Friday, September 11, 2009

ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს



მოსკოვი - ნაღდი ფულით გაპრიალებული ამხანაგობისა და პოლიტიკური ერთსულოვნების ეფექტური დემონსტრირებით, ხუთშაბათს რუსეთში ვიზიტის დროს ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა სეპარატისტული რესპუბლიკების აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ვენესუელა, რუსეთისა და ნიკარაგუას შემდეგ, მესამე ქვეყანაა რომელიც საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარე ორი პატარა რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ მისწრაფებებს აღიარებს. გაღატაკებული სამხრეთ-ოსეთი გასული ზაფხულის რუსულ-ქართული ომის ეპიცენტრში მოექცა, ხოლო მოსკოვს ორი რესპუბლიკის დე-ფაქტო ანექსიაში დასდეს ბრალი. "ჩვენ დღეიდან ვაღიარებთ ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას" - განაცხადა ჩავესმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის რეზიდენციაში შეხვედრის დროს.

რუსეთის ლიდერმა ჩავესს ენთუზიაზმით გადაუხადა მადლობა და სასწრაფოდ დაპირდა ტანკებისა და იარაღის მიყიდვას. "სხვა შეიარაღებასთან ერთად, ტანკებიც იქნება, რატომაც არა?" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა - "ჩვენ კარგი ტანკები გვაქვს, თუ ჩვენი მეგობრები შეგვიკვეთენ, ჩვენ მივაწვდით." მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არ გამოცხადებულა, წყარომ სამხედრო უწყებიდან საინფორმაციო სააგენტო, ”რია ნოვოსტი”-ს უთხრა, რომ ვენესუელა $500 მილიონის ტანკს შეიძენს.

ბანალური ქება-დიდება ნაკადად მოედინებოდა ჩავესის, მედვედევისა და რუსეთის ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს. მედვედევმა იმ გეგმის შესახებაც გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყნების ორმხრივი პროექტების დასაფინანსებლად ერთობლივი ბანკი გაიხსნება და მისი კაპიტალი $4 მილიარდის ტოლი იქნება. ”თუ საჭირო გახდება” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა - ”ნაღდი ფულის დეპოზიტი გაიზრდება.”

ვენესუელამ რუსეთს ასე საჭირო ლეგიტიმურობის ნაკუწი უსაჩუქრა - რუსეთს ხომ ასე უნდა, რომ მეამბოხე რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარონ.

საერთაშორისო საზოგადოების პასიურობა იმის დამამტკიცებელი საბუთია, თუ როგორაა იზოლირებული რუსეთი. მაგრამ მოსკოვი განაგრძობს ამ წამოწყების მხარდაჭერას, დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და მაგალითად კოსოვო მოჰყავს, რომლის დამოუკიდებლობაც სერბეთისგან ფართოდაა აღიარებული. "ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც საერთაშორისო სამართლის ეს ახლად შექმნილი სუბიექტები გადავარჩინეთ" - ხუთშაბათს განაცხადა მედვედევმა - "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში მათი მხარდაჭერა მატულობს." თავის მხრივ, ჩავესმა რუსულ ელიტაში მოარული მოსაზრება გაიმეორა და მოუწოდა, რომ რუბლი გლობალური სარეზერვო ვალუტის რანგში ავიდეს.
მან ბევრი ილაპარაკა "მულტიპოლარულ სამყაროზე," გაიმეორა ფრაზა, რომელიც პუტინის წყალობით პოპულარული გახდა, როგორც პირობითი აღმნიშვნელი იმისა, რომ ამერიკის გავლენამ იკლო, რის შედეგადაც ძალაუფლება რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის უფრო თანაბრად გადანაწილდა. და მოსკოვის სურვილების საბოლოო თანხმობის ნიშნად, ჩავესმა განაცხადა - "რუსეთი სუპერსახელმწიფოა." გარდა ამისა ჩავესმა შეერთებული შტატები იმაშიც დაადანაშაულა, რომ კოლუმბიაში ნარკო-ომს სამხედრო ბაზების დასაფუძნებელ მიზეზად ასახელებს და ამით ლათინურ-ამერიკასა და აფრიკაზე კონტროლის დამყარება უნდა. "რეალურად, მას მთელი მსოფლიოს გაკონტროლება უნდა" - განაცხადა ჩავესმა.

საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრი თავს დაესხა "დიქტატორის," როგორც თვითონ განაცხადა, გადაწყვეტილებას ეღიარებინა ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. "ამ აღიარებას, რომელიც რუსეთმა იარაღითა და ფულით იყიდა, არაფერი აქვს საერთო ვენესუელას ხალხის ნებასთან" - აღნიშნა თბილისში გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა.

ორიგინალი