Friday, September 25, 2009

მომავლის გზა აფხაზების, ოსების და ქართველებისთვის



წერილები

ძალიან სამწუხაროა როდესაც ხედავ, რომ ისეთი ფიგურები, როგორებიც ვაცლავ ჰაველი და ვიტაუტას ლანდსბერგისი არიან, (
ევროპამ საქართველო უნდა დაიცვას, 22 სექტემბერი) რომელთა სიმამაცეც საბჭოთა კავშირისგან მათი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში უდაოა, რეალობას იმდენად მოსწყდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ევროპულმა დემოკრატიებმა საქართველოს მიმართ გასული ორი ათწლეულის წარუმატებელი პოლიტიკა უნდა განაგრძონ

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთზე განხორციელებული თავდასხმა, უბრალოდ მახინჯი ნაციონალიზმის ბოლო გამოვლინება იყო, რამაც ზიანი თავად საქართველოს დამოუკიდებლობასაც მიაყენა. უფრო ადრეული შედეგი, 1990-92 წლების ომი იყო, რომელიც სამხრეთ-ოსეთს თავს მოახვია საქართველოს პირველმა პოსტ-კომუნისტმა პრეზიდენტმა, აწ გარდაცვლილმა ზვიად გამსახურდიამ, რასაც შემდეგ ედუარდ შევარდნაძის მიერ აფხაზეთში ინიცირებული ომი (1992-93 წლები) მოჰყვა. ორივე ომი საქართველოს ფაქტობრივი გახლეჩვით დასრულდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ კი უგუნურად, ისე რომ რესპუბლიკის უმცირესობებზე არავის უფიქრია, 1992 წლის მარტში ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საბჭოთა საზღვრების ფარგლებში აღიარა. იმ დროს საქართველოს სამხედრო ხუნტა მართავდა და შევარდნაძეს არანაირი დემოკრატიული მანდატი არ გააჩნდა. მას შემდეგ თბილისი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას რამდენჯერმე შეეცადა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერამ საპირისპირო მიზანს მიაღწია - აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რუსეთთან დაახლოვა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ორივე რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, მას შემდეგ რაც სააკაშვილის პროვოკაციას სამხედრო ძალით უპასუხა. შემდეგ მოსკოვის მაგალითს ნიკარაგუამ და ვენესუელამ მიბაძა. თუკი ევროპას ტრანს-კავკასიაში სტაბილურობა სურს, მან თბილისს იმპერიული ფანტაზიები უნდა დაათმობინოს და ახალი სახელმწიფოები აღიარებინოს. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ურთიერთობების ნორმალიზაციას და მომავალში იქ ევროპის გავლენისა და ინვესტიციების შედინებას, რაც რეგიონში რუსეთის გავლენას გააწონასწორებს და შეამცირებს.

პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი
აფხაზეთის საპატიო კონსული

როგორც საქართველოს პრო-ევროპული ოპოზიციის წევრი, მე მხარს ვუჭერ ვაცლავ ჰაველისა და სხვების მიერ გამოხატულ სენტიმენტებს. პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული და რუსეთის უკანონო ოკუპაციისგან გათავისუფლებული ვიხილოთ. ცხადია, 2008 წლის კონფლიქტი მოსკოვში დაიგეგმა და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ანგარიში დაგმობს ჩვენს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოველდღიურ რუსულ პროვოკაციებს, ისევე როგორც აჩვენებს თუ როგორ გაება ჩვენი მთავრობა ხაფანგში, რომელიც ამდენად თვალსაჩინო იყო.

თუმცა, ჩვენ მოცდა მოგვიწევს. ორივე მხარემ უნდა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ვაჭრობისა და სტიმულების გზით ჩვენ აფხაზებს და ოსებს რუსეთის ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. საერთაშორისო თანამეგობრობამ გაცილებთ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა აღკვეთოს ქართველების ეთნიკური წმენდა, მაგრამ რუსეთისგან მომავალი საფრთხის პირისპირ ჩვენ არ გვსურს უსაფრთხოება ნათელი, ჯანსაღი დემოკრატიისა და პოლიტიკური მშვიდობის ფასად მივიღოდ. მე აფხაზებთან მოლაპარაკებების პერსონალური გამოცდილება მაქვს და ოპტიმისტურ განწყობაზე ვრჩები, რადგან ვიცი, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ოცნების ასრულებას და მივაღწევთ მშვიდობიან თანაცხოვრებას არა მხოლოდ აფხაზებს, ოსებს და ქართველებს შორის, არამედ თბილისშიც პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. ორივე შემთხვევისთვის, ჩვენ ევროპული მხარდაჭერა გვჭირდება.

ირაკლი ალასანია
”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”-ს ლიდერი

ორიგინალი