Friday, September 18, 2009

ობამამ უკუაგდო აღმოსავლეთ-ევროპაში სარაკეტო ფარის განთავსების ბუშისეული გეგმა



პრეზიდენტმა ობამამ პროექტი რომლის მიზანიც ირანის შესაძლო საფრთხესთან დაპირისპირება იყო, უკუაგდო და განაცხადა რომ ახალი საიდუმლო ინფორმაციის თანახმად, თეირანის ბირთვული შესაძლებლობები სტრატეგიის ცვლილებას მოითხოვს.

როგორც ვაშინგტონიდან იტყობინებიან, ობამამ უარი სთქვა თავისი წინამორბედის გეგმაზე, რომლის თანახმადაც ირანიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ აღმოსავლეთ-ევროპაში სარაკეტო ფარი უნდა განთავსებულიყო და ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახალი სადაზვერვო მასალის თანახმად, ისლამური რესპუბლიკა უფრო სწრაფად ავითარებს მოკლე და საშუალო დამიზნების სარაკეტო სისტემებს, რაც სანაცვლოდ უფრო რენტაბელურ და ზღვაში ბაზირებულ ინტერცეპტორებს მოითხოვს.

ამ ნაბიჯით უქმდება ძვირადღირებული და საეჭვო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის რესპუბლიკაში სარადარო სისტემა, ხოლო პოლონეთში ინტერცეპტორების საველე, დიდი სახმელეთო ბაზა უნდა აშენებულიყო. გეგმა, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობისას შეიქმნა, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა.

თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის განცხადებით, სახმელეთო ინტერცეპტორებზე, რომლებიც შორი დამიზნების რაკეტების განადგურებისთვის გამოიყენება, უარი ითქვა იმიტომ, რომ სადაზვერვო სამსახურებმა შეცვალეს ირანის ბირთვულ შესაძლებლობების შეფასება.

აღმოჩნდა, რომ ირანი ახლაც ავითარებს შორი დამიზნების სარაკეტო სისტემებს, მაგრამ უფრო ნელი ტემპით. გეითსმა განაცხადა, რომ ირანი უფრო სწრაფი ნაბიჯით მიიწევს წინ მოკლე და საშუალო დამიზნების ბალისტიკური სარაკეტო სისტემების შექმნისკენ, ისეთი სისტემის შექმნისკენ, როგორიცაა Shahab-3.

"ეს ჩვენს ჯარს ევროპის კონტინენტზე, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებს უფრო უშუალო და უფრო მზარდ საფრთხეს უქმნის" - განაცხადა მან.

მაგრამ ბუშის ეპოქის საკვანძო საგარეო პოლიტიკის უარყოფა, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ისე აღიქვა, როგორც ირანის ბირთვული ამბიციების ალაგმვის პროცესში რუსეთის გადაბირებისა და მისი მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა.

ობამას ადმინისტრაცია საჯაროდ უარყოფს, რომ გადაწყვეტილება რუსეთს უკავშირდება, მაგრამ პენტაგონში პირად საუბრებში, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი რწმენით მოსკოვს დაითანხმებენ, მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებაზე თეირანზე ზეწოლის განსახორციელებლად. "ეს რუსეთს არ უკავშირდება. საუბარი ირანზე მიდის და იმაზე, თუ რა მოვუხერხოთ ირანს" - ამბობს სამხედრო უწყების ჩინოვნიკი - "ვინ შეიძლება ირანთან დაიჭიროს საქმე? რუსეთმა."

ობამამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება გეითსისა და მაღალი რანგის სამხედრო მეთაურების რჩევას ეფუძნება. ისინი კი ამტკიცებენ, რომ ირანმა შეანელა შორი დამიზნების რაკეტების შექმნის პროცესი, არადა სწორედ ამ რაკეტებმა უბიძგა ბუშის ადმინისტრაციას დაეგეგმა რთული სახმელეთო სისტემა, რომელიც აღმოსავლეთ-ევროპაში, ახლო-აღმოსავლეთისგან მოშორებით უნდა განთავსებულიყო.
ახალი გეგმის პირველ ფაზაში, რომელიც 2011 წლისთვის განხორციელდება, აშშ გამოიყენებს საზღვაო (Navy's Aegis ) სარაკეტო თავდაცვით სისტემას და Standard Missile-3-ის ინტერცეპტორებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში, ირანის სიახლოვეს ძირითადად გემებზე მოკლე დამიზნების სისტემებთან საბრძოლველად განთავსდება. 2018 წლისთვის აშშ SM-3-ის ახალი ვერსიის განთავსებასაც იმედოვნებს, ეს სისტემა კი უფრო იაფია, ვიდრე ბუშის ეპოქის საზღვაო და სახმელეთო ინტერცეპტორები.
ზოგიერთი გარეშე ექსპერტი ამბობს, რომ პოლიტიკის ცვლილება არა იმდენად ირანის შესახებ მოპოვებულ ახალ საიდუმლო ინფორმაციას ეფუძნება, არამედ იმ ფაქტს, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია უფრო მისაღებია.
"ოთხი წლის წინ ამ ტიპის ანალიზი მთლიანად მიუღებელი იქნებოდა, რადგან ის აღმოსავლეთ-ევროპაში სისტემის დაფუძნების მთავარ მიზეზს მოსპობდა" - ამბობს დევიდ ოლბრაითი, მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტი - "ახლა მთელ ჯგუფს ამგვარი ინფორმაციის მიღება ახარებს. მათ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა სურთ."
მოსკოვი თავდაპირველ გეგმას მისი არსენალისთვის პოტენციურ საფრთხედ აღიქვამდა, მოსაზრება რომელიც აშშ-ს წარმომადგენლების არა ერთი განცხადების თანახმად, სრულიად უსაფუძვლო იყო. კრემლი ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველა მიმართულებით მოქმედი რადარის აშენებას აპროტესტებდა, რადგან მას რუსეთის ტერიტორიის გაკონტროლება შეეძლო. ”ახალი სისტემა კი გამოიყენებს რადარს, რომელიც რუსეთის ნაცვლად ირანისკენაა მიმართული” - ამბობენ აშშ-ს თავდაცვის უწყების ჩინოვნიკები.
მიუხედავად იმისა რომ ირანის დარწმუნების პროცესში, ობამას ადმინისტრაციას უარი ეთქვა თავის ბირთვულ პროგრამეზე, ის არ უნდა მოელოდეს დახმარების შესახებ დაუყოვნებლივ საჯარო განცხადებებს.
თუმცა თეთრი სახლის პრეს-მდივნის რობერტ გიბსის ვარაუდით, უკვე მოვიდა დრო როდესაც რუსეთის წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ თავისი დამოკიდებულება ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა.

"მე ვფიქრობ, რომ რუსები მომავალ რამდენიმე კვირაში აპირებენ ამ შანსის გამოყენებას და იმის გადაწყვეტას, თუ რამდენად კონსტრუქციულები უნდათ, რომ იყვნენ ირანთან დაკავშირებით" - განაცხადა გიბსმა.

ორი სახელმწიფო და სხვა დასავლური ქვეყნები, ირანთან 1 ოქტომბერს იწყებენ მოლაპარაკებებს, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ელოდნენ.

იანუშ ბუგაისკის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, ახალი დემოკრატიული პროექტების დირექტორის თქმით, ის იმედოვნებს რომ ობამას ადმინისტრაცია პრივატულად მოსთხოვს რუსებს ირანზე ზეწოლის განხორციელებას, რათა მან სარაკეტო და ბირთვული პროექტები შეაჩეროს, მაგრამ ბუგაისკი ამბობს, რომ მოსკოვის ინტერესები ირანში ვაშინგტონის იდენტური არ არის.

"რუსეთს ირანთან დაკავშირებით სხვა გეგმა აქვს" - ამბობს ის - "ისინი ირანის იარაღით ასე შეშინებულები არ არიან. მათთვის მომგებიანია, როდესაც ირანი ისე იქცევა, როგორც მავნებელი."

ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა შეაქო. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს ამერიკასა და რუსეთს ირანიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობის საშუალებას აძლევს.
მაგრამ ამას აღმოსავლეთ-ევროპაში, სადაც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ლიდერები ფართოდ გავრცელებულ საწინააღმდეგო პოზიციას არ დაემორჩილნენ და აშშ-ს სარაკეტო ფარის კომპონენტების მათ მიწაზე განთავსებას დაეთანხმნენ, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"ამერიკელებს ეს ტერიტორია, აღარ აინტერესებთ ისე როგორც წინათ" - ამბობს ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი, რომლის მთავრობამაც ხელი მოაწერა რადარების სისტემის განლაგების გეგმას. "ეს ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ცუდი ამბავია."
აშშ-ში კონგრესის გეგმას რესპუბლიკელებმა შეუტიეს, ობამას აღმოსავლეთ-ევროპელი მოკავშირეების მიტოვებაში და ირანის შესაძლებლობებთან და განზრახვებთან დაკავშირებით მიამიტობაში დასდეს ბრალი.

"როგორც სჩანს, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების ხარჯზე რუსეთი და ირანი გააძლიეროს" - განაცხადა რესპუბლიკელმა ჰოვარდ მაკკეონმა, კონგრესის შეირაღებული ძალების კომიტეტის მთავარმა წარმომადგენელმა.

მაგრამ ობამა ამტკიცებს, რომ ახალი გეგმა შეცვლილ საფრთხეებს გაუმკლავდება.
"ჩვენი ახალი სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, ამერიკულ ჯარსა და ამერიკელ მოკავშირეებს უზრუნველყოფს უფრო ძლიერი, უფრო გონივრული და უფრო სწრაფი დაცვით" - განაცხადა მან, როდესაც ცვლილებაზე განცხადებას აკეთებდა.

ამ ბოლო წლებში, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები ხაზს უსვამდნენ ირანის საშუალო და ახლო დამიზნების რაკეტებიდან მომდინარე საფრთხეს. 2008 წელს სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა აღმოაჩინა, რომ ირანი სრულყოფს სისტემას, რომელსაც შეუძლია დარტყმა მიაყენოს ჩრდილო-აფრიკასა და ევროპის ნაწილს, წელს ის მუდმივად ახდენდა ამ შესაძლებლობების დემონსტრირებას, როდესაც სარაკეტო სისტემების გამოცდას ატარებდა.

მაისში ირანმა ორსაფეხურიანი სარაკეტო სისტემა Sejil-2 გამოსცადა, რომელსაც როგორც ითვლება 2 200 ფუნტი ტვირთის გადატანა და 1 200 მილის მოშორებით არსებული ობიექტების მიზანში ამოღება შეუძლია.

გეითსმა განაცხადა, რომ 2006 წლის შეფასებებისგან განსხვევებით სადაზვერვო სამსახურების შეხედულებები შეიცვალა - ის შეერთებული შტატებისთვის, ბალისტიკური სარაკეტო საფრთხეების ეროვნული სადაზვერვო სამსახურების გათვლებზე მიანიშნებდა.
სადაზვერვო სამსახურმა აშშ-ს მთელი სადაზვერვო სამსახურების საერთო ხედვა წარმოადგინა და ეს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დოკუმენტს წარმოადგენს.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ირანი შესაძლოა ამ სარაკეტო სისტემებს შეერთებული შტატების ან ევროპის დასაშინებლად ავითარებდა და არა იმისთვის, რომ ახლო-აღმოსავლეთში ავტორიტეტი შეენარჩუნებინა.

თეოდორ პოსტოლი, მეცნიერებისა და ნაციონალური უსაფრთხოების პროფესორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ამბობს, რომ ირანი მოკლე და საშუალო დამიზნების რაკეტებს ისრაელის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის დასაშინებლად ავითარებს.

"ამ ტიპის სარაკეტო სისტემების მთავარი სარგებელი იმაშია, რომ ირანი განამტკიცებს თავის ბერკეტებს, როგორც ახლო-აღმოსავლეთის სახელმწიფო" - ამბობს პოსტოლი.
მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ევროპის ქვეყნების დაშინება და პროვოცირება სურს.
"რატომ უნდა გინდოდეთ ევროპელებზე თავდასხმა? გინდათ, რომ გაგანადგურონ?" - ამბობს ის.

ორიგინალი