Monday, September 14, 2009

ისტორიის ეს გადაწერა ევროპულ შხამს ავრცელებს



შეიმას მილნი

სსრკ-ს დადანაშაულება მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ ნაცისტების ხელშემწყობთა მემკვიდრეობას აძლიერებს


ათწლეულების განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ბრიტანულ ზეიმებსა და რეპორტაჟებში ომის დამწყები მხარის ვინაობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. როგორ უწესოდაც არ უნდა მომხდარიყო აბსოლუტურად სხვა მტრების წინააღმდეგ ომისთვის 1939 წლის ისტორიის გამოყენება, კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს კონფლიქტზე პასუხისმგებლობას ყოველთვის ჰიტლერს და გენოციდზე მომართულ მის ნაცისტურ რეჟიმს აკისრებდნენ.

დღემდე ყველაფერი ასე იყო, მაგრამ დღეს აღმოსავლეთ-ევროპაში ნაციონალისტი მემარჯვენეების აღორძინებითა და მცოცავი ისტორიული რევიზიონიზმით შეპყრობილმა ზოგიერთმა დასავლელმა ისტორიკოსმა და კომენტატორმა, რომლებიც ნაციზმის კომუნიზმთან გათანაბრებას ცდილობენ, ამ თვეში ჰიტლერის პოლონეთზე თავდასხმის 70-ე წლისთავით ისარგებლეს და განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირი თანაბრად დამნაშავეა ომის დაწყებაში. 1930-იანი წლების მოვლენებზე პოლონელი და რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ურთიერთბრალდებების შემდეგ, ჟურნალმა Economist-მა სტალინი "ჰიტლერის თანამზრახველად" გამოაცხადა.

ამ კვირაში გაზეთ Guardian-ში ომის ისტორიისადმი მიძღვნილი სტატიის შესავალში, ნეო-კონსერვატორმა ისტორიკოსმა ნიალ ფერგიუნსონმა განაცხადა, რომ - ”სტალინი არანაკლები აგრესორი იყო, ვიდრე ჰიტლერი." გასულ თვეში, გაცილებით ლიბერალი ორლანდო ფაიგსი კიდევ უფრო შორს წავიდა, ამტკიცებდა რა რომ - ”მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჰოლოკოსტზე გაცემულ ლიცენზიად იქცა.”

იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირმა ჰიტლერის დამარცხებაში გადამწყვეტი სამხედრო როლი ითამაშა, რისთვისაც 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაიღო, არ არის გასაკვირი რომ რუსები მსგავსი ბრალდებების გამო აღშფოთებულები არიან, როდესაც გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაგმო ნაცისტებისა და საბჭოთა კავშირის როლებს შორის პარალელების გავლება, უწოდა რა მათ "ცინიკური ტყუილი," ის არამხოლოდ თავისი მთავრობის, არამედ მთელი თავისი ქვეყნის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის გამოც საუბრობდა.

უდაოა რომ 1939 წლის აგვისტოს პაქტი, რეალისტური პოლიტიკის შოკის მომგვრელ აქტად იქცა იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც ფაშიზმის წინააღმდეგ კამპანია ჯერ კიდევ ესპანეთის სამოქალაქო ომამდე დაიწყო. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენა ის სტალინმა დროის გასაყვანად ან არასწორ წარმოდგენებზე, რომ ამით ნაცისტების ზეწოლას შეანელებდა ან იმაზე, რომ პოლონეთის ძირითადად უკრაინული და ბელორუსული ნაწილების საბჭოთა ოკუპაცია, როგორც მაშინ ამას ჩერჩილი ამტკიცებდა - "აუცილებელი ნაბიჯი იყო, ნაცისტური საფრთხისგან რუსეთის დასაცავად."

მაგრამ იმის მტკიცება, რომ პაქტის გარეშე ომი არ იქნებოდა, უბრალოდ აბსურდია და ისტორიკოსის მარკ მაზოვერის თქმით - "ზედმეტად შემკულია თანამედროვე პოლიტიკური სუბიექტურობით იმისთვის, რომ ის სერიოზულად აღიქვა." ჰიტლერმა პოლონეთზე თავდასხმისა და მისი ოკუპაციის ბრძანება გაცილებით ადრე გასცა. კიდევ ერთი ისტორიკოსის ჯეფ რობერტსის თქმით - ”პაქტი თავდაცვის და არა აგრესიის ინსტრუმენტი იყო,” რასაც მიუნჰენის შეთანხმებაზე ასეთი დარწმუნებით ვერ იტყვი. ეს დოკუმენტი ერთი წლით ადრე გაფორმდა, როდესაც ბრიტანელმა და ფრანგმა პოლიტიკოსებმა ნაცისტი დიქტატორის სურვილით ჩეხოსლოვაკია დაანაწევრეს. ერთადერთი პაქტი, რომელსაც შესაძლოა ომის პრევენცია მოჰყოლოდა - საბჭოთა კავშირთან კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსი იყო, რომელიც ფაქტობრივად დაიბლოკა დამშოშმინებელი ჩემბერლენისა და ავტორიტარული პოლონეთის მთავრობის მიერ, რომელმაც საბჭოთა არმია პოლონეთის მიწაზე არ შეუშვა.

