Sunday, September 20, 2009

ბარაკ ობამას ცვლილებამ სარაკეტო გეგმასთან დაკავშირებით, მოკავშირეები შეაშინა



ფილიპ შერველი (ნიუ-იურკი), ენდრიუ ოსბორნი (მოსკოვი) და ლეონარდ დოილი (ვაშინგტონი)

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა ახალი ამბავი ხუთშაბათს, შუა ღამის შემდეგ ბარაკ ობამას ნაჩქარევი ზარით შეიტყო.

ვარშავაში მისმა პოლონელმა კოლეგამ დონალდ ტუსკმა თავიდან თეთრი სახლიდან შემოსულ ზარს არ უპასუხა - ის მიხვდა თუ რატომ ურეკავდნენ ასეთ უჩვეულო დროს და პასუხის მომზადება უნდოდა.

გასულ კვირას ობამამ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხში თავისი მმართველობის ყველაზე დრამატულ ცვლილებას ახადა ფარდა და მისი წინამორბედის ჯორჯ ბუშის მიერ დაგეგმილ ანტი-ბალისტიკურ ფარზე აღმოსავლეთ-ევროპაში უარი განაცხადა.

ამ რადიკალური შემობრუნებით ობამას ადმინისტრაციამ მტკიცედ მოიტოვა უკან ბუშის გამომწვევი დიპლომატიური უნილატერალიზმი და ახალ ეპოქაში შეაბიჯა, ეპოქაში რომელშიც ამერიკა პარტნიორებს მოიძიებს და კომპრომისებზე წავა მსოფლიო არენაზე.

დამთხვევა არ უნდა იყოს, რომ ეს ნაბიჯი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომამდე ერთი კვირით ადრე გადაიდგა. ამ სხდომაზე ობამა შეეცდება პრაქტიკაში დანერგოს ახალი მიდგომა, რადგან ის კლიმატის ცვლილებასთან, ახლო-აღმოსავლეთთან და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებთან დაკავშირებით გასაოცრად ამბიციური სამოქმედო გეგმის წამოყენებას აპირებს.

ეს გადაწყვეტილება ფეხდაფეხ მოჰყვა ადმინისტრაციის მიერ ბოლო დროს აღებულ ახალ ვალდებულებას - მოლაპარაკებებს ჩრდილო-კორეასთან და ირანთან მათი უკანონო ბირთვული აქტივობების შესახებ.

ობამა ამ ყველაფერს "თანამშრომლობის ერას" უწოდებს, ხოლო მისი ნეოკონსერვატორი კრიტიკოსები მის სტრატეგიას სახიფათოდ მიამიტ დაშოშმინებად მიიჩნევენ. ჯონ ჩიპმანი, ლონდონის კვლევითი ორგანიზაციის სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ობამას ახალ მიდგომას ასე ახასიათებს - "არა, ჩვენ აღარ შეგვიძლია მარტო ამის კეთება” და ამით მისი გასული წლის საარჩევნო კამპანიის სლოგანზე მიუთითებს - "დიახ, ჩვენ შეგვიძლია."

მის მხარდამჭერებსა და ოპონენტებს თუ რამე აერთიანებთ ესაა რწმენა იმისა, რომ აშშ-სთვის ვარსკვლავური ომების გადააზრება ისტორიულ წყალგამყოფად იქცა, თუმცა თეთრმა სახლმა ძალიან უხეიროდ გააგებინა ეს ამბავი თავის მოკავშირეებს პოლონეთს, რომელსაც სისტემის ინტერცეპტორებისთვის უნდა ემასპინძლა და ჩეხეთის რესპუბლიკას, სადაც რადარები უნდა განთავსებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი გააფრთხილებულები იყვნენ შესაძლო ცვლილების შესახებ, ობამას იმის დასტური სჭირდებოდა, რომ ინფორმაცია პირადად მიაწოდეს.
ამიტომ მან სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალი რანგის ჩინოვნიკები ოთხშაბათს ვარშავასა და პრაღაში იქაურ ლიდერებთან შესახვედრად გაამგზავრა, მაგრამ იმავე საღამოს თანამშრომლებმა გააგებინეს, რომ ამბავმა გაჟონა მაშინ, როდესაც მაცნეები ჯერ კიდევ გზაში იმყოფებოდნენ, რამაც სასწრაფო სატელეფონო ზარების ქარიშხალი გამოიწვია.

