Friday, September 25, 2009

ტაბლოიდური დაზვერვა


პიტერ ბუკსბაუმი

რა მოსდის ამერიკის დაზვერვას, როდესაც პრეზიდენტს კითხვა არ უყვარს?


პრეზიდენტისთვის ყოველდღიური საინფორმაციო მიმოხილვის მომზადება ბულვარული გაზეთის რედაქტირების მსგავს პროცესში გადაიზრდება ხოლმე, სადაც ჟურნალისტები - ან ამ შემთხვევაში, დაზვერვის ანალიტიკოსები, ცდილობენ ხელმძღვანელთა ყურადღების სენსაციური ისტორიებითა და სათაურებით მიპყრობას.

ეს მოკლედ ისაა, რაც ბუშის ადმინისტრაციის დროს მოხდა, იმ ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასულ კვირას ვაშინგტონის კვლევითმა ცენტრმა ბრუკინგსკის ინსტიტუტმა მოამზადა.

ბუში, რომელიც დიდად ცოდნისმოყვარე არ გახლდათ, დეტალებში ჩაღრმავებას ვერ იტანდა. მას ასევე არ სურდა იმ თემების გაგონება, რომლებიც მას არ აინტერესებდა, მაგალითად კლიმატის ცვლილების შესახებ.

ეს დიდი სიურპრიზი არ უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ბუშის ადმინისტრაციამ ვერ შესძლო რეაგირება მოეხდინა მონაცემებზე იმის შესახებ, რომ ალ-ქაიდა აშშ-ზე თავდასხმას გეგმავდა, სწორედ მან განაგრძო ავღანური ავანტიურა ისე, რომ პოლიტიკური და ადამიანური ლანდშაფტის ყველაზე საბაზისო ცოდნა არ გააჩნდა, ერაყში ყალბი მოტივით შეიჭრა და ეს ოპერაციები ჩააგდო თანაც ისე, რომ როგორც სჩანს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ არსებობს.

ინფორმაციის დამუშავება

ყოველდღიური ანგარიში, რომელსაც პრეზიდენტისთვის ამზადებენ (president daily brief, PDB) 1964 წლიდან ამერიკული დაზვერვის მთავარ პროდუქტად ითვლებოდა, როდესაც ის პირველად მაშინდელ პრეზიდენტს ლინდონ ჯონსონს წარუდგინეს, მაგრამ ბუშის მმართველობის ეპოქაში მისი მნიშვნელობა უსაზღვროდ გაიზარდა. დაზვერვის ანალიტიკოსები, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებდნენ რაც შეეძლოთ, რომ პრეზიდენტისთვის ინფორმაცია წარედგინათ.

”ბოლო დროს მედია დიდ ყურადღებას უთმობდა იმას, თუ როგორ აგროვებდა ინფორმაციას დაზვერვის შტატი” - ISN Security Watch-ს განუცხადა ანგარიშის ავტორმა კენეტ ლიბერტალმა, ბრუკინგსის ინსტიტუტში ჯონ ტორტონის ჩინური ცენტრის დირექტორმა. ”ეს ანგარიში კი ფოკუსირებას იმაზე ახდენს, თუ რა ხდება ინფორმაციის მოგროვების შემდეგ, როგორ იყენებთ ინფორმაციას რეალობის უკეთ გასაგებად და რამდენად კარგად შეგიძლიათ ამ პროდუქტის გამოყენება პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომუშავების პროცესში.”

ლიბერტალის თქმით, ბუშის მმართველობის წლებში დაზვერვის მონაცემების გამოყენება პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომუშავების პროცესში, ამ მონაცემების ყოველდღიურ ანგარიშში შეტანას ნიშნავდა. ის ამბობს, რომ - ”მაშინ ანგარიშის მნიშვნელობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია.”

