Monday, September 21, 2009

ამღვრეული ჩეჩნეთი რუსეთს ისევ აღიაზიანებს



რუსეთის ომი სეპარატისტებთან სამხრეთით მდებარე რესპუბლიკაში ჩეჩნეთში, 15 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ ოფიციალურად დასრულდა, მაგრამ მუსულმანური რეგიონი ისევ მოიცვა ძალადობამ, რომელიც სულ უფრო ვრცელდება მეამბოხეებმა ადგილობრივ, მოსკოვისადმი ლოიალურ ჩეჩენ ხელისუფლებზე თავდასხმები გაახშირეს, რასაც წინააღმდეგობის დათრგუნვის, გატაცებების, წამებისა და ოპონენტების მკვლელობის ესკალაცია მოჰყვა.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამას წინათ მთიანი კავკასიის რეგიონში, რუსეთის სამხრეთით მდებარე ამ რესპუბლიკაში მიმდინარე ძალადობას, თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორ ომში, რუსეთი ჩეჩნეთს დასამორჩილებლად ბომბავდა. დედაქალაქი გროზნო, რომელშიც ოდესღაც 500 000 ადამიანი ცხოვრობდა, თითქმის მიწასთან გაასწორეს. დედაქალაქი დღევანდელი პრო-მოსკოველი ლიდერის, 32 წლის რამზან კადიროვის მმართველობის დროს აღადგინეს.

ეს მართლაც შთამბეჭდავი ტრანსფორმაციაა. იქ, სადაც ნანგრევების გარდა აღარაფერი იყო, ახლა ახალი საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო ოფისები და ზედმიწევნით მოვლილი ბაღებით გარშემორტყმული ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთი დგას.

მაგრამ ეს აღორძინება ძვირად დაუჯდათ. კადიროვს, ოდესღაც სეპარატისტული შენაერთის ლიდერს, მოსკოვმა ამბოხის ნიშნების სასტიკი ჩახშობისათვის თავისუფალი მოქმედების ნება დართო. მან ჩეჩნეთი თავის სამფლობელოდ აქცია.

ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის პარალელურად, მან ისლამის საკუთარი ვერსიის გავრცელება დაიწყო, ქალებს შინ დარჩენისკენ და ქმრებისადმი მორჩილებისკენ მოუწოდებდა. მან თანხმობა მისცა ღირსების მკვლელობას - იმ ქალების მკვლელობას, ვინც ოჯახს “სირცხვილი” მოუტანა.

ახლად განახლებულ ბაზარში კუსუნ ტუტაევა კადიროვს აქებს. “ჩვენ ძლიერი ლიდერი გვჭირდება” - ამბობს ის და კადიროვს საბჭოთა დიქტატორს სტალინს ადარებს.
მოსკოვი თვალს ხუჭავდა, კადიროვის ტაქტიკამ კი მხოლოდ გარეგანი სტაბილურობა მოიტანა, მაგრამ აქ ისევ დაიწყო ჩეჩენი სეპარატისტების თავდასხმები და სულ უფრო ხშირად მათ თვითმკვლელი ტერორისტები ახორციელებენ.

ბევრი ჩეჩენი მათ შორის ალან დაუდოვი ფიქრობდა, რომ კადიროვი მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას მოუტანდა, მაგრამ დაუდოვი ამბობს, რომ ჩეჩნები მზარდი კორუფციის მოწმენი ხდებიან და ხალხი ისევ ტერორში ცხოვრობს. ”ჩეჩნებს ახლა კადიროვის ჯარის უფრო ეშინიათ, ვიდრე მეამბოხე მებრძოლების” - ამბობს ის.

თამარა ვაშხაბოვას ვაჟი მაისში ათეულობით მოწმის თვალწინ კადიროვის უშიშროების ჯარებმა მოკლეს, ხოლო მის მოხუცებულ ქმარს, რომელიც მკვდარ ვაჟს ეხუტებოდა, კადიროვის პოლიცია შვილის დაწყევლასა და ვაჟის მკვლელობისთვის მადლობის თქმას აიძულებდა. როდესაც უარი უთხრა, ის გონის დაკარგვამდე სცემეს, ხოლო ხელისუფლებამ ოჯახს ვაჟის ცხედარი დასაკრძალად არ გადასცა.

ვაშხაბოვა ამბობს, რომ აგვისტოში სპეცდანიშნულების ჯარებმა მისი მეორე ვაჟი, აბდულა წაიყვანეს.

“ის მანქანაში ჩასვეს და არ გვითხრეს საით მიჰყავდათ. ყველგან ვეძებდით. ის გაუჩინარდა” - ამბობს ვაშხაბოვა.