ინტონაცია საკმაოდ განსხვავებული იყო ხუთშაბათს დილით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა აშშ-ში რუსეთის ელჩს დაურეკა, რადგან მოსკოვმა ამით ძალიან სასიხარულო ამბავი შეიტყო.

ლონდონში აპრილში, დიდი ოციანის თანმდევ შეკრებებზე რუსეთის პრეზიდენთან, დიმიტრი მედვედევთან პირველი შეხვედრის შემდეგ, ობამას მასთან სულ უფრო კარგი ურთიერთობა უყალიბდებოდა, მაგრამ ამ ურთიერთობებში ბუშის სარაკეტო თავდაცვითი გეგმა ხინჯად იყო ჩარჩენილი, ხოლო რუსეთის ლიდერები ამის გამო აღშფოთებას არ წყვეტდნენ.

კრემლი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ადგილზე სარაკეტო ფარის განთავსებას, რომელსაც თავის სამეზობლოდ განიხილავდა. ის უარზე იდგა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარი მხოლოდ ირანის გრძელი დამიზნების რაკეტებისგან ამერიკის დაცვას გულისხმობდა.

ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალი სადაზვერო ინფორმაციის შუქზე მიიღო, რადგან გაირკვა, რომ ირანს კიდევ დიდხანს არ ექნება გრძელი დამიზნების სარაკეტო დანადგარები, როგორც ეს ადრე წარმოედგინათ, ხოლო მისი 1 200 მილიანი სარაკეტო არსენალი სულ უფრო მეტად სახიფათო ხდება, რადგან მისი მეშვეობით შეიძლება დარტყმა მიიტანონ ისრაელზე, არაბულ სამყაროსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე.
ამიტომ აშშ-ს მობილური თავდაცვითი სისტემა სჭირდება, გემებზე განთავსებული SM-3 ინტერცეპტორები, რომლებიც რეგიონს მოკლე და საშუალო დამიზნების რაკეტებისგან დაიცავს.

ობამამ ზუსტად იცოდა, რომ მას პოლიტიკური გათვლების გამო თავდაცვითი სისტემის ღალატში დასდებდნენ ბრალს და ამიტომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება თავდაცვის მდივანს, რესპუბლიკელ რობერტ გეითსს დაავალა. პენტაგონის შეფმა, რომელიც ადრე მკერდით იცავდა ბუშის გეგმას, ახლა, გამაოგნებლად შეცვლილი პოზიცია გამოამჟღავნა და განაცხადა, რომ ახალმა მონაცემებმა გადაარწმუნა.

მაგრამ სამხედრო არგუმენტების გარდა, ობამა, რაც ყველაზე სადაოა ამ პროცესში, მოსკოვის კეთილგანწყობის მოპოვებასაც ცდილობს, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე ირანის ბირთვული ამბიციების შეკავების მიმართულებით გარღვევის მიღწევა გაურთულდება.
განცხადების დრო სრულიად გასაგებია. ხუთშაბათს პრეზიდენტმა გაერო-ში ბირთვული გავრცელების საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს, ხოლო 1 ოქტომბერს აშშ, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ჩინეთი ირანთან შეჩერებულ მოლაპარაკებებს განაახლებენ.

ძველმოდური რეალპოლიტიკის ეს ჟესტი, როგორც სუსტი და მცდარი კონსერვატორების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან ირანთან დაკავშირებით რუსეთს დათმობის არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია.

