Saturday, September 26, 2009

კოსოვო: ევროკავშირის პოლიტიკის ხელახლა გააზრება





ეკრემ კრასნიკი

თუკი ევროკავშირი ეკონომიკურ განვითარებას მის უმაღლეს პრიორიტეტად არ აქცევს, ერთიან კოსოვოს პერსპექტივა არ უწერია


კოსოვოში კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის ევროკავშირის მისიას (EULEX) სერიოზული კრიზისი ემუქრება, რადგან როგორც კოსოვოელ სერბებში, ასევე ალბანელებში მისი საქმიანობის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკავშირსა და კოსოვოს ინსტიტუტებს შორის შეთანხმებების არ არსებობაა, რომელშიც ამ მისიის უფლებამოსილებები დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული.

გაურკვევლობა, უთანხმოება და კამათი დღეს ნორმად იქცა და ამგვარი სიტუაცია იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე ბრიუსელს და პრიშტინას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა კვლავ გაურკვეველი და ორაზროვანი დარჩება.

იმავდროულად, ეკონომიკური განვითარება, უფრო ზუსტად კი ასეთი რამის არ არსებობა, კანონიერებასა და მართლწესრიგზე დაქვემდებარებულ როლს თამაშობს და სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის საშიშროება ძალიან რეალურია. (კოსოვო სრულად და ყველა თვალსაზრისით იმპორტზე, უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებზე და ასევე იმ ფულზეა დამოკიდებული, რომელსაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციები ხარჯავენ).

კოსოვოელ ალბანელებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ EULEX-ის მისია კოსოვოს დამოუკიდებლობის და სრულყოფილი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებს. ასეთი აზრი უსამართლოა და დიდწილად იმის შედეგია, რომ მისიის მანდატი მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. იმავდროულად, კოსოვოელი სერბების განწყობა ევროკავშირის მისიის მიმართ, რომლებიც ალბანელებთან საერთო ერთსულოვნებას იშვიათად ავლენენ, ასევე ნეგატიურია. ისინი აცხადებენ, რომ EULEX-ის მხრიდან საზღვარზე კონტროლის გაძლიერების მცდელობა (ოფიციალურად ეს თითქოს კონტრაბანდის პრობლემების გადაწყვეტისთვის კეთდება) სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივ აღიარებას ნიშნავს. კოსოვოელ სერბებს ასევე მიაჩნიათ, რომ ბელგრადის თანამშრომლობა ევროკავშირის მისიასთან ასევე კოსოვოს უხმო აღიარებაა.

ამ თვეში სერბეთმა EULEX-თან პოლიციის ძალების თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა, კოსოვოს ხელისუფლებამ კი ეს ნაბიჯი გააპროტესტა, მაგრამ განხეთქილება თავად პროტოკოლის შინაარსს კი არ მოჰყვა, რომელიც კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის ევროკავშირის მისიასა და ბელგრადს შორის პოლიციური ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს, არამედ იმას თუ როგორ გაჩნდა ეს დოკუმენტი. ის კოსოვოს მმართელობითი ორგანოების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე შეიქმნა. რა თქმა უნდა, კოსოვოს ხელისუფლებას მონაწილეობა უნდა მიეღო პროტოკოლზე მუშაობის პროცესში, ხოლო EULEX-მა ძალიან წარუმატებლად განახორციელა ეს ქმედებები, რომელთა წარმატება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ მიიღებენ მას კოსოვოს მმართველობითი ორგანოები და მხარის მოსახლეობა.

ეთნკურად ალბანელი ახალგაზრდობის ქმედებები, რომელმაც EULEX-ის ავტომობილები დალეწა და დაწვა და მისიისა და კოსოვოს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებს მართავდა, სულ უფრო მზარდი უკმაყოფილების მხოლოდ პირველი ნიშნებია.

იმავდროულად, ევროკავშირის მისია მალე გააცნობიერებს, რომ მართალია მხარეს კანონი და წესრიგი უკიდურესად ესაჭიროება, თუმცა კოსოვოში მისი სტრატეგიის საფუძველი ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს. მის გარეშე კანონს, წესრიგს და დემოკრატიას გადარჩენის არავითარი შანსი არა აქვს.

