Saturday, September 19, 2009

აშშ-ს სარაკეტო სისტემა და რუსეთის მიერ მოპოვებული უპირატესობა



მაიკ ეკლი

მოსკოვი - შეერთებულმა შტატებმა რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების გეგმაზე უარი სთქვა და კრემლმა ზუსტად ის მიიღო, რაც უნდოდა კრემლს დრო ამაოდ არ დაუკარგავს და იმის დემონსტრირება სცადა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, რომ საპასუხოდ არაფერი დაუთმია და რეალურად უფრო მეტის მისაღებად ვაშინგტონზე აპირებს ზეწოლას.


ობამას ადმინისტრაციის ხუთშაბათის გადაწყვეტილების მიღმა, რომლის თანახმადაც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში თავდაცვითი სარაკეტო ფარის განთავსების იდეა უარყოფილია, ირანი და მისი ბირთვული განზრახვები იკვეთება. ზედაპირიდან არც თუ ისე შორს, უფრო ღრმად ისეთი პრობლემებიც ტივტივებს, როგორიცაა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების, ვაშინგტონის უერთგულესი მოკავშირეების ბედი და მათი შიშები, რომელიც მათ უზარმაზარ, აღმოსავლელ მეზობელს უკავშირდება.

როგორც სჩანს, დღეისთვის რუსეთი უპირატეს პოზიციაშია - კრემლს შეუძლია ხმამაღლა იზეიმოს შიდა აუდიტორიასთან ამერიკელების დათმობების გამო და ნიშანი მოუგოს მეტიჩარა პოლონელებს. თეთრ სახლს კი მოსკოვისგან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ირანი და სხვა რთული საერთაშორისო პრობლემები უფრო მეტი თანამშრომლობის იმედი აქვს, თუმცა ამაში დარწმუნებული ვერავინ იქნება.

აღმოსავლეთ-ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხინჯი იყო აშშ-რუსეთის ურთიერთობებში - მოსკოვი გაუთავებლად და აღშფოთებით იმეორებდა, რომ სისტემა სრულიად არაფექტურია ირანის წარმოსახვითი საფრთხის კონტექსტში და საშინელ საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

შარშან არჩევნებში ბარაკ ობამას ისტორიული გამარჯვების მეორე დღესვე, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, მილოცვის მაგიერ, ხელთათმანი ისროლა და განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი არ შეაჩერებს სისტემის განთავსებას, ის პოლონეთის საზღვართან მოკლე დამიზნების სარაკეტო სისტემას ისკანდერს დააყენებს.

იმ დღეს, როდესაც ობამამ გეგმის უარყოფის შესახებ გააკეთა განცხადება, მედვედევმა შენიშნა, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო - თვითკმაყოფილი რეპლიკა, რომელშიც არავითარ დათმობაზე ლაპარაკი არ მიდიოდა და რომელიც ისე ჟღერდა, თითქოს გზააბნეულ მოზარდს ნოტაციას უკითხავდნენ.

ზუსტად ასეთივე უკმეხი ტონი ჰქონდა მის ინტერვიუს შვეიცარულ მედიასთან. ეს ინტერვიუ პარასკევს კრემლის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა და მასში ნათქვამი იყო, რომ - "თუ ჩვენი პარტნიორები ჩვენს რომელიმე პრობლემას ყურს მიუგდებენ, მაშინ ჩვენც უფრო ფრთხილად განვიხილავთ იმას, რაც მათ აშფოთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს პრიმიტიულ კომპრომისებსა და ვაჭრობას."

"ჩვენ საკმაოდ ზრდასრულები ვართ საიმისოდ, რომ ერთი გადაწყვეტილება პირდაპირ არ დავუკავშიროთ მეორეს" - განაცხადა მან - "მაგრამ პოლიტიკაში ყოველთვის მიდის ქულების დათვლა. ეს ასევე ცხადია."

პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ყოველთვის ცდილობს მედვედევამდე, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული განცხადება პრეზიდენტივით გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება შეაქო, მაგრამ იქვე მოითხოვა მეტი, მაგალითად ცივი ომის დროს დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება.

"მე ვიმედოვნებ, რომ ამ მართებულ და გაბედულ ნაბიჯს სხვებიც მოჰყვება, მაგალითად რუსეთთან თანამშრომლობის შეზღუდვების სრული გაუქმება, მათ შორის რუსეთისთვის მაღალი ტექნოლოგიების გადაცემაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, ისევე როგორც (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის) გაფართოვების მხარდაჭერა რუსეთის ბელორუსიისა და ყაზახეთის მიღებით" - საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა პუტინმა.
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიღმა დარჩენილი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და მოსკოვი ამაში ვაშინგტონს ადანაშაულებს.

