ბერნარდ დრანი
ომებისა და მშვიდობის კვინტესენცია კავკასიაში, იმპერიები, ხალხები და ერები.
თურქეთი კავკასიაში უკვე მთავარი მოთამაშეა. ამას აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკაც ადასტურებს, სადაც თურქეთი პირველი ინვესტორია და იგივეს მოწმობს სომხეთთან სასაქონლო ბრუნვაც, მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყნებს შორის საზღვრები დახურულია. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუკი თურქეთში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდა სომეხ ემიგრანტთა რაოდენობას გაიხსენებთ (60 000). ამ რიცხვმა იქ ადრე მცოხვრებ სომეხთა რააოდენობას (50 000) გადააჭარბა
დღეს, თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული პოლუსია და არსებულ კონფლიქტებში შუამავლის მაღალი პოტენციური შესაძლებლობები გააჩნია. რა თქმა უნდა, თურქული საზოგადოებრივი აზრი ”მოძმე აზერბაიჯანელების” მხარესაა და თურქული რადიკალური ნაციონალისტური მიმდინარეობები მტრულად არიან განწყობილები ”სომეხი მტრების” მიმართ. რასაკვირველია, თურქეთში წარმოდგენილი აფხაზური დიასპორა ”მოძმე აფხაზებს” თანაუგრძნობს, მაგრამ პრეზიდენტი გიული, პრემიერ-მინისტრი ერდოგანი და ”ისლამურ-დემოკრატიული” მთავრობა, ბალანსის პოლიტიკას ინარჩუნებს და ძალიან ფრთხილია. მათ მხარი არ დაუჭირეს ბუშისა და სააკაშვილის კონფრონტაციულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. თურქები, ფრანგების და გერმანელების მსგავსად, საქართველოს ნატო-ში სწრაფი და პროვოკაციული ინტეგრაციის იდეას წინ აღუდგნენ, მაგრამ ისინი რეგიონის დესტაბილიზაციის სასარგებლოდ არ იმოქმედებენ და მათთვის სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის აღიარების და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოს მიტოვების თემაც არ დგას.
2008 წელს, თურქეთი უმოქმედოდ არ მჯდარა. გაზაფხულზე, სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე მოკრძალებული მოლაპარაკებები 6 სექტემბერს, ერევანში, სომხეთ-თურქეთის საფეხბურთო მატჩზე თურქეთის პრეზიდენტის დასწრებით გაგრძელდა. 24 ივლისს, სამხრეთ-ოსეთში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სარკინოგზო კავშირის გახსნა აღინიშნა. რეგიონის ეკონომიკურად ყველაზე მძლავრი სახელმწიფო თურქეთი, თანდათან მთელს სივრცეზე - უკრაინაიდან-ირანამდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა.
ახლო-აღმოსავლეთისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ ბუშს ერაყის საკითხში, უკან ბრმად გაყოლაზე უარი განუცხადა. სამაგიეროდ, ყველამ ნახა თურქეთის დიპლომატიის მოქნილობა, როდესაც მან ისრაელსა და სირიას ერთმანეთთან დაკონტაქტების, ჰამასთან საერთო ენის გამონახვაში დაეხმარა და თეირანთან, მიუხედავად მათ შორის არსებული მეტოქეობისა (2008 წლის 15 აგვისტოს ირანის პრეზიდენტი ანკარას სტუმრობდა) ურთიერთობა შეინარჩუნა, მაგრამ ისრაელის აგრესიამ ღაზას სექტორში შესამჩნევად ავნო თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებს და როგორც ამას თურქი ჟურნალისტი სენჟიკ სანდარი აღნიშნავდა, ებრაული სახელმწიფო თურქეთის რეგიონალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ დისტანცირებულია ისრაელისგან, ”ისრაელის წონის” მოსინჯვას შეეცადა. მიუხედავად ისრაელის მუქარისა, რომ სომხების გენოციდის აღიარების საკითხში ზეწოლას განახორციელებდა შეერთებულ შტატებზე (ამით სომხეთთან დაახლოების კურსს ჩაშლიდა), ერდოგანის ქურთული პოლიტიკის კრიტიკით და გარკვეული დოზით ქურთი ნაციონალისტების წაქეზებით, ისრაელმა ვერაფერს მიაღწია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2004 წელს, კვიპროსის საკითხის დარეგულირებისადმი მიძღვნილი რეგლამენტი (იმ დროს კვიპროსელმა ბერძნებმა ის უარყვეს), რომელსაც ერდოგანმა მხარი დაუჭირა, შეიძლება კავკასიისთვის მოდელი გამხდარიყო. ნიქოზიის ხელისუფლებაში AKEL-ის პროგრესისტების მოსვლით, ამ პერსპექტივას განცხორციელების შანსი აქვს, თუკი რა თქმა უნდა, თურქეთის არმიის ზეწოლა და ქემელისტთა ოპოზიცია თურქეთში, ამ პროცესის დაბლოკვას ვერ შესძლებს.