პოლონეთმა ნაცისტურ გერმანიასთან თავდაუსხმელობის საკუთარ პაქტს მოაწერა ხელი და ჩეხეთის ტერიტორია დაიპყრო, რაც პოლონელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის განცხადების ობიექტურად შეფასების საშუალებას გვაძლევს. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის ქმედება "ზურგში დანის ჩარტყმა" იყო. არგუმენტები ინგლისელი და ფრანგი დამშოშმინებლების და პოლონელ პოლკოვნიკთა რეჟიმის წინააღმდეგ, რომლებმაც ვერ შესძლეს ომის თავიდან აცილება. ეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე ბრალდებები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რაც შესაძლოა იმ ენთუზიაზმის ახსნაში გვეხმარება, რომლითაც კონტინენტის ორივე მხარეს ახალი რევიზიონიზმი დაიწყო.

მაგრამ აღმოსავლეთ-ევროპის, ბალტიის სახელმწიფოებსა და უკრაინაში ისტორიის გადაწერის ფაქტს ნაციზმის დანაშაულებების შემცირებისა და მის ხელშემწყობთა რეაბილიტაციისთვის იყენებენ. ოფიციალურ დონეზე ეს კამპანიად 23 აგვისტოს (თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერის წლისთავი) გადაიქცა, როდესაც თარიღი კომუნიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადეს.

ივლისში ამ წანადადებას მხარი დაუჭირა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), მანამდე კი მსგავსი კენჭისყრა ევროპარლამენტშიც გაიმართა, ვაცლავ ჰაველმა და სხვებმა კი ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელმაც "კომუნიზმი და ნაციზმი ევროპის საერთო მემკვიდრეობად" სცნო და მისი აღნიშვნაც ერთობლივად უნდა მოხდეს - მათ შორის "მნიშვნელოვანი მსგავსების" გამო.

ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ-ევროპის მცხოვრებლებს ომამდე და ომის შემდეგ მოწყობილი "კლასობრივი მტრების" დეპორტაციებისა და მკვლელობების შესახებ დავიწყება არ სურთ, აბსოლუტურად გასაგებია. გასაგებია ასევე მათი მხრიდან რუსეთზე ზეწოლა პოლონელი ოფიცრების მკვლელობის გამო - იმ შემთხვევაშიც კი თუკი სტალინის დანაშაულებების საბჭოთა და რუსული აღიარება, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ კოლონიალიზმის დანაშაულებებისთვის მობოდიშების ყველა მსგავსი აღიარების საზღვარს სცდება.

მაგრამ თვალთმაქცობა და განცხადებები იმის თაობაზე, რომ საბჭოთა რეპრესიები რაიმენაირად მაინც უტოლდებოდა ნაცისტური არაადამიანობის მასშტაბებსა და სიღრმეს - ან ის რომ აღმოსავლეთ-ევროპის ომის შემდგომი დაპყრობა შეიძლება ნაციტების გენოციდს შეედაროს - ეს ტყუილია და ჰოლოკოსტის უარყოფის ტოლფასია. არ არსებობს არანაირი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადამიანები რომლებიც აუშვიცში ცოცხლები 1945 წელს წითელი არმიის მიერ გათავისუფლების გამო გადარჩნენ, ასეთ შეცდომას არასდროს დაუშვებდნენ.
ნაცისტური გერმანიის საბჭოთა რეპრესიებთან გათანაბრების ჭეშმარიტი აზრი, განსაკუთრებით აშკარად სჩანს ბალტიის ქვეყნებში, სადაც SS-ის ესკადრონებთან თანამშრომლობა და ებრაელთა მკვლელობებში პირდაპირი მონაწილეობა, განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული და სადაც დღეს პოლიტიკოსები დამნაშავეთა მსხვერპლად გადაქცევას ცდილობენ. ლატვიის ლეგიონის ვაფენ-SS-ის ვეტერანები რიგაში აღლუმებს აწყობენ, ვილნიუსის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმში ფაქტობრივად ნახსენებიც კი არ არის 200 ათასი ლიტველი ებრაელი, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერლნენ, ხოლო ესტონელი პარლამენტარები მესამე რაიხის მსახურებს "დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს" უწოდებდნენ და მათ პატივსაცემად ზეიმებს მართავენ.

მთელს ამ ისტორიაში ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ნაცისტური სამხედრო დამნაშავეების რეაბილიტაციის მიზნით, ლიტვის სახელმწიფო ბრალმდებელმა - ქვეყნის, რომელიც ევროკავშირის და ნატო-ს წევრია - იმავდროულად ლიტველი ებრაელების წინააღმდეგობის მოძრაობის ოთხი ვეტერანის სამხედრო დანაშაულებების გამოძიება დაიწყო, მათი ვინც საბჭოთა პარტიზნებთან ერთად იბრძოდა: საქმე მხოლოდ მტკიცებულებების არ არსებობის გამო დაიხურა. როგორც ეფრაიმ ზუროფი, ნაცისტებზე ძველი მონადირე და სიმონ ვიზენტალის ცენტრის დირექტორი წერს - "ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ რა ხდება. კომუნიზმსა და ნაცისტურ გენოციდს შორის ამ ყალბი სიმეტრიის შექმნის მცდელობა მიმართულია ამ ქვეყნების მასობრივ მკვლელობებში მონაწილობის კვალის დასაფარად."

იმ დროს, როდესაც ნაცისტების ხელშემწყობთა პოლიტიკური მემკვიდრეები აღმოსავლეთ-ევროპაში მზარდი უმუშევრობისა და სიღარიბის ფონზე ძალას იკრებენ, რეგიონში კი ანტისემიტიზმი და ბოშებზე რასისტული თავდასხმები ხდება, მეორე მსოფლიო ომის თემაზე ისტორიული ფალსიფიკაციის მიმართ შემწყნარებლობა მომავალში ამ შხამის მხოლოდ გავრცელებას შეუწყობს ხელს.

ორიგინალი