არსებობს ცნობები ათობით ასეთ შემთხვევებზე. აბდულას ბიძა, მუსა ვაშხაბოვი ამბობს, რომ - ”კადიროვის ჯარები ახლა იმათ ნათესავებს დასდევენ, ვინც ხელისუფლების აზრით კადიროვის მმართველობას უქმნის პრობლემებს.”

“ადამიანებმა აღარ იციან რა დაემართებათ. თუ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდებოდა, მშვენიერი იქნებოდა, თუ რამე შემეშალა დამაპატიმრე, ადვოკატის აყვანის ნებართვა მომეცი, მიმიყვანე სასამართლოში, მაგრამ აქ გაწამებენ და გკლავენ” - ამბობს ვაშხაბოვი.

კადიროვის მტრებს ვენაში, დუბაიში და მოსკოვში ისევე კლავენ, როგორც ჩეჩნეთში. გასულ თვეს ცნობილი უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა, კადიროვის ერთ-ერთი ბოლო ოპონენტი მოკლეს და მკვლელობა ჯერაც არ არის გახსნილი. მოგვიანებით კიდევ ორი უფლებადამცველი იპოვეს თავის მანქანაში მოკლული. ამ საქმეში კადიროვი თავის მონაწილეობას უარყოფს, მაგრამ დარჩენილ აქტივისტებს ეშინიათ, რომ მათი ჯერიც მოვა. ჰედა სერატოვამ ამას წინათ თომას ჰამარბერგს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს მიმართა. ჰამარბერგი ჩეჩნეთში ვიზიტით იმყოფებოდა.

“როდესაც ღამით შინ ვბრუნდები, ჩემს ზურგს უკან ჩრდილებს ვგრძნობ, მე შესაძლო მკვლელი დამდევს. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხალხს ველაპარაკებოდი, მე მდევნიან” - ამბობს სერატოვა.

ჰამარბერგი ამბობს, რომ უკვე არაერთხელ დააყენა მოსკოვში გატაცებებისა და მკვლელობების საკითხი, მაგრამ ამაოდ.

“ეს ჩვენი შეშფოთების მთავარი საკითხია - დაუსჯელობის პრობლემა, ის რომ დანაშაული არასდროსაა გამოძიებული და ბრალეულობა არ დგინდება” -ამბობს ის.

რუს ლიდერებთან დაახლოებულ ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ კადიროვი ზღვარს გასცდა, მაგრამ კრემლი როგორც სჩანს პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.

ჩეჩნეთში ზოგიერთი პრობლემა რუსეთის სამხედრო აქციების შედეგია. ნაღმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. რუსულმა ჯარმა ჩეჩნეთის ომების დროს აქ ტერიტორიები დანაღმა, მაგრამ მოსკოვს დანაღმული სივრცეების რუკა არ წარმოუდგენია, თუმცა ამას საერთაშორისო სამართალი ითხოვს. რუსეთის მთავრობამ არც იმაში გასწია დახმარება, რომ დადგენილიყო რა ბედი ეწია ომის დროს დაკარგულ 5 000 ჩეჩენს.

ზეინაბ ჯამბეკოვას ვაჟი 2003 წელს რუსულმა ჯარმა აიყვანა და ის დღემდე არ სჩანს. მას აღარა აქვს ვაჟის ცოცხლად ხილვის იმედი, მაგრამ ჰამარბერგს ევედრება მისი ცხედრის მოძიებაში მაინც დაეხმაროს.

მოსკოვი უკვე წლებია უგულვებელყოფს დნმ-ის გამოკვლევის მოთხოვნას. ამ კვლევით შესაძლებელი გახდება უცნობ საფლავებში დაკრძალული ცხედრების იდენტიფიცირება.
“ეს საკითხი ბევრჯერ დავაყენეთ, მაგრამ ამის გადაწყვეტა ზევით არ უნდათ” - ამბობს ჰამარბერგი და თავის იმედგაცრუებას გამოხატავს.

ჰამარბერგი ამბობს, რომ რუსეთის მთავრობას ბოლომდე არ ესმის რამდენად ღრმად არიან მთავრობით აღშფოთებულები ის ჩეჩნები, რომლებმაც ნათესავები დაკარგეს. ისევ და სულ უფრო მძაფრად ჩეჩნები რუსებს და მათ ჩეჩენ მომხრეებს მტრებად აღიქვამენ. ის ფიქრობს, რომ ძალადობა კიდევ უფრო დიდი ძალადობის წყარო გახდება.

ორიგინალი