ომის დასრულებიდან ათი, ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ კოსოვოში კვლავ არ არსებობს წარმოების პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, პოლიტიკა განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, გარემოს დაცვასა და მოსახლეობის დასაქმებაში. რეფორმებზე აქა-იქ რაღაც მინიშნებები ჩნდება ხოლმე, მაგრამ ისინი რეალიზაციის სტადიას ვერ აღწევენ, დიდწილად კომპეტენტურობისა და მოქმედი პოლიტიკოსების თაობაში ნებისყოფის დეფიციტის გამო.

საჭიროა, სამ მნიშვნელოვან მომენტზე დაფიქრება.

პირველი: კოსოვოში პრივატიზაციის პროცესი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როდესაც კოსოვოს პარლამენტი ეკონომიკური განვითარების მოკლე სტრატეგიას კანონად აქცევს. საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა ხელს შეუწყობს კორუფციის აყვავებასა და კოსოვოს ეკონომიკური ბაზის მნიშვნელოვანი ელემენტების პირადი გამდიდრებისთვის გაყიდვას.

მეორე: ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ცენტრში უნდა იყოს განათლება. საჭიროა, ევროკავშირმა კოსოვოში და კოსოვოსთვის კადრების მომზადება დაიწყოს. განათლების სისტემაში უნდა ჩაიდოს სერიოზული ინვესტიციები, რადგან დღევანდელ დღეს რეალიზებულ რეფორმებში არ არსებობს გრძელვადიანი პერსპექტივის ხედვა.

მესამე: ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ადგილობრივ ეკონომიკას, დაარწმუნოს რეგიონში კოსოვოს მეზობლები, რომ აუცილებელია პოლიტიკური და ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის კოსოვოს პროდუქციის რეგიონალურ ბაზრებზე გასვლას და სერიოზულ დარტყმას აყენებს ექსპორტს. საჭიროა სერბეთი, ჩერნოგორია, ასევე ბოსნია და ჰერცოგოვინა აიძულონ, რომ მათ კოსოვოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე გააუქმონ ბლოკადა, ხოლო ალბანეთს კოსოვოელთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მაღალი გადასახადები და საბაჟო ტარიფები უნდა შეამცირებინონ.

რამდენად ძლიერი უნდა იყოს EULEX-ის მისიის ძალაუფლება კოსოვოში? ერთიანი აზრი ამ საკითხზე არ არსებობს, მაგრამ კორუფციის არსებული დონის, პირადი ანგარებიანი ინტერესებისა და მოქმედ კოსოვოელ პოლიტიკოსებში პოლიტიკური ნების არ არსებობის გათვალისწინებით, შეიძლება იმაზე საუბარი, რომ აქ ბოსნიაში შეიძლება მოქმედი საერთაშორისო მოდელის მანდატის გამოყენება. ამ ქვეყანაში უმაღლესი წარმომადგენლის მმართველობას უზარმაზარი უფლებამოსილება გააჩნია, რაც ამ უმაღლეს მმართველს უფლებას აძლევს სამსახურებიდან დაითხოვოს ის დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელები, რომლებიც რეფორმების რეალიზაციას უშლიან ხელს.

საერთაშორისო თანამეგობრობამ მისი მტკიცე ხელით სასწარფოდ უნდა გაყაროს ისინი, ვისაც კოსოვოს რეფორმირებისთვის საკმარისი ნებისყოფა არა აქვს. შესაძლოა, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც კოსოვოს ეკონომიკური განვითარების გასაგები სტრატეგიის გამომუშავებამდე (თუკი ვინმეს მისი დაწერის სურვილი გაუჩნდება) მიიყვანს და ის კოსოვოს დამოუკიდებლობის ექსპერიმენტში გარდამტეხი მომენტი გახდება.

ერემ კრასნიკი - ჟურნალისტი კოსოვოდან, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ბრიუსელში.

ორიგინალი