"რუსეთი ამ ეტაპზე ირანთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავა, რადგან ეს ახლა იმპოტენტურ დათმობას დაემსგავსება" - ამბობს ჯორჯ ფრიდმანი, წამყვანი ამერიკელი კონსულტანტი თავდაცვის დარგში და სტრატფორის მსოფლიო ანალიტიკური კომპანიის ხელმძღვანელი.

"რუსები ამას ისე აღიქვამენ, როგორც მათი იაფად ყიდვის მცდელობას, პოლონელები, როგორც იმას რომ გაყიდეს, ხოლო ირანელები დასცინებენ ბიჭებს, რომელთაც მიზანში სროლა არ შეუძლიათ. ეს მოუხეშავად შესრულებული სამუშაო იყო და დროც ძალიან ცუდად იყო შერჩეული."

მისი თქმით, სანამ რუსეთი თავს ხიფათში გრძნობს იმის გამო, რომ აშშ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს უკრაინასა და საქართველოს უჭერს მხარს, ის არ დათმობს თავის გავლენას ირანთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე. "სხვა რამის მოლოდინი, მიამიტური და არარეალურია" - ამბობს ფრიდმანი.

დენ გური პენტაგონის ძველი კონსულტანტი ასევე სკეპტიკიურადაა განწყობილი.
"ადმინისტრაციის პოლიტიკა, როგორც სჩანს იმაში მდგომარეობს, რომ ის ჯერ დათმობაზე მიდის და მერე მოლაპარაკებებზე" - განაცხადა მან - "ეს არ არის ის გზა, რომელიც რუსებთან გამოდგება."

რეალურად კი ობამას გამბიტი ნიუ-იორკში, ამ კვირას მხოლოდ მისი და მედვედევის შეხვედრის შემდეგ გაივლის გამოცდას. მეტი მოქნილობის ნიშნად რუსებმა უკვე განაცხადეს, რომ უარი სთქვეს თავისი დასავლური ანკლავის, კალინინგრადის რაკეტებითა და ბომბდამშენებით შეიარაღებაზე, მაგრამ ირანის პოლიტიკა ლაკმუსის ტესტად რჩება.
თავისი პირველი ლონდონური შეხვედრის შემდეგ, ორივე თავისი ბირთვული არსენალის მნიშვნელოვნად შემცირებაზე შეთანხმდა. აშშ-მ განაცხადა, რომ ბუშისა და ყოფილი პრეზიდენტის პუტინის მკავხე ურთიერთობების შემდეგ, მას მოსკოვთან კონტაქტების "გადატვირთვა" სურს.

ობამა ივლისში მოსკოვში დიალოგის გასაგრძელებლად გაფრინდა. მაშინ შეხვედრის შედეგები მწირად გამოიყურებოდა. კადრში ჩანდა, როგორ წრუპავდა აშშ-ს ცოტათი შეშფოთებული პრეზიდენტი ჩაის პუტინის რეზიდენციაში, მოსკოვის მახლობლად და როგორ მიაბიჯებდა კრემლის მოოქროვილ დერეფნებში.

მისი თანამშრომლები ჰყვებოდნენ, რომ დროის უდიდესი ნაწილი სარაკეტო ფარმა და ირანმა წაიღო. ბევრის აზრით, ვიზიტი უფრო სტილზე იყო ორიენტირებული, ვიდრე არსებით საკითხებზე, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ შეხვედრები უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა.

პუტინმა სარაკეტო თავდაცვითი ფარისადმი რუსეთის გაღიზიანების მასშტაბი მიუნჰენში, 2007 წლის მარტის უსაფრთხოების კონფერენციაზე თვალშისაცემი აფეთქებით დაადასტურა.

აშშ-ს დელეგატები, რომელთა შორის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსიც იყო, საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ. პუტინმა ვაშინგტონს იმაში დასდო ბრალი, რომ მსოფლიოს "ერთი კონფლიქტიდან მეორის უფსკრულში" მიათრევს და განაცხადა - "ჩვენ დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის თავშეუკავებელი ჰიპერ გამოყენების მოწმენი ვხდებით."