ეს თავის მხრივ იმაში გადაიზარდა, რომ დაზვერვის პროდუქცია ”ღრმა კვლევებისა და დეტალური ანალიზიდან გადაიქცა ყურადღების აქცენტირებით საიდუმლო ანგარიშებზე.”

ისევე როგორც საგაზეთო ჟურნალისტს სურს, რომ მისი ისტორია პირველ გვერდზე გამოქვეყნდეს, ბუშის ჰიპერტროფირებული მიდრეკილება ანგარიშს დაყრდნობოდა, იმის მიზეზი გახდა, რომ ამ დოკუმენტში მონაცემების შეტანა დაზვერვის ანალიტიკოსთა მთავარ კარიერულ მიზნად იქცა. ”ცენტრალური დაზვერვის ბიუროს ანალიტიკოსებს, რომლებსაც ანგარიშში თავიანთი მონაცემები შეჰქონდათ, რომლებსაც ბუში საინტერესოდ ან სასარგებლოდ მიიჩნევდა, აჯილდოვებდნენ და ყოველდღიურ ანგარიშზე კონცენტრაცია გახდა raison d'être დაზვერვის ყველა თანამშრომლისთვის” - ნათქვამია ანგარიშში.

ამგვარ განწყობები, მიზნები და სტიმულები დაზვერვის პროდუქტის განვითარების დამახინჯების მიზეზი გახდა, რომელსაც პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები იყენებდნენ.

”ანალიტიკოსები თემებს გაუმართლებლად უფრო მკვეთრ ტერმინებში აღწერდნენ და რაღაც ჰიპერბოლიზებულ ენას იყენებდნენ იმისთვის, რომ მათი ინფორმაცია ანგარიშში შესატანად საკმარისად მიმზიდველი გამხდარიყო. ანგარიშის ფორმატი მასში კონკრეტულ თემებზე მხოლოდ მოკლე სიუჟეტების ჩართვის საშუალებას იძლევა. ამიტომ ანალიზის ტიპი, რომელსაც დაზვერვის თანამშრომლები ქმნიდნენ, უფრო რთულ და სკურპულოზურ მუშაობას და პრეზენტაციებს სცილდება, რასაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკული დაზვერვის თანამშრომლები, გარკვეული სახით, პრეზიდენტს იმით კვებავდნენ, რაც მას სურდა და რისი მონელებაც შეეძლო.”

გაურკვეველი რეალობა

ანალიტიკოსების მიდრეკილება აქცენტი გააკეთონ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საიდუმლო წყაროებიდანაა მიღებული, ასევე პრობლემას ქმნიდა და ისეთივე სენსაციურობის ბულვარული ატმოსფეროდან გამომდინარეობდა. ანალიტიკოსები საიდუმლო გზებით მიღებულ ინფორმაციას იმისთვის იყენებდნენ, რომ ისტორიას მეტი ფასი შეეძინა და შესაბამისად მისი ანგარიშში მოხვედრა უფრო რეალური გამხდარიყო.

”მაგრამ ასეთი ინფორმაცია არასრულია” - ამბობს ლიბერტალი - ”ის შეიძლება ნაკლებად დროული იყოს, ვიდრე ღია წყაროებიდან მიღებული მასალები. მას მნიშვნელოვანი კონტექსტი აკლია და ზოგჯერ ნაკლებად სანდოა.”

ყოველდღიური ანგარიშის პირველხარისხოვნებამ ასევე უარყოფითი გავლენა იქონია ინფორმაციის გაცვლის ეფექტზეც - ღირებულებაზე, რომლის წინა პლანზე წამოწევასაც 11 სექტემბრიდან დაზვერვის თანამეგობრობა ცდილობდა. ”ზოგიერთ სიტუაციებში დაზვერვის ანალიტიკოსები ინფორმაციას ანგარიშისთვის ინახავდნენ და მოგვიანებით მას იმ პოლიტიკოსებს შორის ავრცელებდნენ, რომლებსაც ანგარიშზე ხელი არ მიუწვდებათ” - ნათქვამია კვლევაში. ”საათების და დღეების განმავლობაში ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციის იმისთვის შეკავება, რომ ის პირველ რიგში ანგარიშში მოხვდეს, სახიფათოა.”

