Saturday, September 12, 2009

გაერო-ს გენერალური ასამბლეა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ლტოლვილების დაბრუნებას ითხოვს



ვლადიმერ სოკორი

9 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაგმო საქართველოს ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან მოსახლეობის "ძალადობრივი გაძევების" ფაქტი, მტკიცედ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და ეს ტერიტორიები განსაზღვრა, როგორც საქართველოს ნაწილი.

საქართველომ მოახდინა გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ინიცირება იმ დებატების ფარგლებში, რომლის დასახელებაცაა "გაჭიანურებული კონფლიქტები GUAM-ის სივრცეში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე." ამ დებატებს გაერო-ში, გასული სამი წლის მანძილზე აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად უჭერენ მხარს. 2008 წლის აგვისტოს რუსულმა ინტერვენციამ იძულებით გადაადგილებულთა მეორე ტალღა წარმოქმნა, პირველი ასეთი ტალღა 1993 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგი იყო. 9 სექტემბრის რეზოლუცია კი პირველი დოკუმენტია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საკითხის გადაწყვეტისკენაა მიმართული.

რეზოლუციის ფორმულირებებმა - "აფხაზეთი, საქართველო და სამხრეთ-ოსეთი," "საქართველო, აფხაზეთისა და სამხრეთ- ოსეთის ჩათვლით" და "მთელს საქართველოში" - არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო აღიარების სამართლებრივ უწყვეტობას (მიუხედავად 2008 წელს რუსეთის მიერ ამ ფაქტის უარყოფისა).

რეზოლუციაში დაფიქსირებულია "შეშფოთება იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებების გამო, რაც საქართველოში მომხდარი კონფლიქტების შედეგია," ისევე როგორც შეშფოთება 2008 წელს "მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილების გამო.” დოკუმენტი აღიარებს "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების დაბრუნების უფლებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად." მასში ხაზგასმულია "ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთრების უფლების პატივისცემის" და "ამ უფლების შელახვით, საკუთრების დაუფლებისგან თავშეკავების" აუცილებლობა. (ეს პრობლემა აქტუალურია განსაკუთრებით აფხაზეთთან დაკავშირებით, რადგან სამხრეთ-ოსეთში ქართული სოფლები ბევრ შემთხვევაში უბრალოდ განადგურებულია). დოკუმენტი "კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობას" და "ხაზს უსვამს ჰუმანიტარული აქტივობების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის გადაუდებელ საჭიროებას... კონფლიქტით დაზარალებულ სივრცეებში მთელი საქართველოს მასშტაბით."

პრაქტიკული ნაბიჯების თვალსაზრისით, რეზოლუცია "გამოკვეთს საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უზრუნველსაყოფად შესაბამისი განრიგის შექმნის აუცილებლობას" და გაერო-ს გენერალურ მდივანს სთხოვს, შემდეგ სესიაზე გენერალურ ასამბლეას წარუდგინოს ყოვლისმომცველი ანგარიში მოცემული რეზოლუციის შესრულების თაობაზე (გაერო-ს გენერალური ასამბლეა A/63/L.79).

ასამბლეამ რეზოლუცია 48 ხმით მიიღო (ძირითადად დასავლური ქვეყნები) 19-ის წინააღმდეგ, ხოლო 78-მა თავი შეიკავა. საკითხის დასამტკიცებლად წარდგენისას, საქართველოს ელჩმა გაერო-ში, ალექსანდრე ლომაიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რამდენად ცოტა გაკეთდა ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების შინ დაბრუნების დასახმარებლად. უფრო მეტიც, გასული წლის შეიარაღებულმა კონფლიქტმა, იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა წარმოქმნა, რაც გენერალურ ასამბლეას საკმაო მიზეზებს აძლევს ამ საერთაშორისო სამართლებრივ და ჰუმანიტარულ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დასაკავებლად.
ხმის მიცემის პროცესში აისახა საერთაშორისო პოზიციათა რამდენიმე სტაბილური და რამდენიმე შეცვლილი ასპექტი. შეერთებულმა შტატებმა, ყველა ევროპულმა ქვეყანამ ერთის გარდა, ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ერთის გარდა და გუამის ყველა ქვეყანამ ერთი გარდა, ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ მისცა. ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან გამონაკლისი იყო თურქეთი, ევროპის კავშირის ქვეყნებიდან კვიპროსი, ხოლო გუამის ქვეყნებიდან მოლდავეთი - მათ თავი შეიკავეს.

