Tuesday, September 15, 2009

აღმოსავლეთ-ევროპას ობამასაგან სიყვარული მოაკლდა



უილიამ კოლი

ჩეხებს ისეთი განცდა აქვთ რომ უღალატეს, პოლონელები გაღიზიანებულები არიან, რუმინელებს კი მიაჩნიათ, რომ არად აგდებენ. აბა ჰკითხეთ მათ ვინაა დამნაშავე ამ ყველაფერში და გასაოცარ პასუხს მოისმენთ - ბარაკ ობამა.


ჯორჯ ბუში აღმოსავლეთ-ევროპას ელაქუცებოდა და მისმა ლიდერებმაც არ დააყოვნეს 9/11-ის "კოალიციაში" გაერთიანებას. დღეს კი ბევრი ოფიციალური პირიცა და რიგითი მოქალაქეც ობამას ადმინისტრაციის უგულისყურობაზე ბუზღუნებენ.

ეს რეგიონისთვის, რომელიც დიდი ხანია მიეჩვია შეერთებულ შტატებთან მყუდრო ურთიერთობებს შემაშინებელი შემობრუნების პერიოდია.

"ჩვენ ახლა ინდიფერენტულობის დასაწყისის მოწმენი ვხდებით" - ამბობს ტიუდორ სალაჯინი, რუმინელი ისტორიკოსი და მკვლევარი.

ამ დროს კი ზოგიერთ კუთხეში განწყობა თითქმის მტრულია. მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტის ობამასეული მეთოდი "ობმოდებულ ხახვადაც კი არ ღირს" - ამბობს მირჩა მიჰაესი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე. როგორც ამ თვის დასაწყისში გერმან მარშალის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, სამიდან ორი ბულგარელი, ჩეხი, პოლონელი და რუმინელი იწონებს ობამას საგარეო პოლიტიკას. ეს შეიძლება ვინმეს მტკიცე მხარდაჭერად მოეჩვენოს, მაგრამ ეს მაჩვენებლები ფერმკრთალდება დასავლეთ-ევროპაში ობამას მხარდაჭერასთან შედარებით, სადაც 10 გამოკითხულიდან 9 მისი მომხრეა.

”ურთიერთობებისთვის სახეცვლილება ნორმალურია და დღეს შეერთებულ შტატებს დიდი მიზეზი იმისა, რომ აღმოსავლეთ- ევროპა პრიორიტეტად განიხილონ არა აქვს” - ამბობს იანუს ბუგაისკი, ახალი ევროპული დემოკრატიების პროექტის დირექტორი სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში (ვაშინგტონი).

"ეს ქვეყნები შესაძლოა თავის წარმატებას ემსხვერპლნენ" - ორშაბათს განაცხადა ბუგაისკიმ - "ისინი საკმაოდ სტაბილურები არიან. იქ ადგილი არა აქვს დიდ სოციალურ არეულობასა და პოლიტიკურ არასტაბილურობას და უსაფრთხოებისთვის არ არსებობს რეალური საფრთხე. რაც უფრო წარმატებული ხარ, მით უფრო მეტი შანსი გიჩნდება, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში ქვევით გადაინაცვლო."

"მათ უნდა გაიგონ, რომ ეს ამერიკის ახალი სახეა, მაგრამ ანტი-ამერიკანიზმი არავის ანიჭებს უპირატესობას" - დასძენს ის.

თუ ფართოდ შევხედავთ, ობამა ბევრ რიგით აღმოსავლეთ-ევროპელს მაინც აღაფრთოვანებს. აპრილში, როდესაც პრაღის ძველი სასახლის ფონზე, თავის მთავარ საგარეო პოლიტიკურ სიტყვას წარმოსთქვამდა, აშშ-ს ლიდერმა ტრანს-ატლანტიკური მეგობრობის ათწლეულები გაიხსენა, მეგობრობის, რომელიც რკინის ფარდით გარშემორტყმული ქვეყნების გათავისუფლებას დაეხმარა და მას მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი მიესალმა.

მაგრამ 8 წლის განმავლობაში ბუშის ფერებასა და ლოლიავს მიჩვეულები, ისინი უბრალოდ ვერ გრძნობენ, რომ ისინი ობამას უყვარს და საამისო მიზეზები ძალიან განსხვავებულია.
ჩეხები და პოლონელები იმიტომ დადგნენ ყალყზე, რომ ამერიკა ბუშის ადმინისტრაციის სარაკეტო თავდაცვითი ფარის გეგმისადმი, რომლის თანახმადაც ორ ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში ეს ბაზები უნდა განთავსებულიყო, ახლა ამბივალენტურადაა განწყობილი. სისტემას, რომლის ფარლებშიც 10 ინტერცეპტორი პოლონეთში უნდა დაეყენებინათ, ხოლო რადარი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ისე უწევდნენ რეკლამას როგორც ირანის საფრთხისგან დამცავ სტრატეგიულ შესაძლებლობას.

მაგრამ ამას წინათ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისინი სხვა ვარიანტებს განიხილავენ. პოლონურ-ჩეხურმა გეგმამ რუსეთი გააცეცხლა, ხოლო ობამას ადმინისტრაცია კრემლთან ურთიერთობების გამოსწორებას ცდილობს.

