Thursday, September 17, 2009

დაძაბული ზაფხულის შემდეგ რუსებმა და ქართველებმა მოლაპარაკებები უნდა აღადგინონ



დაძაბული ზაფხულის შემდეგ, როდესაც ივლისსა და აგვისტოში მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები საშინლად გაუარესდა და ორივე მხარე ერთმანეთს დაპირისპირების განახლებით ემუქრებოდა, რუსებმა და ქართველებმა მათი ხანმოკლე ომიდან ერთი წლის თავზე, ხუთშაბათს აღადგინეს მოლაპარაკებები, რომელთა მიზანი რეგიონალური უსაფრთხოების მექანიზმის დაფუძნებაა. იმის გამო, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია, ექსპერტები ელიან, რომ ნებისმიერი დისკუსია უმნიშვნელო შედეგით დასრულდება. "ლაპარაკი ყოველთვის სჯობს ბრძოლას" - ამბობს ჟაკ საპირი, რუსეთის ექსპერტი საფრნაგეთიდან.

მაგრამ მან განაცხადა, რომ ამ პროცესიდან "არაფერი გამოვა" მანამდე, სანამ სიტუაცია მთლიანად დაბლოკილია. "აგვისტოს დასაწყისში მოსკოვმა შეერთებულ შტატებს იმაში დასდო ბრალი, რომ ჩუმად აიარაღებს საქართველოს. ამავე დროს მან სამხრეთ-ოსეთში თავისი ჯარის საომარი მზადყოფნა განამტკიცა.

12 აგვისტოს აფხაზეთში, მოსკოვის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ მეორე ქართულ სეპარატისტულ რეგიონში ვიზიტის დროს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არ გამორიცხავს ახალ კონფლიქტს ქართველებთან მანამდე, სანამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაშია.

სამშაბათს მოსკოვმა მეამბოხე რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში თავისი ჯარის თითქმის ნახევარი საუკუნით დატოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი და ამით კიდევ უფრო განამტკიცა მათთან კავშირები. თბილისი კი ამასობაში უფრო ინტენსიურად აცხადებს, რომ ამ ომში რუსეთია დამნაშავე - მან გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა გადმოცემული მისი ძველი განცხადების ტექსტი. ამ ანგარიშის თანახმად, სამხრეთ-ოსეთზე შეტევის დაწყების წინ ის "სრულმასშტაბიანი რუსული ინტერვენციის პირისპირ აღმოჩნდა." ასეთი ბრალდებები და კონტრ-ბრალდებები მთელი ზაფხულის განმავლობაში კვეთდა სადაო საზღვრებს, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლებიდან მხოლოდ ომის შემდგომ შექმნილი ევროკავშირის მისიაა დარჩენილი.

აი ამ ატმოსფეროში განაახლეს დისკუსიათა მეშვიდე რაუნდი რუსებმა, ქართველებმა და მეამბოხე რეგიონების წარმომადგენლებმა. 2008 წლის ოქტომბერში მოლაპარაკებები ევროკავშირისა და ეუთო-ს ეგიდით დაიწყო. დღემდე პროცესი ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ირეკლავდა, მაგრამ ოქტომბრის პირველი შეხვედრის შემდეგ, როდესაც მონაწილეებმა ერთ ოთახში დასხდომაზე უარი განაცხადეს, დაძაბულობამ ნელ-ნელა იკლო.

ორიგინალი