ზედაპირული ცოდნა

თუკი ყველაფერი ზემოთთქმული არასაკმარისია, დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკული დაზვერვის ანალიზსს, სხვა ასპექტების სერიოზული დეფიციტი აქვს.

აზიის სამხრეთ-დასავლეთში მარცხის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ის არის, რომ ამერიკული დაზვერვის ანალიტიკოსებში ქვეყნების შესახებ ძალიან ზედაპირული ცოდნა არსებობს. ”ბევრს, დეტალური, ღრმა ანალიტიკური პროდუქტის შესაქმნელად ქვეყნის პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკის და თანამედროვე ისტორიის ღრმა ცოდნა აკლია.” ”სიტუაციის ნაციონალური სადაზვერვო შეფასება (National Intelligence Estimates) - დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკური პროდუქტი - ხშირად ძალიან დაგვიანებული, ძალიან ვრცელი და ზედმეტად დეტალურია იმისთვის, რომ მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსებმა ის ეფექტურად გამოიყენონ” - ნათქვამია ანგარიშში. შეფასებათა ხარისხი ასევე ხშირად განიცდის ერთიან პოზიციამდე მისვლის მცდელობებს, რაც ისეთი ანგარიშების შექმნაში გადაიზრდება ხოლმე, რომლებიც დაზვერვის თანამეგობრობის სხვადასხვა სეგმენტებს შორის ყველაზე დაბალი საერთო მნიშვნელია.

ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით ასევე აღმოჩნდა, რომ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მარცხის შემდეგ, ამერიკული დაზვერვის ანალიტიკოსები ძალიან დაშინებულები არიან, ახლა ისინი ყველანაირი ანალიზის გაკეთებაზე უარს ამბობენ. ამის ნაცვლად, არსებობს ”ანალიზის ფოკუსირების ტენდენცია ყველა პოტენციურად მართებული მონაცემის არევისა და გაერთიანების და ანალიტიკური დასკვნების პოლიტიკოსთათვის მინდობისკენ.”

ახალი მიმართულება

ახლა, როდესაც ხელისუფლებაში ობამას ადმინისტრაციაა, ყველაფერი შეიძლება საპირისპიროდ მოხდეს. ნაციონალური სადაზვერვო განყოფილების დირექტორმა დენის ბლერმა განაცხადა, რომ - ”შესაძლებლობების ანალიზი - ანალიტიკოსების მიერ ამერიკული პოლიტიკის წინსვლის მოულოდნელი შესაძლებლობების იდენტიფიკაცია - სადაზვევო პროდუქტის საკვანძო ელემენტი გახდება.”

ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა პრეზიდენტი ბრიფინგებს და ანგარიშებს ინდივიდუალური მანერით იყენებს. ცხადია, რომ ობამა ამ ანგარიშებს ისე არ დაეყრდნობა, როგორც ბუში.

თუმცა, ანგარიშების მიმართ ასეთი ნდობის მიუხედავად, ბუში მათ ყურს ყოველთვის არ უგდებდა. ბოლოს და ბოლოს რა იყო 2001 წლის 6 აგვისტოს ანგარიშის მთავარი არსი? ”ბინ ლადენი შეერთებულ შტატებზე თავდასხმას გეგმავს.”

პიტერ ბუკსბაუმი დამოუკიდებელი ჟურნალისტია ვაშინგტონიდან. ის უკვე თხუთმეტი წელია, რაც თავდაცვის, უსაფრთხოების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების თემებზე წერს. ის თავის პუბლიკაციებს ისეთ გამოცემებში აქვეყნებდა, როგორებიცაა Fortune, Forbes, Chief Executive, Homeland Security და Computerworld.

ორიგინალი