Monday, September 14, 2009

რას ფიქრობდნენ სინამდვილეში ტეტჩერი და გორბაჩოვი, როდესაც ბერლინის კედელი ინგრეოდა



მაიკლ ბინიონი

კრემლის გამოქვეყნებული დოკუმენტები იმას ადასტურებენ, თუ როგორ გვაბაიბურებს ჩვენ ისტორია და პირველ რიგში ჩვენს ლიდერებს.

როდესაც ყველაფერს შეიტყობ, ისტორია როგორც წესი გმირული შარავანდედის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. ბერლინის კედლის დანგრევა ერთ-ერთი იმ გრანდიოზულ მოვლენათაგანია, რომელმაც კომუნიზმის კრახი, ცივი ომის დასრულება და არამხოლოდ გერმანიის, არამედ საერთოდ ევროპის გაერთიანება მოიტანა - ევროპის, რომელიც 40 წლის განმავლობაში საბჭოთა ტანკების მიერ იყო გახლეჩილი.

დღეს, როდესაც ოცი წლის წინანადელ ამბებს ვიხსენებთ, ჩვენ მათ ვაფასებთ როგორც პროცესს, რომელსაც გეგმავდნენ, ამზადებდნენ და აკონტროლებდნენ სახელმწიფო მოღვაწეები: გენერლები და დიპლომატები. სინამდვილეში კი საუბარი პოსტ-ფაქტუმ ქაოტურ და სპონტანურ რეაქციაზეა, რომლის წინასწარ გათვლა შეუძლებელი იყო (არა თუ მისი მართვა) როგორც "შტაზი"-ს შტაბ-ბინაში, ასევე კრემლსა და დასავლური მთავრობების კაბინეტებში.

იმ დროს მე დასავლეთ ბერლინში ვიმყოფებოდი. მახსოვს დაძაბულობა, ჭორები და ველური აღტკინება, მახსოვს აღმოსავლეთ ბერლინის მცხოვრებლები, რომლებიც ექსტაზში მიილტვოდნენ ნეიტრალური ზონისკენ, მახსოვს "შტაზი"-ს საზღვრის დამცველთა შეწუხებული სახეები, რომლებიც უხერხულად იშმუშნებოდნენ ბრანდერბურგის კარიბჭესთან, თვალს ადევნებდნენ რა კედელთან მოცეკვავე ასობით დასავლეთ ბერლინელს და კიდევ ისიც მახსოვს, რის გაგებასაც მაშინ ვერ ვახერხებდი, რას ფიქრობდნენ ისინი, ვინც მეორე მხარეს იყვნენ და რას ფიქრობდა კრემლი, რომელიც აქედან მრავალი მილის მოშორებით, ცივ აღმოსავლეთში მდებარეობდა.

ახლა ეს ვიცით. კრემლი ჩიხში მოაქციეს. მან მოვლენებზე კონტროლი დიდი ხნით ადრე დაკარგა და დიდწილად იმიტომ, რომ მიხეილ გორბაჩოვმა ამ მოვლენებში ჩარევაზე უარი განაცხადა. კედლის დაცემამდე ექვსი დღით ადრე, პოლიტბიურო კონტროლის შენარჩუნებას სასოწარკვეთილი ცდილობდა, თუმცა სიტუაცია თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა. უშიშროების კომიტეტის შეფის თქმით, ბერლინის ქუჩებში გამოსვლისთვის ნახევარმილიონამდე დემონსტრანტი ემზადებოდა. შეინარჩუნებს კი ადგილს ეგონ კრენცი, აღმოსავლეთ-გერმანიის ახალი პარტიული ლიდერი? გორბაჩოვს ამაში ეჭვი ეპარებოდა და თუკი აღმოსავლეთ-გერმანია დაეცემა, როგორ უნდა მოხდეს ამ ფაქტის ახსნა რიგითი რუსებისთვის? და როგორ უნდა მართონ ქვეყანაში სიტუაცია ბონის დახმარების გარეშე?
რეფორმატორმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, მათ საუკეთესო გამოსავალი შესთავაზა: ჩვენვე რატომ არ დავანგრიოთ კედელი? მისმა კოლეგამ უშიშროების კომიტეტიდან სასწრაფოდ გააპროტესტა წინადადება - ”თუკი ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვერ გაგვიგებენ აღმოსავლეთ-გერმანელები, რომლებმაც კედელი ააშენეს.” ბატონმა გორბაჩოვმა კიდევ ერთი რამ დასძინა - ”კედლის გარეშე დასავლეთ-გერმანია აღმოსავლეთს უბრალოდ იყიდდა.”

გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი პრობლემა: სხვა დასავლელ ლიდერებს არ სურდათ გაერთიანება. ამას ისინი პირდაპირ ვერ იტყოდნენ, რადგან ეს ნატო-ს პოლიტიკას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, სამაგიეროდ ისინი ბატონი გორბაჩოვის თქმით, კრემლს აიძულებდნენ ამ იდეაზე ვეტო-ს დადებას.

მან იცოდა რაზეც საუბრობდა. ორი თვით ადრე, მარგარეტ ტეტჩერი კრემლს სპეციალური მისიით ეწვია - რათა გაერთიანება არ დაეშვა. ის ბატონ გორბაჩოვს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ მის საიდუმლოს არ გასცემდა. ამიტომ, წინასწარ სთხოვა რომ ჩაწერა შეეწყვიტათ და პროტოკოლი არ ეწარმოებინათ, მან გორბაჩოვს პირდაპირ განუცხადა - "გერმანიის გაერთიანება არ შედის არც ბრიტანეთის და არც დასავლეთ-ევროპის ინტერესებში. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თქვენ ნატო-ს კომუნიკეში წაგიკითხავთ. ჩვენ ერთიანი გერმანია არ გვჭირდება და არ არის საჭირო ევროპაში ომის შემდგომი საზღვრების შეცვლა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ეს საერთაშორისო სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და დაემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას."

მისთვის საუბედუროდ, სტენოგრაფისტებს მისი სიტყვები არ დავიწყებიათ და ისტორიას შემოუნახეს. ახლა ჩვენ ვიცით, რომ 1989 წელი დასავლეთისთვის არანაკლები ტრამვა იყო, ვიდრე აღმოსავლეთისთვის.

ქალბატონ ტეტჩერს და ფრანსუა მიტერანს უბრალოდ არ ესმოდათ, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული რუსებს. რატომ არ უშლის ხელს მოსკოვი გერმანიის გაერთიანებას? მიტერანი და საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლება, როგორც ეს ბატონ გორბაჩოვს კოლეგებმა შეატყობინეს, საბოლოოდ შეშინდნენ. ჟაკ ატალიმ ისიც კი განაცხადა, რომ თუკი გაერთიანება მოხდებოდა, ის ემიგრაციაში მარსზე გაემგზავრებოდა.

თუმცა გორბაჩოვმა მტკიცედ გადაწყვიტა არ დაბრუნებოდა რუსეთისთვის დამახასიათებელი დაჭრილი დათვის რეაქციას. ის ძველი კომუნისტური დინოზავრების დასაცავად არმიის გაგზავნას არ აპირებდა. აღმოსავლეთ-გერმანიის ურყევ დიქტატორს ერიკ ჰონეკერს ის სამარცხვინო ადამიანად თვლიდა და იმავდროულად გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ თუკი რუსეთი დემონსტრანტებს ძველი დიქტატორების დამხობის უფლებას მისცემდა, აღმოსავლეთ-ევროპის ხალხები მისი მადლიერები იქნებოდნენ.

მისი გულუბრყვილობის გაგება შეიძლება. საბჭოთა დისიდენტის ვლადიმერ ბუკოვსკის თქმით, რომელმაც პირველმა შესძლო კრემლის ზოგიერთი დოკუმენტის ნახვა - ”პრობლემა გახლდათ ის, რომ სინამდვილეში საბჭოთა ხელმძღვანელობამ არასდროს იცოდა, რეალურად მასები რას ფიქრობდნენ. თავისუფალი პრესის არ არსებობის პირობებში, პარტიის კადრებს საკუთარი პროპაგანდის სწამდათ, უშიშროება კი მათ მხოლოდ იმას ატყობინებდა, რისი მოსმენაც კრემლს სურდა.”

ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. რუსეთში რეაქცია ისეთივე ქაოტური და უმართავი იყო, როგორც მთელს დანარჩენ კონტინენტზე. მასები ქუჩებში გამოდიოდნენ, ”კომუნისტური პარტია” კი ერთიანი პოლიტიკის, გეგმის და ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა.
ქალბატონ ტეტჩერს სწორედ ეს აშფოთებდა ყველაზე მეტად. ის რა თქმა უნდა, თავისუფლებას მთელი გულით ემხრობოდა, მაგრამ იმავდროულად წესრიგის, პროგნოზირებადი სიტუაციებისა და ნატო-ს მსგავსი სტრუქტურის მომხრე იყო, სადაც ბრიტანეთს წამყვანი როლი ექნებოდა. იალტის შეთანხმებამ, რომელმაც რუსეთს და დასავლელ მოკავშირეებს გავლენის სფეროები გაუნაწილა - ყოველ შემთხვევაში დასავლეთისთვის - კეთილდღეობისა და სტაბილურობის 40 წელი უზრუნველყო.
თუმცა, აღმოსავლეთს მან კეთილდღეობა ვერ მოუტანა. სწორედ ამიტომ ისწრაფვოდა ბატონი გარბაჩოვი ცვლილებებისკენ ასეთი გამეტებით. მას ესმოდა, რომ მოსკოვს მისი ვალებში ჩაფლული მოკავშირეების შენახვა აღარ შეეძლო. ის ვერ იტანდა აღმოსავლეთ-გერმანიის ჩამორჩენილობას, ჩაუშესკუს რეჟიმის სისატიკეს რუმინეთში, ჟივკოვის კორუფციას ბულგარეთში. საერთოდაც, ამ დოკუმენტების მიხედვით, ბატონი გორბაჩოვი აშკარად ჰუმანური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. ამ ადამიანმა, რომელიც სტალინურ რუსეთში გაიზარდა, მტკიცედ გადაწყვიტა რომ მისი გავლენის სფეროში სტალინიზმისთვის ბოლო მოეღო.

მას და მის კოლეგებს საოცრად ახარებდათ ის ენთუზიაზმი, რომლითაც მათ საზღვარგარეთ ხვდებოდნენ ("განსხვავებით საკუთარი ხალხისგან, რომელიც მას არარაობად თვლიდა" - წერდა თავის დღიურში პოლიტბიუროს მრჩეველი). არ შეიძლება კრემლი გაოცებული არ ყოფილიყო შეძახილებით "გორბი, გორბი" - რომელიც აღმოსავლეთ-ბერლინში ისმოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის იმ ავადსახსენებელ ორმოცი წლის თავზე. როგორც სჩანს მოსკოვი ფიქრობდა, რომ ყველაფერს ერთბაშად მიიღებდა: აღმოსავლეთის მადლიერებას სისტემის ლიბერალიზაციისთვის და დასავლეთის მადლობასაც, ემხრობოდა რა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვას. საბოლოო ჯამში კი ორივე მხრიდან მან მხოლოდ უნდობლობა და ეჭვი მიიღო.

კედლის დანგრევამ ყველაფერი შეცვალა. გორბაჩოვი შეშინდა. დასავლეთი, განსაკუთრებით კი ბონი, რომელიც როგორც ის ფიქრობდა ზეიმობდა, მას ანრისხებდა. ის ჩიოდა, რომ ამერიკა ცდილობდა ვარშავის პაქტისთვის თავს მოეხვია "დასავლური ღირებულებები" და ლანძრავდა გერმანიის კანცლერს ჰელმუდ კოლს, რომელიც გაერთიანებისკენ მიისწრაფვოდა. მისთვის, ისევე როგორც ქალბატონი ტეტჩერისთვის სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა, მაგრამ ასეთია ისტორია - ქაოსი და ძალები, რომელთა კონტროლიც არავის შეუძლია.

ორიგინალი