Monday, September 14, 2009

თურქეთი: რა ბედი ეწევა სეკულარიზმის საყრდენს?



ჯონატან ლუისი

ათწლეულების განმავლობაში თურქულ არმიას საკუთარი თავი თურქული საზოგადოების საყრდენად მიაჩნდა. ის ყოველთვის მზად იყო ჩარევისთვის, თუკი სამოქალაქო ხელმძღვანელობა საერო განვითარების მოდელს გადაუხვევდა
, რომელიც ამ ქვეყანას თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა დაუსახა დღეს გრძნობს რა, რომ მის პოზიციებს საფრთხე ექმნება, როგორც სამართლებრივი ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით, გენერალიტეტი გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, რათა ქვეყნის ხელისუფლებას შეახსენოს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის როლი, კვლავ ძლიერია.

თანამედროვე თურქეთი ქემალ ათათურქმა გამოძერწა, რომელმაც თურქეთის არმიის ბრძოლისუნარიანობა ააღორძინა, 1919 წელს ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოეთის ძალები განდევნა და თანამედროვე თურქული სახელმწიფოს შენება დაიწყო. თურქეთის შექმნაში სამხედროების როლის აღიარება, წითელ ხაზად გასდევს თანამედროვე თურქეთის ცხოვრებას: სასკოლო პროგრამაში საათებია გამოყოფილი ისტორიის დეტალურ შესწავლაზე, რომელთა გამყარებაც თემატური ექსკურსიებით და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრებით ხდება.

თანამედროვე თურქული სახელმწიფოს შექმნის გარიჟრაჟზე, არმია მის პირველად მიზანს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის საერო მოდელის განვითარების დაცვაში ხედავდა. ასე რომ თურქი სამხედროები, სერიოზული ეჭვით აკვირდებიან ანკარაში "სამართლიანობისა და განვითარების პარტი”-ის მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ორ ძირძველ მტერთან - სომხეთთან და ქურთულ მოსახლეობასთან - ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესის დარეგულირებისკენაა მიმართული.

მართალია თურქეთში ბევრს სურს დასრულდეს ათწლეულების განმავლობაში არსებული მტრობა და სისხლისღვრა, მაგრამ ისინი ისევე როგორც თურქული საზოგადოების გარკვეული ფენები კომპრომისებს სიფრთხილით ეკიდებიან. კერძოდ, ისინი შიშობენ, რომ მშვიდობის მისაღწევად "სამართლიანობისა და განვითარების პარტი"-ის მთავრობა შეიძლება სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. ამ განწყობებს კიდევ უფრო ამძაფრებს ექვსი თურქი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტი, რომლებიც 8-9 სექტემბერს ”ქურთისტანის მუშათა პარტი”-ის მებრძოლებთან, სამ ცალკეულ შეტაკებას შეეწირნენ.
ბოლო წლებში, ”სამართლიანობისა და განვითარების პარტია” პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში სამხედროების შევიწროვების მზადყოფნას ამჟღავნებს. 2009 წლის დასაწყისში, პარტიის მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა შესწორებები მიიღო, რომელთა მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურთა გასამართლება სამოქალაქო სასამართლოებში შესაძლებელია. რამდენიმე სამხედრო მოღვაწე უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე საიდუმლო ორგანიზაციასთან "ერგენეკონ"-თან თანამშრომლობის ბრალდებით, რომელიც სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა.

ბოლო დროს სამხედროებმა დაიწყეს თავიანთი ძალის მობილიზება. მაგალითად 6 სექტემბერს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ყოველწლიური დღესასწაულების ფარგლებში, შეიარაღებულმა ძალებმა ძალის შთამბეჭდავი დემონსტრირება მოახდინეს. სამხედრო აღლუმში მონაწილე ჯარების რაოდენობამ გასული წლების მაჩვენებლებს ორჯერ გადააჭარბა. წელს მათ გაცილებით მეტი ტანკი, თვითმფრინავი და ვერტმფრენი გამოიყვანეს, ხოლო ბოსფორის წყლებში 22 გემისგან შემდგარი ფლოტი მანევრირებდა.
ანკარაში სამხედრო ძლიერების დემონსტრირებას, პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოგანი და პრეზიდენტი აბდულა გიულიც ესწრებოდნენ. წელს მათ აღლუმზე შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი დრო დაჰყვეს და თვალს ადევნებდნენ მარშით მიმავალ კოლონებს.

ერდოგანი, გიული და "სამართლიანობისა და განვითარების პარტი"-ის სხვა მაღალჩინოსნები აცნობიერებენ, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში, სამხედროებმა ხელისუფლებას სამჯერ ჩამოაშორეს მათთვის მიუღებელი მთავრობები და მაინც მმართველი პარტია აშკარად შეგნებულად განაგრძობს საკუთარი პოლიტიკის რეალიზებას. 11 სექტემბერს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთ ოღლიმ განაცხადა - ”მთავრობა იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებები სომხეთთან მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე მოწონებულ იქნება და ექვსკვირიან ვადაში მოეწერება ხელი.”
"შეთანხმებების ტექსტები გამოქვეყნებულია. ასე ჩვენ ვცდილობთ ყველა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებების გაგებას. ჩვენ ექვსკვირიანი ვადით ვართ შეზღუდულები და შევეცდებით რომ ყველაფერი გავაკეთოთ რაც ჩვენს ძალებშია" - გაავრცელა მინისტრის სიტყვები, საინფორმაციო სააგენტო APA-მ.

ორიგინალი