დიმიტრი ტრენინი
ნატო-მ და რუსეთმა მომავალში ერთად უნდა იმოქმედონ
ნატო-მ და რუსეთმა მომავალში ერთად უნდა იმოქმედონ
როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი პარასკევს (18 სექტემბერს) ბრიუსელში Carnegie Europe-ის აუდიტორიას მიმართავს, ის ალიანსის შეცვლილ როლსა და 21-ე საუკუნეში ორ ყოფილ მოწინააღმდეგეს - ნატო-ს და რუსეთს შორის - ახალი ურთიერთობების დაწყებაზე ისაუბრებს.
ახალი ურთიერთობების დაწყება კი საჭიროა. ბერლინის კედელი ორი ათეული წლის წინ დაინგრა, ნატო კი ავღანეთში იბრძვის, მაგრამ ბერლინის აღმოსავლეთით - მოსკოვში, მინსკში, ტალინსა და თბილისში - ნატო კვლავ რუსეთზე ფოკუსირებულ ალიანსად აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ევროკავშირის გვერდით ევროპული უსაფრთხოების მთავარ ღერძად ყალიბდებოდა, მას არასდროს უმუშავია იმისთვის რომ ყოფილი საბჭოთა მიწები ან თავად რუსეთი, ევროპული უსაფრთხოების სისტემაში მოექცია. ამას რუსეთის მეზობლებისთვის შედეგები მოჰყვა. შარშანდელი ომი კავკასიაში, რომელიც მნიშვნელოვნად აისახა ყირიმში სიტუაციის დაძაბვაზე, იმის დემონსტრირებას ახდენს რომ ეს პრობლემა პოტენციურად ძალიან საშიშია.
მაშ როგორ უნდა იმოქმედონ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთთან ევროპული უსაფრთხოების ახალი თანამეგობრობის შესაქმნელად, სადაც ერთდროულად ნატო-ს წევრი და არაწევრი ქვეყნები გაერთიანდებიან? რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის წინადადება ამ მხრივ სასარგებლო, მაგრამ მხოლოდ ხანგრძლივ დიალოგზე ფაქტობრივი მოწვევა გახლდათ. ნატო-მ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და მას საკუთარი იდეებით უპასუხოს.
რუსეთის პან-ევროპული უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაცია მარტივი არ არის. ნატო-ში რუსეთის გაწევრიანების თემა, რომელიც თავდაპირველად აქტუალური 1990-იან წლებში გახდა და შემდეგ 2000-იანი წლების დასაწყისშიც განიხილებოდა, უახლოეს მომავალში არარეალურია, თუკი ასეთი რამ ოდესმე შეიძლება მოხდეს. ყველა შემთხვევაში, რუსეთის ნატო-ში გაწევრიანება ამაოდ დაძაბავდა მის ურთიერთობებს ჩინეთთან, რომ აღარაფერი ვთქვათ დასავლეთზე.
ნატო-რუსეთის დამფუძნებელი დოკუმენტის არსებობიდან 12 წლის განმავლობაში, ალიანსისა და მისი უდიდესი მეზობლის ურთიერთობებთან დაკავშირებული მოლოდინი არასდროს ამართლებდა. 7 წლის წინ, იმ მომენტიდან რაც რუსეთი-ნატო-ს კომისია შეიქმნა, ეს სტრუქტურა უსაფრთხოების სფეროში არა რუსულ-დასავლური ურთიერთთანამშრომლობის ინსტრუმენტად, არამედ ტექნიკურ სემინარად იქცა. ევროპული უსაფრთხოების ყველაზე მწვავე პრობლემები კი როგორებიცაა კოსოვო, კავკასია, "გაყინული კონფლიქტები" უფრო ფართო ჭრილში, ირანი და ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემები, ამ კომისიის ფარგლებში არც განხილულა და არც გადაწყვეტილა.
