Monday, September 14, 2009

პუტინი პრეზიდენტად დაბრუნებაზე მიანიშნებს



მარკ ჩემპიონი

ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შაბათს ყველაზე მკაფიო მინიშნება გააკეთა იმის შესახებ, რომ თავის ძველ თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. მან განაცხადა, რომ პერსონალურად მის მიერ შერჩეულ მემკვიდრესთან დიმიტრი მედვედევთან ერთად გადაწყვეტს 2012 წელს ვინ იყრის კენჭს პრეზიდენტად

კითხვა-პასუხის რეჟიმში ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში, რომელშიც რუსეთის საკითხებზე მთელი მსოფლიოდან 45 ექსპერტი მონაწილეობდა, პუტინმა ბარაკ ობამას მოსკოვში ივლისის ვიზიტის შემდეგ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მაქსიმალურად დეტალურად შეაფასა. მან განაცხადა, რომ ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის "გადატვირთვასთან" დაკავშირებით გარკვეული ოპტიმიზმითაა განწყობილი, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს გარკვეული იმედები გაუცრუა, როდესაც განაცხადა რომ რუსეთთან ურთიერთოების გადატვირთვის გამო, ირანზე ზეწოლის გაძლიერებას მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ამერიკულ ძალისხმევას მხარს არ დაუჭერს. მან გასაგებად აღნიშნა, რუსეთი მკაცრი სანქციების და ვადების წინააღმდეგია, რომლებიც ობამამ ირანს დაუწესა. პარასკევს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგია და ირანის განცხადებებს ისრაელის განადგურებასთან დაკავშირებით "მიუღებელი" და "სახიფათო" უწოდა.

56 წლის პრემიერმა განაცხადა, რომ ის და მედვედევი ქვეყანაში არსებული სიტუაციის, მათი პირადი გეგმებისა და პარტია "ერთიანი რუსეთი”-ს სურვილების მიხედვით, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს, ერთობლივად გადაწყვეტენ თუ ვინ იყრის კენჭს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინმა 2008 წელს, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მას შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და საპრეზიდენტო ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაიზარდა. თუკი პუტინი 2012 წელს პრეზიდენტად დაბრუნდება, ის ხელისუფლებაში დარჩენას 2024- წლამდე შესძლებს.

პრემიერ-მინისტრმა უარყო ყველა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მსგავსი პროცესი არადემოკრატიულია. მან ის დიდი ბრიტანეთის სიტუაციას შეადარა, სადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გორდონ ბრაუნს ხელისუფლება ყოველგვარი არჩევნების გარეშე გადასცა. ბრიტანეთის საპარლამენტო სისტემის პირობებში, პრემიერ-მინისტრს გამარჯვებული პოლიტიკური პარტია ირჩევს და პირდაპირი საყოველთაო არჩევნები არ ტარდება.

პუტინმა მასსა და მედვედევს შორის ყოველგვარი უთანხმოების არსებობაზე ვარაუდები უარყო. " 2007 წელს იყო რაიმენაირი კონკურენცია? (ბრაუნს და ბლერს შორის) 2012-შიც არაფერი იქნება" - განაცხადა მან.

ახლახანს მედვედევმა რუსეთის ნავთობმოპოვებაზე დაფუძნებული ეკონომიკა, საყოველთაოდ გავრცელებული კორუფცია და "სუსტი დემოკრატია" მკაცრად გააკრიტია, თუმცა მან რეფორმების თანდათან გატარების სურვილი გამოსთქვა. მედვედევი ლიბერალის და მოდერნიზატორის იმიჯის შექმნას ცდილობს, თუმცა 43 წლის პრეზიდენტი ხელისუფლების ტანდემში ნაკლებად გავლენიან პარტნიორად ითვლება.

პუტინმა კვლავ ჩამოთვალა ის წყენა, რომელიც რუსეთს აშშ-ს მიმართ აქვს: შეერთებულმა შტატებმა იარაღი არ გაანადგურა, არამედ შეინახა; ისინი შვიდი წლის განმავლობაში ჰპირდებოდნენ რუსეთს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიიღებდნენ, მაგრამ დანაპირები არ შეასრულეს. "ამის შემდეგ ასეთ ხალხთან მუშაობა როგორ შეიძლება?" - იკითხა მან.

ობამას ადმინისტრაციის მიმართ პუტინს ასეთი პრეტენზიები არ გამოუთქვამს, თუმცა მან ის გააკრიტიკა, რომ შეერთებული შტატები არაბირთვულ ქობინებიან ბალისტიკურ რაკეტებს ამუშავებს. მისი თქმით, ასეთი იარაღის გამოყენება რთულად ხელმისაწვდომი მიზნების, მაგალითად უსამა ბინ ლადენის თავშესაფრის განადგურებისთვის შეიძლება. რადგან რუსეთს ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემთხვევაში, საპასუხო დარტყმაზე გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვს, ამიტომ პუტინის თქმით, ასეთი რაკეტები გაცილებით უფრო მეტ საფრთხეს ქმნიან ვიდრე ბინ ლადენი. "გვექნება ჩვენ აქ გადატვირთვა თუ არა?" - იკითხა მან.

ორიგინალი