ირაკლი ალასანია, რომელიც გაერო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან 2008 წლის დეკემბერში გადადგა და ახლა სათავეში უდგას ოპოზიციურ გაერთიანება ”ალიანსს საქართველოსთვის” და სოზარ სუბარი, რომლის ხუთწლიან მოღვაწეობას ადამიანის უფლებების დამცველის პოსტზე ვადა ამ თვეში გაუვიდა, თბილისის მერის და მუნიციპალური საკრებულოს ვადამდელი არჩევნებისთვის ერთობლივად მოემზადებიან
არჩევნები 2010 წლის მაისში გაიმართება. ორივე მათგანი ადრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო და ლოიალური მხარდამჭერი იყო, მაგრამ დღეს აკრიტიკებენ მის აშკარა გულგრილობას საარჩევნო და ადამიანის უფლებების დარღვევების უკიდურესად მძიმე ფაქტებზე, რომელსაც ადგილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურების მხრიდან.
”ალიანსმა საქართველოსთვის,” სადაც გაერთიანებული არიან თავად ალასანიას პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები,” ”რესპუბლიკური პარტია” და ”ახალი მემარჯვენეები” 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ალასანია თბილისის არჩევნებში მათი მერობის კანდიდატი იქნება, სუბარს კი - საკრებულოს თავმჯდომარედ წარადგენენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისის მერის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება და მას არჩეული მუნიციპალური საკრებულო არ დანიშნავს.
ალასანიამ, რომელიც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ ოპოზიციურ აქციებში უფრო რადიკალურ ზომებს ემიჯნებოდა, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ - ”ჩვენ ნებისმიერი რევოლუციური ცვლილების წინააღმდეგი ვართ” და ”ჩვენი მიზანი არჩევნების არსებული სისტემის შეცვლა და ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლაა.” ამ მიზნით ალასანიას პარტია ოფიციალურად შეუერთდა მარტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რათა არსებულ საარჩევნო კოდექსში შესწორებები შეეტანა. ალასანიამ ალიანსი აღწერა, როგორც ”პოლიტიკური ბირთვი, რომელსაც სიტუაციის გაუმჯობესება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება შეუძლია.”
22 სექტემბერს ალასანიამ სუბარს პრინციპების ერთგული ადამიანი უწოდა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი სახელმწიფო ჩინოვნიკისა და დაწესებულების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის გამოაშკარავებასა და მათ გამოსწორებას მიუძღვნა. იმავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისთვის სუბარი არ არის მათი წევრი და არც გეგმავს ალიანსის სამი პარტიიდან რომელიმეში გაწევრიანებას.
თავის მხრივ სუბარმა განაცხადა, რომ - ”მე პირობას ვდებ, რომ ჩვენ მივაღწევთ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე, პირველ რიგში ადგილობრივი არჩევნების დონეზე, რაც იმის გარანტია გახდება, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული იქნება და შესაბამისად ჩვენ ქვეყნის ხელმძღვანელობას მშვიდობიანი გზით შევცვლით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევცლით ქვეყნის კურსს. ეს არ იქნება რეჟიმი, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ნებას დაეფუძნება, არამედ ქვეყანა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსი იარსებებს და სადაც სამართალი იქნება.”
იმავდროულად, ყოფილი საპარლამენტო ”კონსერვატიული პარტი”-ის 19 სექტემბრის წინადადებაზე, რომ ოპოზიციამ თავის რიგებში აშშ-ს მსგავსი ე.წ. ”პრაიმერი” უნდა გამართოს და მომავალი წლის მერის არჩევნებზე ერთი საერთო კანდიდატი წარადგინოს, გამოხმაურება არ ყოფილა. ასევე, გაურკვეველია მიიღებს თუ არა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ლევან გაჩეჩილაძე, 2008 წლის იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი. ალასანია გაჩეჩილაძეს 22 სექტემბერს, მას შემდეგ შეხვდა, რაც გამოაცხადა, რომ ის ამ თანამდებობაზე კენჭს იყრის, თუმცა ამ შეხვედრის დეტალები უცნობია.
ორიგინალი