დღევანდელი დღის ეს და სხვა პრობლემები ცივი ომის პრობლემები არ არის. მაგალითად, აღმოსავლეთ-ევროპაში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რეალური პრობლემა არც რუსეთის წინააღმდეგობაა და რა თქმა უნდა არც ნატოა, რომელიც თითქოს რუსეთის უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
46 მილიონიან ერს ნატო-ში გაწევრიანება რომ ერთხმად სურდეს, მსოფლიოში ამის შემაკავებელი ვერანაირი ძალა ვერ მოიძებნებოდა, თუკი ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, მაგრამ რადგან უკრაინელები, ნატო-ს დიდწილად ისეთ ალიანსად აღიქვამენ, რომელიც პირველ რიგში რუსეთის გამო არსებობს, ისინი დილემის წინაშე არიან, რომლის გადაწყვეტაც უჭირთ. შესაძლოა უკრაინელების ერთი მესამედის ერთი მეოთხედი ნატო-ს მოსკოვისგან გამიჯვნისთვის აუცილებელ საშუალებად მიიჩნევს, თუმცა დაახლოებით ნახევარი რუსეთში მისი ქვეყნის გაგრძელებას ხედავს. გავლენის მოხდენა ერის ამ არჩევანზე, რომელიც ამდენად გაყოფილია კატასტროფის ტოლფასია. ეს ხელახლა გააღვივებდა ყირიმის სეპარატიზმს და გარდაუვალს გახდიდა უკრაინის საქმეებში რუსეთის ჩარევას, რადგან უკრაინელების უმრავლეობას არ სურს რუსეთის ნაწილი იყოს, მაგრამ ასევე არ სურს მასთან განშორება, საუკეთესო გზა წინსვლისთვის - ევროპასთან ერთად და ევროპაში მისი პროგრესული ინტეგრაციაა. ევროკავშირის ”აღმოსავლური პარტნიორობ”-ის პროგრამა მართალია მცირე, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული სასარგებლო ნაბიჯია.
ამისგან საპირისპიროდ ქართველების უმრავლესობას ნატო-სთან მიერთება სურს, მაგრამ ალიანსმა საეჭვოა თავის რიგებში მიიღოს სახელმწიფო, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები მისთვის შეიძლება რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის მიზეზი გახდეს, რომელიც ამ საზღვრებს უკვე აღარ სცნობს. რეგიონზე თბილისის უგუნური შეტევის გამო, სამხრეთ-ოსეთი შესაძლოა საქართველომ სამუდამოდ დაკარგა კიდეც, აფხაზეთი კი მას უკვე ორი ათწლეულის წინ დაშორდა.
გავლენის სფეროების მიღმა, აღმოსავლეთ-ევროპის ხალხებს, რომლებიც მანამდე პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლებით არ სარგებლობდნენ, დღეს ავტონომიის უპრეცედენტო ხარისხი გააჩნიათ. დღეს ვერც ნატო და ვერც რუსეთი მათ ყველა წვრილმანზე პირობებს ვერ კარნახობს, მაგრამ თუკი მათ შორის დიალოგის ხარისხი არ გაიზრდება, ეს სხვაგვარად მართული პრობლემები, შეიძლება უმართავ პრობლემებად იქცეს.
მენეჯმენტი მოითხოვს, რომ ნატო-მ უმეტესი ძალისხმევა (კონფლიქტის ზონებიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის ხელშეწყობით, ნდობისა აღდგენის, უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ზომების განმტკიცებით) კონფლიქტების პრევენციისკენ მიმართოს, ამისთვის კი რუსეთთან მუდმივი დიალოგია საჭირო. ეს დიალოგი თავიდან შესაძლოა ნატო-რუსეთის კომისიის ფარგლებში დაიწყოს (რომელიც სწორედ იმისთვის შეიქმნა რომ ეს პროცესი შესაძლებელი გამხდარიყო), მაგრამ დროსთან ერთად, მან საბოლოოდ შეიძლება ახალი სისტემა შექმნას.
დიმიტრი ტრენინი მოსკოვის ”კარნეგი ცენტრი”-ს დირექტორი.
ორიგინალი