ-ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ სააკაშვილის გამოსვლის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან შარშანდელ ომში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ტერიტორია ”კვლავ საქართველოს ნაწილი აღარასდროს გახდება.”

სააკაშვილი გადაურჩა თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო კამპანიას. ოპონენტები მას 2003 წლის ”ვარდების რევოლუცი”-ის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალაუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ.

გაერო-ს დამკვირვებელთა მისია, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთში მოქმედებდა, იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა, რადგან დასავლეთის სახელმწიფოებმა ამ წლის დასაწყისში უშიშროების საბჭოზე ვერ შესძლეს რუსეთის იმაში დარწმუნება, რომ მისიის მანდატის გაგრძელება აუცილებელი იყო.

ორიგინალი