თურქეთის მთავრობამ, აშკარად დაუთმო რუსეთთან მიმდინარე "სტრატეგიულ პარტნიორობას" და საქართველოსთან თურქეთის ტრადიციულ თანამშრომლობასთან შედარებით უპირატესობა მას მიენიჭა. მოლდავეთის დროებითი მთავრობა პრეზიდენტ ვლადიმერ ვორონინის მოსკოვთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებს დაჰყვა. კვიპროსმა კი რომელიც დაინტერესებულია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით და ეთნიკური წმენდის შედეგების შემობრუნებით, შესაძლოა მოსკოვთან თავისი არატრანსპარენტული ფინანსური კავშირების გამო მოაქცია თავისი საგარეო პოლიტიკა რუსეთის გავლენის ქვეშ. თავის მხრივ, აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ მყოფმა ავღანეთისა და ერაყის მთავრობებმა, თავიდან აიცილეს ხმის მიცემის პროცესი და არგამოცხადებულებად დარეგისტრირდნენ.

რუსეთი ძალიან ცდილობდა რეზოლუციის მიღებისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კვირით შესძლო პროცედურის გადადება. უკანასკნელი ძალების დაძაბვით, რუსეთმა პროცედურული საკითხების წამოყენება სცადა და ასამბლეის დებატების შეწყვეტა ხმის მიცემის პროცედურით მოითხოვა, მაგრამ ეს ამაო ქმედება მარცხით დასრულდა, როდესაც 64-მა ქვეყანამ რუსეთის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, მარცხი რომლის მასშტაბიც ამ ფორუმზე რუსეთისთვის უჩვეულო იყო. მოსკოვმა შემდეგ რეზოლუციის პროექტისათვის 17 ჩასწორება მოამზადა, მაგრამ ვერ მოახერხა მის შინაარსზე გავლენის მოხდენა. გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ რეზოლუცია "პოლიტიზებული" იყო (მოსკოვის სტანდარტული ფრაზა ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც სამართლებრივი საკითხი მისთვის მართლაც უხერხულია). რუსეთის მხარე იმასაც აცხადებდა, რომ - ”რეზოლუციის მიღება საფრთხეს შეუქმნის ჟენევის მიმდინარე მოლაპარაკებებს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ და ძირს გამოუთხრის "ნდობის ფორმირებას" ” - ეს სრულიად გაუგონარი განცხადება იყო, რადგან "ნდობის" ფორმირებაცა და მოლაპარაკებებიც ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს შეჰყავს ჩიხში.
ეჭვს გარეშეა რომ მოსკოვი სანამ შესძლებს, მანამდე ხელს შეუშლის ლტოლვილების დაბრუნებას - მათი არსებობა სწორედ მისივე 1993 და 2008 წლის სამხედრო ოპერაციებითაა განპირობებული. 9 სექტემბრის რეზოლუციამ რუსეთი არ დაასახელა პასუხისმგებლობის მქონე მხარედ და ასევე არ გამოიყენა სიტყვა ”ეთნიკური წმენდა,” მაგრამ ეს დოკუმენტი ნამდვილად წარმოადგენს კონცეპტუალურ გარღვევას და აღიარებს იურიდიულ საფუძვლებს, რომლებიც აუცილებელია შექმნილი სიტუაციის გამოსწორებისთვის.

ამ დოკუმენტით მარცხი განიცადა მოსკოვის იმ პოლიტიკურმა მიზნებმა, რომელთა თანახმადაც "ახალი რეალობა" ანუ ოკუპაცია/ანექსია და ეთნიკური წმენდა საერთაშორისო საზოგადოებას ეღიარებინა, თუნდაც ეს აღიარება მხოლოდ დე-ფაქტო ყოფილიყო. პირიქით, რეზოლუციამ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ლტოლვილების დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლებებს. რეზოლუციამ ამ პრინციპების შესრულებას პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა და დააფუძნა ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელმაც შედეგად სასურველი ეფექტის მისაღწევად პრაქტიკულ ქმედებებს დაუდო სათავე.

ორიგინალი