Friday, September 18, 2009

გაბრწყინებული დემოკრატები



სალომე ზურაბიშვილი

ბოლოდროინდელი ავღანური საპრეზიდენტო არჩევნების დილემა, რომლისკენაც დასავლეთის ყურადღებაა მიპყრობილი, ქართული თვალისთვის რეპეტიციას ჰგავს. 2008 წლის იანვარში ჩვენც ძალიან სადაო არჩევნები გვქონდა. ჩვენც გვყავდა მანამდე პოპულარული პრეზიდენტი - რომელმაც პირველ ტურში ხმების 45%-იც კი ძლივს მიიღო, მიუხედავად მთელი ადმინისტრაციული რესურსის კონტროლისა, აშკარა და ზოგჯერ ნაკლებად აშკარა გაყალბებისა. ჩვენთანაც იყო სიტუაცია, როდესაც ოპოზიცია მოქმედ მთავრობასთან შედარებით ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად პროგნოზირებადი სჩანდა. ავღანეთის მსგავსად, საქართველო ხმების გაყალბების ფორმით მზარდი კორუფციის მოწმე გახდა, მაგრამ ითქვა რომ ეს უმნიშვნელო ადგილობრივი მახასიათებელი გახლდათ და არა სენი რომელიც უნდა განადგურდეს.

ვიდრე ქართველები არჩევანს აკეთებდნენ, ვაშინგტონში ფრთხილი განწყობა იყო. უნდა დაეგმო თუ არა ამერიკას თბილისის არჩევნები და იდეალური დემოკრატიისთვის რეგიონის სტაბილურობით გაერიკსა? მით უფრო იმ დემოკრატიისთვის, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მიღწევადი ვერ გახდებოდა?

საქართველოს შემთხვევაში პასუხი იყო - მკვეთრი არა. ხმები ჯერ დათვლილიც არ იყო, როდესაც შეერთებული შტატების ელჩმა მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხელახალი არჩევა მიულოცა. ამერიკელ დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მაგალითს მიბაძა და სააკაშვილისთვის მიცემული ხმების საბოლოო რაოდენობამ მოულოდნელ 53%-ს მიაღწია. ქართული ოპოზიციისთვის, ისევე როგორც საზოგადოებისთვის, ეს იმას ნიშნავდა, რომ თამაში დასრულებული იყო, მიუხედავად მათი დემონსტრაციებისა, რომლებიც მეორე ტურს დამსახურებულად მოითხოვდნენ. საქართველოს დემოკრატიას მეორე ასეთი შანსი არ მიეცემოდა.

თუმცა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მიიჩნიეს, რომ კავკასიაში სტაბილურობა შენარჩუნდა და საქართველოს დემოკრატიას შემდეგი მცდელობა მომდევნო გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნების დროს ექნებოდა, მაგრამ ორივე ვარაუდი არასწორი იყო. 2008 წლის აგვისტოში რეგიონი ქაოსში აღმოჩნდა, როდესაც სააკაშვილი კრემლის ხაფანგში გადაეშვა და სამხრეთ-ოსეთის გამო რუსეთთან ომი გააჩაღა. იმავდროულად, დემოკრატიული თავისუფლებები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიკვეცა, რამაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმური გახადა. ოპოზიციამ საკუთარ მანდატებზე უარი განაცხადა, რათა ხელი არ შეეწყო გაყალბებული არჩევნებისთვის.
წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოში გაურკვევლობაა - ერთდროულად, მუდმივი საშინაო აურზაურითა და მის ჩრდილოელ მეზობელთან პერმანენტული კონფრონტაციით. სტაბილურობა და დემოკრატია ისე შორს მოსჩანს, როგორც არასდროს.

ამერიკა კარგად უნდა დაფიქრდეს კავკასიის ამ გაკვეთილზე და ის ავღანეთში უნდა გამოიყენოს. წინასწარ მეორე რაუნდის აკრძალვა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და მის მთავარ კონკურენტს აბდულა აბდულას შორის, დემოკრატიის მექანიზმების მიმართ ნდობის ნაკლებობის მაჩვენებელია. ის ხელს უშლის იმას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია შესაძლო ალტერნატივად იქცეს (რაც, არც ისეთი შემთხვევითობაა, რომ ქართული ოპოზიციის მისამართით დღეს მთავარ ბრალდებად ისმის). ეს ასევე ცოტას თუ აკეთებს მოსახლეობის იმაში დასარწმუნებლად, რომ დემოკრატია მართვის ეფექტური საშუალებაა და ეს ასევე მზარდ ინდეფერენტულობასა და მტრულ განწყობებს აჩენს ნამდვილი დასავლელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც დემოკრატიას ქადაგებენ, მაგრამ მხოლოდ მანამდე, ვიდრე ძლიერი მეგობრების დაცვით არ დაინტერესდებიან და არა პრინციპების წახალისებით, რომლებსაც როგორც თავად ამტკიცებენ იცავენ. საარჩევნო პროცესისადმი სკეპტიკური და ცინიკური დამოკიდებულება, საეჭვოა ის განცდები იყოს, რომელთა გავრცელებაც შეიზლება ამერიკას აღმოცენებადი დემოკრატიების ხალხებში აწყობდეს.
საქართველომ ეს ამაზრზენი პროცესი შარშან გაიარა. ავღანეთში იგივე არ უნდა მოხდეს. გაკვეთილი ნათელია - ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე ვერ მიიღწევა. ვაშინგტონს უფრო მტკიცედ უნდა სწამდეს მართვის იმ ფორმის რომელსაც ქადაგებს, იქნება ეს ქაბულსა თუ თბილისში.

სალომე ზურაბიშვილი, 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. ის ახლა დემოკრატიულ ოპოზიციაშია და პოლიტიკური პარტიის "საქართველოს გზა”-ს ლიდერია.

ორიგინალი