გაურკვეველია რა სახის კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ობამას ხუთშაბათის განცხადებამდე. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ quid pro quo-ს ადგილი არ ჰქონია.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში მედვედევის მრჩეველმა სერგეი პრიხოდკომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი კრემლისგან "თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ახლად შექმნილი შესაძლებლობის დაკვირვებულ განხილვას მოითხოვს."

პარასკევს კი გამოცხადდა, რომ რუსეთი აღარ განალაგებს თავის სარაკეტო დანადგარს ისკანდერს პოლონეთის საზღვარზე, მაგრამ ეს მხოლოდ მუქარა იყო და არა რეალური გეგმა.
ნეილ მაკფარლეინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთის ექსპერტი ამბობს, რომ - ”ობამას გადაწყვეტილება უფრო ტექნიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე რუსეთთან რაიმე სახის გარიგებისას.”

"რაიმე განსაკუთრებული quid pro quo? ეჭვი მეპარება" - ამბობს ის - "მოჰყვა ამას თვალის პაჭუნი და თავის ქიცინი? მე არაფერი ვიცი."

თუ ვაშინგტონს სადმე რუსეთის დახმარების იმედი აქვს, ეს ირანთან დაკავშირებით სერიოზული მხარდაჭერის იმედია, მასზე ისეთი ზეწოლის განხორციელების აუცილებლობა, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას შეაწყვეტინებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და სამი სხვა ქვეყნის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების საგარეო საქმეთა მინისტრებს ნიუ-იორკში მომავალ კვირას შეხვდება - მათ ირანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

მაგრამ ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, თეირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ შეთავაზებული უფრო სასტიკი ზომების მხარდაჭერას აპირებს, არ სჩანს. პრიხოდკოს არ მიუნიშნებია, რამდენად შეიძლება დაუახლოვდეს მოსკოვის პოზიცია აშშ პოზიციას, ხოლო ლავროვმა ობამას გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთებულ განცხადებაში, არაფერი ახალი არ სთქვა.

"არსებობს შანსი ისეთი მოლაპარაკებების წარმოებისა, რომელიც შედეგად გამოიღებს შესაბამის შეთანხმებას, რაც იმაში დაგვარწმუნებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს" - განაცხადა ლავროვმა - "ეს საბედისწერო შეცდომა იქნებოდა, სანქციების სასწრაფო დაწესებით, ასეთი შანსი ხელიდან გაგვეშვა."
იმ დროს, როდესაც რუსეთი შესაძლოა კმაყოფილებას განიცდის, ისეთი ქვეყნები როგორებიცაა პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა შიშობენ, რომ ობამას გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამუქებს მათ თავს ჩამოწოლილ რუსეთის ჩრდილს.

პარასკევს იმავე პოლონურ ტაბლოიდში, რომლის ერთ-ერთი სტატიის სათაური გაჰკიოდა - "ღალატი! აშშ-მ ჩვენი თავის რუსებს მიჰყიდა და ზურგში დანა ჩაგვარტყა" - პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი წერდა, რომ პოლონეთი სახიფათო "ნაცრისფერ ზონაში" მიატოვეს.

ამგვარი შიშები უკრაინასა და საქართველოში უფრო მწვავეა. ორივეს ნატო-ში გაწევრიანება სურს, თუმცა მოსკოვი მათ თავისი ისტორიული გავლენის სფეროს ნაწილად განიხილავს.
"რუსეთი ალბათ ახლო მომავალში უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში შესვლის აკრძალვის ლობირების უფლებასაც მოიპოვებს" - ამბობს ვიქტორ ჩუმაკი, კიევის პოლიტიკურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი - "ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-ში შესვლის შესაძლებლობას ვკარგავთ."

საქართველომ მაგალითად თავისი მომავალი აშშ-ს დაუკავშირა და სტრატეგიულ სამხრეთ-კავკასიაში რუსეთის დომინირებას უპირისპირდება. ბევრი იმედოვნებდა, რომ აშშ საქართველოს რუსეთთან გასული წლის ომში, უფრო მეტად დაეხმარებოდა. ამ ომის შედეგად საქართველომ თავისი სეპარატისტული რეგიონები სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი დაკარგა.

თემურ იაკობაშვილი, საქართველოს მთავრობის მინისტრი, რომელსაც ამ რეგიონებზე კონტროლის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა ევალება ამბობს, რომ - ”გასული წლის ომის დროს და სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით ვაშინგტონი რუსეთთან დათმობებზე წავიდა.” ის აცხადებს, რომ მოსკოვი ახლა უფრო მეტ დათმობას მოითხოვს.
"არა მგონია ისინი მხოლოდ ამით დაკმაყოფილდნენ" - განუცხადა მან The Associated Press.

ორიგინალი