Monday, September 14, 2009

ცივი ომი II: რა ბედი ეწია კომუნიზმის კრახს?



ტობი უესტერმანი

ვერავინ იფიქრებდა, რომ მოვლენები ამგვარად განვითარდებოდა. რუსეთში სტალინი ბრუნდება, ჩინეთის ”კომუნისტური პარტია” საკუთარ ქვეყანაში კაპიტალიზმს მართავს, ოდესღაც შეერთებული შტატების მეგობარი ვენესუელა ნეო-მარქსისტული სახელმწიფო ხდება, ლათინურ ამერიკაში კი კომუნისტური და მემარცხენე რადიკალური რეჟიმები ბატონობენ. როდესაც დასავლეთ ბერლინის აღტკინებული ახალგაზრდობა ბერლინის კედელს ანგრევდა, ყველა ფიქრობდა რომ კოშმარი დასრულდა, თუმცა კომუნიზმის ჭეშმარიტი მხარდამჭერები კაცობრიობას კვლავ ემუქრებიან - თავად ამერიკული მთავრობის შიგნითაც კი , მაგრამ ეს თემა მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებში საკმარისად არ შუქდება.

ჩაქრობისა და მშვიდი გაქრობის ნაცვლად, ნეო-მარქსისტული რეჟიმები დღეს ვენესუელაში, ბოლივიაში, ეკვადორსა და კუბაზე არსებობენ. მეტიც, ნიკარაგუას ხელისუფლებაში სანდინისტების ძველი კომუნისტი ლიდერი და ამერიკელი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მოსისხლე მტერი დანიელ ორტეგაც კი დაბრუნდა. ბრაზილიის, ურუგვაის, პარაგვაის და არგენტინის მთავრობები, ასევე პარტიზანული არმიები კოლუმბიასა და პერუში, სიმპატიით არიან განწყობილები ჩავესის და მისი "21-ე საუკუნის სოციალიზმის" მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც კი გამოავლინა პოსტ-საბჭოთა მარქსიზმის ათვისების უნარი, როდესაც სამუშაოდ მარკ ლოიდი, ახლახანს გადამდგარი ვან ჯონსი და რამდენიმე სხვა ჩინოვნიკი დაიქირავა, რომლებიც "ჩავიზმის" იდეებს იზიარებენ. კონგრესის ზოგიერთ წევრს, ფიდელ კასტრო და კომუნისტური კუბაც კი აღაფრთოვანებს და ბევრს უჩნდება კითხვა იმის თაობაზე, თუ რა დოზით ახდენს გავლენას აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე "ყოფილი" რადიკალი ბილ ეიერსი.

იმ დროს, როდესაც ახალი ამბების მაუწყებელი მედია-საშუალებები ლათინურ ამერიკაში კომუნიზმის გაძლიერების იგნორირებას ახდენენ, ჰოლივუდელი ცნობილი სახეები კასტროსა და ჩავესის ნიადაგზე ექსტაზში ვარდებიან. რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც ნეოკომუნისტ დიქტატორს უგო ჩავესს ადიდებს და ეს იმ დროს, როდესაც მთელს მსოფლიოში ვენესუელელი ლიდერის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემოკრატიის მხარდამჭერმა დემონსტრაციებმა, მემარცხენე პროდიუსერი მაიკლ მური ვერ გადაარწმუნა და ის თავის ახლახანს გამოსულ ფილმში კაპიტალიზმის დასრულებისკენ მოწოდებებს აკეთებს.

ვერავინ წარმოიდგენდა მოვლენების ამგვარ განვითარებას.

1989 წელს როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, "ექსპერტების" და რიგითი მოქალაქეების უმრავლესობამ ეს ფაქტი მარქსიზმის ზნეობრივი და ეკონომიკური კრახის დადასტურებად მიიჩნია, მარქსიზმის, რომელმაც დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი შეიწირა. ბოროტების იმპერია საბჭოთა კავშირი არ დაეცა, არამედ 1991 წლის 25 დეკემბერს უბრალოდ გაქრა, როდესაც ყველა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ რუსეთის ჩათვლით, მისი რიგები დატოვა, რის გამოც საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი სამსახურის გარეშე დარჩა.

