ენდრიუ რეტმანი
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ამტკიცებს, რომ რუსეთი მისი ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს. ამ გზით ის შესაძლოა უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკავშირის პოლიტიკოსების მისკენ მომხრობას ცდილობს.
ორშაბათს (7 სექტემბერს), ჟურნალ Der Spiegel-თან ინტერვიუში ბატონმა იუშჩენკომ განაცხადა, რომ - ”არსებობს იმის საფრთხე, რომ ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინისგან გამოყოფას შეეცდება.”
"ამისთვის არანაირი შიდა მიზეზები არ არსებობს. პრობლემები იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი ვინმე ყირიმის კარტის გათამაშებას შეეცდება. ამ შემთხვევაში პოტენციურად შეიძლება სერიოზული საფრთხე წარმოიქმნას" - სთქვა მან.
"სიტუაციის შემდგომი განვითარება, არსებითად რუსეთზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ 1993 წელს მისმა პარლამენტმა საპორტო ქალაქი სევასტოპოლი რუსეთის ქალაქად გამოაცხადა. ეს ოფიციალური გადაწყვეტილება გახლდათ, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. ეს იმის მაჩვენებელია რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ყირიმში დესტაბილიზაციისთვის მზად არიან."
დღემდე ეს ყველაზე სერიოზული განცხადებაა, რაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკური ფიგურის შეშფოთებას ადასტურებს უკრაინაში რუსეთის მხრიდან სამხრეთ-ოსური სცენარის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით.
2008 წელს რუსეთმა საქართველოში თავისი ჯარი რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით გაგზავნა. მანამდე მან სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტებს რუსული პასპორტები დაურიგა.
რუსული პასპორტი აქვს ყირიმში მცხოვრებ ასობით ეთნიკურ რუსსაც, ამიტომ უკრაინა ავლებს რა პარალელს საქართველოს კონფლიქტთან, შიშობს რომ რუსეთის აგენტებმა რეგიონში შეიძლება სეპარატისტული განწყობების გაღვივება დაიწყონ.
Der Spiegel-თან ინტერვიუში ბატონმა იუშჩენკომ მინიშნებით განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოებასაც ემუქრება.
"ჩვენს საქმეებში გაუმართლებელი ჩარევა გვეხება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელს ევროპას" - მიაჩნია მას - "მე ვშიშობ, რომ ევროპელებს ეს დღემდე არა აქვთ გაცნობიერებული."
უკრაინაში ექვს თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. გამოკითხვების თანახმად, ბატონი იუშჩენკოს პოზიცია მისი 5,5%-იანი მხარდაჭერით მკვეთრად ჩამოუვარდება პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშჩენკოს პოპულარობის რეიტინგს (15%).
Der Spiegel-ის ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ქალბატონი ტიმოშჩენკოც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მთლიანად ხელში ჩაგდების სურვილის გამო, ტიმოშჩენკო რუსეთთან თანამშრომლობაზე წავიდა.
"დააკვირდით პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობას, მის მოსკოვში ვიზიტებს. როდესაც მე მეხუთე კოლონის საფრთხეს ვახსენებ, ვიცი რაზეც ვსაუბრობ" - განაცხადა მან.
მტკივნეულ წერტილზე დარტყმა
ბატონი იუშჩენკოს მიერ გამოთქმული შეხედულება არჩევნებზე, როგორც ბრძოლაზე თვითგამორკვევას და რუსეთის იმპერიალიზმს შორის, როგორც სჩანს ევროკავშირის პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, მაგალითად პოლონეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გამოხმაურებას ჰპოვებს.
ამ ქვეყნებმა, რომლებიც ოდესღაც "რკინის ფარდის" ქვეშ ცხოვრობდნენ, ბოლო წლებში ევროკავშირს და რუსეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაართულეს, ამჟღავნებენ რა რუსეთის მიმართ ისეთივე უნდობლობას, როგორსაც უკრაინის ხელმძღვანელი.
ორშაბათს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ბატონ იუშჩენკოს მხარი დაუჭირა. ვარშავაში ოფიციალურ მიღებაზე მან ფაქტობრივად ღიად განაცხადა რუსეთის "ბატონობის" საფრთხეზე.
"ეს იყო შეხვედრა ორი დიდი ქვეყნის ლიდერებს შორის, რომლებსაც სტრატეგიული კავშირები აერთიანებთ. ევროპა, რომელიც ევროპის თანამშრომლობა უნდა იყოს და არა ევროპის ბატონობა, ამგვარ ურთიერთგაგებაზე უნდა იყოს დაფუძნებული" - განაცხადა პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
"ამ ევროპისთვის ბრძოლა ორი ქვეყნის - პოლონეთისა და უკრაინის - ტერიტორიაზე გაჩაღდება."
ორიგინალი