Thursday, September 17, 2009

მედვედევი რუსულ სისტემას ღიად აკრიტიკებს



მარკ ჩემპიონი

პრეზიდენტი "პრიმიტიული" ეკონომიკის რეფორმირებისა და კორუფციის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, რითაც პუტინის მემკვიდრეობას დარტყმას აყენებს



სამშაბათს, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინისგან დისტანცირებისკენ სწრაფვა მკაფიოდ გამოხატა. მან თავის პროგრამულ პუბლიკაციაში, რუსეთში განსახორციელებელი აუცილებელი ცვლილებები ჩამოთვალა და პუტინის მიერ შექმნილი სისტემა მკაცრად გააკრიტიკა.

მედვედევმა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ეს ის დროა, როდესაც რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პუტინს ხელახლა შეუძლია ამ პოსტზე კენჭი იყაროს. "მე არაფერს არ გამოვრიცხავ" - განუცხადა მედვედევმა უცხოელი და რუსი მეცნიერებისა და მკვლევარების ჯგუფს, რომლებიც ვალდაის სადისკუსიო კლუბის შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

მდიდრულად მორთულ დარბაზში, კრემლის ხედის ფონზე მჯდარმა მედვედევმა რუსეთში გარდაქმნების მისეული ხედვა წარმოადგინა. გასულ კვირას, ინტერნეტში გამოქვეყნებულ სტატიაში მედვედევი მთელი რიგი წინადადებებით გამოვიდა. სამშაბათის შეხვედრის დროს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ის მისი განცხადებების ერთგული დარჩა და კითხვებზე პასუხის დროს მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ნედლეულზე დამოკიდებული "პრიმიტიული" ეკონომიკა, სისტემური კორუფცია და პლიურალისტური დემოკრატიის არ არსებობა. თავის პუბლიკაციაში მედვედევი დემოკრატიის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისა და ბიზნესსა და პოლიტიკაში ცალკეული ადამიანის მიმართ ყურადღების გაზრდის მოწოდებებით გამოვიდა.

გასულ კვირას, პუტინმა 2012 წლის არჩევნებზე მასსა და პერსონალურად მის მიერ არჩეულ მემკვიდრეს შორის კონკურენციის შესაძლებლობა გამორიცხა და განაცხადა რომ ის და მედვედევი ერთად გადაწყვეტენ თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში.

"ჩვენ მოვილაპარაკებთ, რადგან ერთი სისხლის და საერთო პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ვართ" - სთქვა პუტინმა.

მედვედევის უნარისადმი უნდობლობა იმოქმედოს დამოუკიდებლად იმდენად დიდია, რომ სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა გაიხუმრა, რომ მას სისხლის ანალიზის ჩაბარება მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ მას და პუტინს "ერთი სისხლი" არა აქვთ.
ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 43 წლის მედვედევი მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა, რათა პრეზიდენტის პოსტზე პუტინი შეეცვალა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მისი 56 წლის დამრიგებლის ჩრდილში რჩება. მედვედევი ალყაში მოქცეულ ლიბერალებს აქეზებს მისი განცხადებებით თავისუფლებაზე, კორუფციის აღმოფხვრასა და ეკონომიკის მოდერნიზაციაზე, მაგრამ მისი ინიციატივების დიდი ნაწილი სიტყვებს არ გასცდენია.

მედვედევი გაბრაზდა იმ ვარაუდზე, რომ ამ იდეების გახმოვანება თითქოს სპეციალურად, ლიბერალების დასამშვიდებლად მოხდა და განაცხადა - "ეს ჩემი სტატიაა."
"მე პრემიერ-მინისტრ პუტინთან კარგი ურთიერთობები მაქვს, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, ერთმანეთს რჩევას ვეკითხებით თუმცა არც ისე ხშირად, როგორც ამას ხალხი ფიქრობს. ეს შეიძლება კვირაში ერთხელ მოხდეს." პრეზიდენტმა სთქვა, რომ იგი გრძნობს ქვეყანაში უფრო მრავალფეროვანი პარტიული სისტემა გაჩნდება, რომელშიც პარტიები 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

"ამ სტატიის გამოქვეყნება მედვედევის პრეზიდენტობის პირველი დღე იყო" - განაცხადა ნიკოლაი ზლობინმა, ვალდაის კლუბის წევრმა და ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსული და ევრაზიული პროგრამების დირექტორმა, მაგრამ ზლობინიც და სხვა ანალიტიკოსებიც აცხადებენ, რომ მედვედევის მიერ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა არ შეიძლება განხილულ იქნას ძალაუფლებისთვის ბრძოლაში პუტინის გამოწვევად.

