Monday, September 21, 2009

ვარშავა და ვაშინგტონი: ილუზიების შემდეგ



ადამ ხმელევსკი

შეერთებული შტატების მიერ პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო ფართან დაკავშირებულ გეგმებზე უარის თქმა - მკაცრი გაკვეთილია.


შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ იმის გამოსაცხადებლად, რომ უარს ამბობს (ყველა შემთხვევაში მკვდრადშობილი) ანტი-სარაკეტო ფარის პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსებაზე, რომელიც თითქოსდა ირანისგან მომავალი საფრთხის გამო შემუშავდა, 2009 წლის 17 სექტემბერი - 1939 წელს პოლონეთში საბჭოთა ინტერვენციის დღე შეარჩია.
ამის პასუხად უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც შეერთებულმა შტატებმა საჭიროდ და კეთილშობილურ საქმედ ჩათვალა 1898-99 წლებში ფილიპინებზე შეჭრა, პრეზიდენტმა უილიამ მაკკინლიმ საბოლოო ჯამში ეს მომაკვდინებელი ნაბიჯი გაამართლა და განაცხადა რომ - ”საჭირო იყო ფილიპინელების გაქრისტიანება,” როდესაც ვიღაცამ აღნიშნა, რომ ისინი კათოლიკეები იყვნენ, მაკკინლიმ, როგორც ამბობენ ამას ასე უპასუხა - “დიახ და სწორედ ამიტომ უნდა გავაქრისტიანოთ!”

თუკი ამრიკელი პრეზიდენტების ისტორიის ცოდნის საშუალო დონეს გავითვალისწინებთ, მე არ ვარ მიდრეკილი ბარაკ ობამას ეს წლისთავზე გაკეთებული განცხადება უბრალო დამთხვევის გარდა, რაიმე სხვას დავუკავშირო და ამ თემაზე არანაირი პრეტენზია არც შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და არც მის ადმინისტრაციასთან არა მაქვს. ბოლოს და ბოლოს, არც ერთ ამერიკულ ადმინისტრაციას განსაკუთრებული ყურადღება პოლონელი ხალხის მტკივნეული განცდებისთვის არასდროს არ მიუქცევია. ამას არ აკეთებდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, ამიტომ მსგავს დამოკიდებულებას ვერც ბარაკ ობამას მთავრობას მოვთხოვთ.

მაგრამ ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკის შესანიშნავი გაკვეთილი იქნება პოლონეთის ფართო (და ხშირად ბრმა) პრო-ამერიკული მოსახლეობისთვის. 1939 წლის 17 სექტემბერი - დასავლეთიდან ნაცისტების შემოჭრიდან ორი კვირის თავი - პოლონურ ცნობიერებაში უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა, როგორც “ზურგში დანის ჩარტყმა” და შესაძლოა 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება ისტორიაში სამუდამოდ შევიდეს, როგორც “გულში დანის ჩარტმა.” მეტიც, ეს ძალიან კარგიცაა, რადგან ის პოლონელებს იმის გაგებას აიძულებს, რომ მათ არა აქვთ სხვა პოლიტიკური არჩევანი თუ არა გერმანელებთან და რუსებთან მეგობრობა და უარს იტყვიან თავის სულელურ “ორი მტრის” პოლიტიკაზე.

ორიგინალი