მეტიც, თუკი ბუშის გუნდი თურქეთის დამოუკიდებელ პოლიტიკას და შუამავლის პოზიციას ნეგატიურად აღიქვამდა, ის კარგად შეესაბამება ობამას ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ძალიან ნიშანდობლივი იყო ობამას თურქეთში ვიზიტი, მის ევროპულ ტურნეს, ლონდონში ”დიდი ოცეულის” შეხვედრაზე და სტრასბურგში ნატო-ს სამიტზე დასწრების შემდეგ. თურქეთის რეგიონალური გავლენის გაფართოვება, მას ევროკავშირთან მოლაპარაკებებში კარგ პოლიტიკურ წინაპირობას უქმნის. თურქეთი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განვითარებისთვის შეუცვლელი მოთამაშე ხდება. ასე რომ თურქოფობ სარკოზის, თურქეთის ამ ახალ რეგიონალურ წონასთან შეგუება მოუწევს.
თურქეთი აღარ არის აგრესიული დამპყრობლის მდგომარეობაში, ის თანდათან ემიჯნება იმპერიის ამ უკანასკნელ კომპლექსს. ქემალისტთა რევოლუციის მიუხედავად, ის ამ იმპერიულ კომპლექსთან დამშვიდობებას მაინც აგვიანებდა. 1914 წლისგან განსხვავებით, ის აღარ ოცნებობს იმპერიის შექმნაზე, რომლის შემადგენლობაშიც თურქოფონი მოსახლეობა გაერთიანდებოდა; აღარ არის მის მეტოქე რუსეთთან მუდმივად წინა საომარი მდგომარეობის რეჟიმში, როგორც ეს სამი საუკუნის განმავლობაში, 1989 წლის ჩათვლით ხდებოდა. თანამედროვე თურქეთის პოზიცია ზოგადად სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა. ევროპული არჩევანი პრიორიტეტია, განსაკუთრებით საშუალო ბურჟუაზიისთვის (რომელიც ხელისუფლებაში მყოფი ისლამისტური პარტიის სოციალურ და საარჩევნო ბაზას წარმოადგენს და ინტელექტუალებს, დემოკრატიული მიმდინარეობების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ასოციაციების წარმომადგენლებს აერთიანებს). თურქული სახელმწიფოს ეს არჩევანი ჯერ კიდევ 1948 წელს, მისი ევროსაბჭოში მიღების, 1963 წელს - ევროპულ თანამეგობრობასთან პარტნიორული შეთანხმების ხელმოწერის და 1966 წელს - ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების ხელმოწერის დროს გაცხადდა. თურქებისთვის ეს პრიორიტეტი არ ნიშნავს აღმოსავლეთისთვის კარის დახურვას: ის ღიაა საერთო ეკონომიკური სივრცისთვის ცენტრალურ აზიასთან, ასევე რუსეთთან, უკრაინასთან და ა.შ. და ის, რომ ეს ეკონომიკური სივრცე უკვე ფართოდ ფუნქციონირებს, სტამბულის დიდი ბაზრის მაგალითზეც კარგად ჩანს, თურქეთი ინარჩუნებს ”ლიდერის” როლს თანამედროვე მუსულმანური ქვეყნების თანამეგობრობაში. თუკი ევროპა თურქეთს საკუთარი თავის ანაბარა დატოვებს, არსებობს ვარაუდი, რომ დანარჩენი ორი მიმართულება სხვაგვარი ფორმით განვითარდება, რაც ევროპულისგან განსხვავებული იქნება და შესაძლოა მისი საპირისპიროც კი?
ორიგინალი