ზლობინის თქმით, მას შემდეგ რაც პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდა, რუსეთის პრეზიდენტმა უკვე ზოგიერთი უფლება-მოვალეობა დაკარგა. მისი უფლებები შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, თანაც იმდენად რომ პუტინს პრეზიდენტობა აღარც მოუნდება. ეს მას საშუალებას მისცემს ქვეყანა მართოს პრემიერ-მინისტრის რანგში, მედვედევი კი ნაკლებად მნიშვნელოვან საპრეზიდენტო პოსტზე კენჭისყრას ისევ შესძლებს.
მედვედევი როგორც სჩანს აცნობიერებს, რომ მომავალ არჩევნებამდე ის რეფორმების განხორციელების მხოლოდ დაწყებას შესძლებს. პრეზიდენტის თქმით, კორუფციის ლიკვიდაციას თხუთმეტი წელი მაინც დასჭირდება. მან განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია რუსეთის გათავისუფლება ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე დამოკიდებულებისაგან, მაგრამ იმავდროულად აღიარა, რომ ძალიან რთული იქნება ბიზნესმენების იმაში დარწმუნება, რომ მათ ნავთობის გაყიდვით მიღებული მოგება სარისკო მაღალტექნოლიგიურ ახალ პროექტებში ჩადონ.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მედვედევმა განაცხადა, რომ ის რუსეთის საერთაშორისო ინტეგრაციის განვითარებისკენ ისწრაფვის. იმავდროულად, მან პუტინივით მკაცრი გამონათქვამებით შეამკო შეერთებული შტატები და განაცხადა, რომ ის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ბლოკავს.

როგორც სჩანს მედვედევმა დასავლეთს კარი ღია დაუტოვა ირანის მიერ ბირთვული პროგრამის რეალიზების გამო, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღების საკითხში. "სანქციები - ეს ეფექტური არ არის, თუმცა ზოგჯერ მათი გამოყენება აუცილებელია" - განაცხადა მედვედევმა. პრეზიდენტს არ უთქვამს, კონკრეტულად რა ტიპის სანქციებს გულისხმობდა.

ახლახანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამორიცხა რუსეთის მხრიდან სანქციების მხარდაჭერა ისეთ საქმეში, როგორიც ირანისთვის მის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის იძულებაა, თუმცა მან აღნიშნა რომ რუსეთი მხარს უჭერს ნაკლებად აგრესიულ სანქციებს, რათა თეირანი თავისთან საერთაშორისო ინსპექტორების მიღებაში დაარწმუნოს.

სახელმწიფო ტელეარხებმა საღამოს ცნობებში მედვედევის მანიფესტს მე-14 ადგილი მიუჩინეს. იმავდროულად, ორშაბათს მათ უზარმაზარი ყურადღება დაუთმეს პუტინის ვიზიტს ქარხნებში, რომლებიც მოსკოვის სამხრეთით მდებარეობს. პრემიერ-მინისტრი მეგობრულად ესაუბრებოდა მუშებს და ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც თავდაჯერებულად ეკონომიკის აღდგენითაა დაკავებული.

სახელმწიფო პრიორიტეტების რეალიზაციის სირთულეები ყველაზე თვალსაჩინოდ შემდეგი სამი წლის ბიუჯეტში ვლინდება, რომელიც საგრძნობლად შეიკვეცა ეკონომიკური კრიზისის და ნავთობზე ფასების დაცემის გამო. მილიარდობით რესურსის გახარჯვის გეგმები ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ინვესტიციებზე ეკონომიკის დივერსიფიკაციაში, რომელიც მედვედევის პრიორიტეტი იყო გაუქმდა, მაგრამ პენსიების გაზრდა გრძელდება, რომ მოხუცმა ამომრჩევლებმა თავი ბედნიერად იგრძნონ.

ორიგინალი