ბუშის წამყვანი მრჩევლებისთვის ეს იმის ნიშანი გახდა, რომ პუტინთან საქმის დაჭერა აღარ შეიძლებოდა და აშშ-ს თავისი ინტერესები მოსკოვთან კოოპერაციის გარეშე უნდა დაეცვათ.
ობამამ და მისმა გუნდმა სრულიად განსხვავებული მიდგომა გამოამჟღავნეს. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, მიიღებენ თუ არა ისინი მოსკოვისგან საპასუხოდ რაიმე მნიშვნელოვანს.

აშშ-ს ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან პატარა გამოცდილება აქვს, მომავალ რამდენიმე დღეში მართლაც მაღალ ფსობენს ჩამოვა - ჯერ ნიუ-იორკში ყოველწლიურ შეკრებაზე და შემდეგ, როდესაც პიტსბურგში დიდი ოციანის სამიტს უმასპინძლებს.

ბუშისგან განსხვავებით, მან ცხადყო, რომ მსოფლიოს წარმომადგენლებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, თუმცა ამის გამო მას რამდენიმე არასასიამოვნო შეხვედრა ელის. მისი განრიგი ისეა შედგენილი, რომ მან უნდა შესძლოს ირანის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აჰმედინეჯადთან შეხვედრის თავიდან არიდება, მაგრამ ამავე დროს ორჯერ უნდა აღმოჩნდეს ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის გვერდით.

პოლკოვნიკი კადაფი გენერალურ ასამბლეას ოთხშაბათს დილით, პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მიმართავს, ხოლო როდესაც ობამა ხუთშაბათს, როგორც პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს და განიარაღებისა და ბირთვული შეიარაღების გავრცელების საკითხებს განიხილავს, პოლკოვნიკი კადაფიც იქვე იქნება, რადგან ლიბია ამჯერად 10 როტაციული ადგილიდან ერთ-ერთს ფლობს.
ტრიპოლი გენერალური ასამბლეის 192 წევრიდან ერთ-ერთია, ამიტომ კადაფის იქ ყოფნა გარდაუვალია - რაც ობამასაც და გორდონ ბრაუნსაც უხერხულობას შეუქმნის, მით უფრო რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ახლახანს გაათავისუფლა ლოკერბის დაბომბვისთვის მსჯავრდადებული პირი.
PanAm 103-ის ამერიკელ მსხვერპლთა ნათესავები კი შენობასთან საპროტესტო გამოსვლას მოაწყობენ.
ობამას სადაო მულტილატერალიზმის კიდევ ერთი მაგალითია დისკუსია, რომელსაც ის წარუძღვება და რომელიც იმის ნაცვლად, რომ ყურადღების ორ ჩვეულ ობიექტზე ირანსა და კორეაზე კონცენტრირდეს, ბირთვულ განიარაღებას უფრო ფართო, გლობალურ კონტექსტში განიხილავს.
მშვიდობა ახლო-აღმოსავლეთში პრეზიდენტის კიდევ ერთი თამამი სამიზნეა და ის იმედოვნებდა, რომ ნიუ-იორკის მინი-სამიტზე ისრაელისა და პალესტინის მოლაპარაკებებზე განცხადებას გააკეთებდა, მაგრამ ეს იმედებიც მყიფედ გამოიყურება, განსაკუთრებით რეგიონში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, ჯორჯ მიტჩელის ვიზიტის შემდეგ, რომელიც პარასკევს ჩიხით დასრულდა.
"პრეზიდენტ ობამას მომავალი ვიზიტი გაერო-ს 64-ე გენერალურ ასამბლეაზე სხვა არა იქნება, თუ არა გართობა" - წერდა New York Daily News-ში ჯონ ბოლტონი, ბუშის ყოფილი ელჩი, აშკარად გამოხატული ნეოკონსერვატორი და ქორი.