პრობლემა კიდევ უფრო დახლართული იყო: მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთისა და პოლონეთის მთავრობები დაეთანხმნენ სისტემის მასპინძლობას, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ხმაურიან პროტესტს აწყობდნენ, პროექტი სასტიკად არაპოპულარული იყო. ახლა ზოგიერთი ლიდერი სწუხს, რომ ალბათ უაზროდ დაიყენეს თავი დარტყმის ქვეშ.
"მე ამას საძაგლობად ჩავთვლიდი, თუ ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი დაუცველები დარჩებოდნენ" - The Associated Press-ს განუცხადა ალექსანდრე ვონდრამ, ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ერთ დროს აშშ-ში ყოფილმა ელჩმა.

ვონდრა იმ ყოფილი აღმოსავლელი ლიდერების ჯგუფში იყო, ვინც ობამას ივლისში წერილი მისწერა, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ რეგიონი შფოთმა მოიცვა. მათი შფოთის მიზეზი კი ისაა, რომ მისი წამოწყბები რუსეთთან შეიძლება მათი იგნორირების მიზეზი გახდეს.
"თუ არ ვიზრუნებთ, ურთიერთობებზე აშშ-ს, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ-ევროპას შორის, ამან შეიძლება ნამდვილად მიგვიყვანოს მომავალში ურთიერთობების გაუარესებამდე" - განუცხადა მან AP-ს.

პოლონელებს ვაშინგტონზე გაავების სხვა მიზეზებიც აქვთ.

1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავი აღინიშნებოდა და პოლონეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც კი ჩავიდა. აქ იყვნენ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფილონი და ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დევიდ მილიბენდი. აშშ-მ კი ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიმს ჯონსი გამოაგზავნა, რაც პოლონელებმა, რომლებიც ან ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ან სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ჩამოსვლას ელოდნენ, უგულისყუროებად მიიჩნიეს.
"მათ ჩვენ აღარ ვუნდივართ. ისინი ჩვენ ყურადღებას აღარ გვაქცევენ" - წერდა ლუკაზ კვიეცინი ნაციონალურ გაზეთში Dziennik, გესლიან სარედაქციო წერილში, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა - "ჩვენ ამერიკისიდამი ჩვენი ბრმა სიყვარულის გამო გვაზღვევინებენ."
”ამ ყველაფერს შეიძლება შედეგები მოჰყვეს” - გვაფრთხილებს ბარტოშ ვეგლარზიკი, Gazeta Wyborcza-ს ჟურნალისტი.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ადმინისტრაცია, ვაშინგტონი პოლონეთთან და ცენტრალურ-ევროპასთან მთლიანად, ურთიერთობებს უგულისყუროდ ეკიდება. ზოგიერთს მიაჩნია და მეც მათ შორის ვარ, რომ ამერიკას ამ შეცდომისთვის სასტიკი საზღაური ელის" - ამბობს ის.

რუმინელები, იმ აღმოსავლეთ-ევროპელებს შორის არიან, ვისი ჯარიც აშშ-ს არმიასთან ერთად ირანსა და ავღანეთში ომობდა, ახლა კი თავს ისე გრძნობენ თითქოს მიატოვესო, რადგან იმაში დასდეს ბრალი, რომ მათმა მთავრობამ CIA-ს ტერორიზმში ეჭმიტანილთათვის ფარული ციხეების აშენებისა და შესაძლოა დაკითხვისა და წამების ნება დართო.

რუმინეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ნებისმიერი თანამონაწილეობა, მაგრამ ბრალდებები არ შეჩერებულა: გასულ თვეს The New York Times-მა CIA-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სიტყვები მოიყვანა, სადაც ის ამბობს, რომ ერთი ფარული სატუსაღო ცენტრი ბუქარესტის ცენტრში იყო განთავსებული.

რუმინეთის პრეზიდენტი ტროიან ბასესკუ, ბუშის მედგარი მხარდამჭერი, ამას წინათ ნოსტალგიურად იხსენებდა "საერთო მიზნების იმ დაუსრულებელ ნუსხას, რომელსაც მან ბუშის თეთრ სახლთან ერთად მიაღწია.”

ამ ზაფხულს პირველად, ბასესკუმ აშშ-ს საელჩოში 4 ივლისის წვეულება გამოტოვა.
შემდეგ რუმინეთის მედიამ გადმოსცა, რომ აშშ-ს ახალმა ელჩმა, რომელსაც ტრადიციულად პირადად იღებდა ხოლმე ბასესკუ, თავისი დიპლომატიური რწმუნებანი იმავე დღეს გადასცა, რა დღესაც კანადის, ნიდერლანდების, ფილიპინების, გერმანიისა და მექსიკის ელჩებმა.

აშშ-ს წარმომადგენელმა მარკ გიტენშტეინმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ხმებს ვაშინგტონისადმი მხარდაჭერის გამოფიტვაზე. რუმინეთი ამტკიცებს, რომ ის ევროპის პრო-ამერიკული ქვეყანაა, მაგრამ რუმინელი მასწავლებელი როქსანა პოპსი ამაში ასე დარწმუნებული არ არის, თუმცა მიაჩნია რომ ობამა უკეთესი პრეზიდენტია, ვიდრე ბუში.
”ამერიკის გავლენა ყოველთვის კარგი როდია" - ამბობს 28 წლის პოპი - "თავი უნდა გაგვანებონ... ჩვენ ვიღაცის ნებაზე არ უნდა ვმოქმედებდეთ."

ორიგინალი