ის, რაც ვლადიმერ ლენინმა დაიწყო - ბოლშევიკები და 1917 წლის რუსული რევოლუცია - 1989-1991 წლის მოვლენების ორომტრიალში თითქოს სამუდამოდ გაქრა.
მაგრამ ყველგან არა. რკინის ხელის მიღმა დარჩა ჩინეთი, ვიეტნამი, ლაოსი და კუბა. საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ის, რომ კომუნისტური სახელმწიფოები, რომლებმაც მასზე მეტი იცოცხლეს, ძლევამოსილ კაპიტალიზმს მოერგნენ. ყოველ შემთხვევაში, ყველა ასე ვარაუდობდა.

თუმცა ყველა ქვეყნის კომუნისტები ამას სხვაგვარად უყურებდნენ. ვიღაცას მიაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირმა მისი ჭეშმარიტი კომუნისტური ორიენტაცია დაკარგა. კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირის დაცემა არასწორი პოლიტიკური გათვლების შედეგი იყო. პეკინი კი "ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმს" აშენებდა.
აშშ-ში ტრადიციული აზრის მხარდამჭერებს მტკიცედ სწამდათ, რომ კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე თანდათანობითი გადასვლის პროცესი, მხოლოდ დროის ამბავი იყო და ერთადერთი ადგილი სადაც ურყევი კომუნისტები დარჩებიან იქნებოდა სხვადასხვა ამერიკული სასწავლებლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები, მაგრამ რეალურად სიტუაცია სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. მართლმორწმუნე მარქსისტები სინამდვილეში რეორგანიზების პროცესში იყვნენ. ისინი თამამი და მტკიცე კონტრ-შეტევისთვის ემზადებოდნენ.

1999 წელს ზღვის მიქცევა, მოქცევით შეიცვალა. ბორის ელცინმა, რომელიც აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მოსკოვის დახვეწილ ჯაშუშურ ომებს განაგრძობდა, ძალაუფლება უშიშროების კომიტეტიდან შპიონაჟის "ყოფილ" ოსტატს ვლადიმერ პუტინს გადასცა. დღეს რუსეთი მკვეთრად წითელი რევოლუციური ელფერის მქონე ავტორიტარული სახელმწიფოა.

1990-იანის შუა წლებიდან მოსკოვი ასევე ნაყოფიერად ეხმარებოდა ჩინეთს სამხედრო ძლიერების მოპოვებაში, რამაც საოცარ დონეს მიაღწია. დღეს ჩინეთი წყნარ ოკეანეში, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისთვის შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.
ყოფილი მედესანტე უგო ჩავესი ვენესუელას პრეზიდენტი გახდა. ამ ქვეყნის ხალხმა რეფორმატორი აირჩია, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ მათ რევოლუციონერი-მარქსისტი მართავთ. ხელისუფლებაში კომუნისტური მთავრობების მოსვლისთვის მსგავსი ტაქტიკა იქნა გამოყენებული ეკვადორსა და ბოლივიაში. ლათინურ-ამერიკაში რამდენიმე პარტიზანული არმია მოქმედებს, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო გაყიდვისა და გადამუშავების ხარჯზე ცხოვრობენ.

ჭეშმარიტმა და მართლმორწმუნე მარქსისტებმა მეორე ”ცივი ომი" წამოიწყეს და მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ამაში გაუცნობიერებელ მსოფლიოს თავიანთი უმოქმედო სისტემა თავს მოახვიონ. მიუხედავად მათი მტკიცებებისა, რომ ისინი ახალ, უფრო სრულყოფილ მარქსიზმს ქმნიან, ეს ადამიანები ძველებურად, ყველასთვის კარგად ცნობილ დაშინების, შანტაჟის, თავისუფლების აღკვეთის, მკვლელობებისა და რა თქმა უნდა, ტყუილის ტაქტიკას მიმართავენ და მას ყველგან იყენებენ - დაწყებული ჩინეთიდან - ლათინურ-ამერიკასა და ვაშინგტონამდე.

ჩვენ კომუნიზმის დამარცხება ისევ შეგვიძლია, მაგრამ დასაწყისისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ მარქსისზმი დაბრუნდა, როგორც გლობალური მსოფლიო წყლული და ასევე უნდა გავიგოთ, თუ როგორ აღმოვჩნდით ამ სამწუხარო სიტუაციაში.

ორიგინალი