მისი პროგნოზით, გაერო-ში ობამას სიტყვით "აღფრთოვანდებიან" - განსხავავებით იმისგან თუ როგორ ხვდებოდნენ მის ყოფილ ბოსს ბუშს, რომელიც იმის გამო, რომ აუდიტორია ნაკლები ენთუზიაზმით ხვდებოდა, გაერო-ში ყოველწლიურ შეხვედრებს "ცვილის მუზეუმში ვიზიტს " უწოდებდა.

"ობამას გამოჩენა გაერო-ში იმის დემონსტრირება გახდება, რომ ის ერთმნიშვნელოვნად "ფლობს" (როგორც მას უყვარს თქმა) ჩვენს საგარეო პოლიტიკას” - ამბობს ბოლტონი - "და რატომაც არ უნდა ველოდოთ ობამამანიის ხილულ დემონსტრაციას გაერო-ში? მან მათ საკმაოდ ბევრი მისცა იქიდან, რასაც სთხოვდნენ..."

ობამას ადმინისტრაციის ახალი მიდგომა გასულ თვეს ობამას საარჩევნო კამპანიის წამყვანმა მრჩეველმა და დღეს გაერო-ში აშშ-ს ელჩმა, სიუზან რაისმა თავის სიტყვაში შეაჯამა. რაისი მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან და სამანტა პაუერთან, ობამას ირლანდიელი წარმოშობის მეგობართან, რომელიც ახლა ნაციონალური უშიშროების საბჭოში თეთრი სახლისთვის ორმხრივ ურთიერთობებს მეთვალყურეობს.
ელჩმა თავდაპირველად ის შემაშინებელი გლობალური პრობლემები ჩამოთვალა, რომელთა პირისპირაც აღმოჩნდა აშშ - მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ომები ავღანეთსა და ერაყში, ირანისა და ჩრდილო-კორეის ბირთვული პროგრამები, ალ-ქაიდას ტერორი, კიბერ თავდასხმები, საერთაშორისო დანაშაული და კლიმატის ცვლილებები.

შემდეგ მან იმაზე ილაპარაკა, თუ რას ნიშნავს ობამას დიპლომატიის დოქტრინა.
"არსებობს ტრანს-ნაციონალური საფრთხეები, რომლებიც ისე თავისუფლად კვეთენ საზღვრებს, როგორც ქარიშხალი. მათი გამკლავება იმთავითვე ერთ ცალკე აღებულ ქვეყანას არ ძალუძს."

"თუ ოდესმე დამდგარა დრო ეფექტური მრავალმხრივი თანამშრომლობისა აშშ-ს ინტერესების სასარგებლოდ და საერთო, უფრო მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისათვის, ასეთი დრო დღესაა. იქნება უკუსვლა და იმედგაცრუებაც. იქნება რთულად გადასალახი უთანხმოებები და ვითარება, რომელიც გააჩენს უიმედობის განცდას."

"მაგრამ ჩვენ ვნახეთ რად დაგვიჯდა გათიშულობა. ჩვენ გადავიხადეთ გაერო-სგან დისტანცირების, საერთაშორისო პარტნიორებისადმი ქედმაღლური დამოკიდებულების საფასური. შეერთებული შტატები 21-ე საუკუნეში შევა არა როგორც ქედმაღალი ჩხუბისთავი, არამედ მომთმენი დიპლომატიით, ჩვენი საერთო უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული მედგარი გადაწყვეტილებებით, კაცობრიობისთვის გაღებული დანახარჯებით."

ასეთია ობამას ახალი წესრიგის მთავარი განცხადება, ხოლო ბოლტონის მსგავსებისთვის ეს საგარეო პოლიტიკისადმი სახიფათო "კუმბაია" მიდგომაა ისეთი, როგორიც უსწრებდა წინ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას ამერიკაზე.

ორიგინალი